პა პე პი პლ პო პრ
პოე პორ

პორტრეტი

მოქმედი პირის გარეგნობის, სახის, ტანსაცმლისა და მოძრაობის აღწერა.

ნაწარმოების გმირის გასაცნობად, მის შინაგან თვისებებთან ერთად, მწერალი, აგრეთვე გვიხატავს მის გარეგნობას: სახეს, ტანადობას, ტანსაცმელს, თმის ფერს, გამომეტყველებას და სხვ. აი, პორტრეტის ერთ–ერთი ნიმუში:

„თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი – უკაცრავად არ ვიყო ამ სიტყვაზედ – როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებას. თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო. წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაშა ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლიანებული, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად განივრად გადმოგდებული დიდად პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი მსხვილი ფეხები – ეს ყოველი ერთად და თვითეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერი სულის” ღირსეული სამკაული”. – (ილია).

ილიამ არანაკლებ ოსტატურად გადმოგვცა ლუარსაბის შინამოსამსახურის – ლამაზისეულის პორტრეტიც.

როგორც პორტრეტის დახატვის, ისე საერთოდ, სახასიათო თვისებათა შერჩევის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის დამოკიდებულებას ცხოვრების სინამდვილისადმი და, კერძოდ, მოქმედი პირისადმი. პორტრეტი და, საერთოდ, დახასიათება მუდამ გამომდინარეობს თვით სინამდვილის თავისებურების საფუძველზე ავტორის მიერ გამომუშავებული მსოფლმხედველობიდან. როდესაც ავტორი უარყოფით დამოკიდებულებაშია მის მიერ აღწერილი სინამდვილის ამა თუ იმ მოვლენისადმი, ამ მოვლენის გამომხატველი მოქმედი პირიც უარყოფითი თვისებებით ჰყავს დახატული.

ილია წინააღმდეგია ბატონობის, ამიტომ მებატონეც უარყოფითი თვისებებით ჰყავს დახასიათებული. სამაგიეროდ, როგორ გვიხატავს იგი მხნე, გამრჯე, ხალხის მოამაგე, ხალხისათვის თავდადებული, სრულქმნილი ადამიანის პორტრეტს „გლახის ნაამბობში” გამოყვანილი მღვდლის სახით:

„იმ დალოცვილმა ხელი დამიქნივა, მე ვიშვლიპე ქუდი და, როგორც სალდათი უფროსს, ისე ქუდმოხდილი გამოვეჭიმე. იმან თავის ხელით ქუდი თავზე დამახურა. მაშინ კი თვალი გავუსწორე. რა გითხრათ, რა კაცი დავინახე ჩემს წინ!.. ხატებს რომ ჰხატავენ, ის იყო! მადლით, მადლით იყვნენ სავსენი იმის ჩაფიქრებული თვალები! დიდი მადლი უნდა უტრიალებდეს კაცს გულში, რომ ისე გამოსცეს, გამოატანოს თვალებს, როგორც იმის თვალებისათვის გამოეცა და გამოეტანა. არ ვიცი, ჩაგონებული რომ ვიყავ, იმისთვის მეჩვენება ეს კაცი ხატად, თუ რა, ეს კი ვიცი, რომ აქამდინაც გულში ისე ჩამრჩა ჩასახული, როგორც პირველად ვნახე. წარმოსადეგი კაცი იყო, გამხდარი სახე ცოტა ფერმკრთალი ჰქონდა. ნაღველს ცოტაოდენად ხელი გაეკრა, როგორც ემჩნევა ხოლმე მუდამ ზრუნვას ნაჩვევსა და სხვის გულის შემატკივარსა. შავი წვერი ჯერ არ ჩამოზრდოდა, ისე ახალგაზრდად მეჩვენა. თავიდან ფეხებამდინ ისეთი სანახაობა ჰქონდა, როგორც მზე მზეუჭვრიტასა, კაცის გულს ერთის ნახვითვე თავისკენ მიიბრუნებდა”.

მღვდლის გარეგნობა პორტრეტის ამ ნიმუშში შეთანხმებულია მისი შინაგანი ხასიათის მიმზიდველობასთან, მის ღრმა ცოდნასთან, საღი მსჯელობის უნართან, მაღალ იდეებთან, მისი სიტყვისა და საქმის ერთიანობასთან.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9