ლე ლი
ლირ ლიტ

ლიტერატურული მეთოდი

ლიტერატურული ნაწარმოების მეშვეობით სინამდვილის ასახვის თავისებური გზა. („მეთოდოს” ბერძნულად ნიშნავს გზას).

ამა თუ იმ მწერალს ან მწერალთა ჯგუფს სინამდვილის ასახვის სხვადასხვა პრინციპი, სხვადასხვა გზა ახასიათებს. ზოგიერთი მწერალი უშუალოდ გვიხატავს ადამიანთა ცხოვრებას, ცხოვრების სინამდვილეს, ზოგი მათგანი კი, პირიქით, უშუალოდ არ გვიხატავს ცხოვრების სინამდვილეს, ზურგს აქცევს მის გარშემო არსებულ რეალურ მოვლენებს და, სინამდვილის ნაცვლად, გვიხატავს მხოლოდ იმას, რაც არ არის, მაგრამ სასურველია, რომ იყოს. ამ სასურველს, ანუ იდეალურს იგი უპირისპირებს ხშირად მისთვის მიუღებელი ცხოვრების სინამდვილეს და შემოქმედებაში მთავარ მნიშვნელობას გრძნობას და ოცნებას, ფანტაზიას და პირად განწყობილებას ანიჭებს.

ლიტერატურის ისტორიაში სინამდვილის მხატვრულად ასახვის სხვადასხვა მეთოდს ვხვდებით: მათ შორის მთავარია რომანტიზმი და რეალიზმი.

ლიტერატურული მეთოდი მიმდინარეობისა და მიმართულებისაგან განსხვავების მიზნით უკანასკნელ ცნებებთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. თუ ლიტერატურული მიმდინარეობა მეტად ხანმოკლეა, მიმართულება კი უფრო ხანგრძლივია, მეთოდი ცხოვრების მოვლენათა შერჩევის, შეფასებისა და გამოსახვის ისეთი თავისებურებაა, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების ყველა საფეხურს წვდება.

რეალიზმი, როგორც მხატვრული მეთოდი, თავისებური ფორმით არსებობდა ანტიკურ ეპოქაშიც. (ჰომეროსის პოემები), საშუალო საუკუნეებშიც („ვეფხისტყაოსანი”), დასავლეთ ევროპის რენესანსის ხანაში (ბოკაჩიო, შექსპირი), ფრანგული კლასიციზმის ბატონობის დროს (მოლიერი). განსაკუთრებით განვითარდა XIX და XX საუკუნეებშიც და იარსებებს მომავალშიც.

მხატვრული ნაწარმოები, რომელი ეპოქისაც არ უნდა იყოს, რომელიმე მეთოდის საფუძველზე წარმოიქმნება. ან რეალისტური იქნება, ან რომანტიკული, ერთ–ერთი ელემენტი უფრო ჭარბად გამოვლინდება, მეორე ნაკლებად.

მხატვრული მეთოდი, როგორიც არის რომანტიზმი და რეალიზმი, თავის შიგნით ითავსებს სხვადასხვა მიმართულებებს (მაგ. რეალიზმი ითავსებს კლასიციზმს, კრიტიკულ რეალიზმს), ხოლო მათ პარალელურად, რომანტიზმისა და რეალიზმის ფარგლებში ჩნდება აგრეთვე უფრო ხანმოკლე გაერთიანებანი (სიმბოლიზმი, ფუტურიზმი).
იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, პოემა, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9