კა კე კვ კი კლ კო კუ
კლა

კლასიციზმი

XVII-XVIII საუკუნეებში გაბატონებული მიმართულება, რომელთა მიმდევრები ძველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებს უმაღლესი და სრულქმნილი ხელოვნების ნიმუშად თვლიდნენ და ბაძავდნენ მათ.

კლასიკოსს, საერთოდ, ისეთ მწერალს უწოდებენ, რომლის ნაწარმოები სანიმუშო და მიბაძვის ღირსია. ძველი რომისა და საბერძნეთის მწერლები გამოჩენილი მწერლები–კლასიკოსები იყვნენ. ამ მიმართულებას მეორე სახელსაც უწოდებდნენ. იგი დიდხანს იყო ცნობილი „ცრუ კლასიციზმის„ სახელწოდებით.

კლასიციზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება პირველად განვითარდა XVII საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში.
ფრანგული კლასიციზმის თეორეტიკოსი და მეთაური ბუალო იყო. მან დაწერა „პოეტური ხელოვნება”. ამ თხზულებაში ბუალომ ჩამოაყალიბა პოეტური ხელოვნების ის კანონები, რომლითაც სარგებლობდნენ მისი სკოლის მწერლები; მათ შორის განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ: კორნელი, რასინი, მოლიერი და სხვ.

ფრანგული კლასიციზმის წარმომადგენელმა მწერლებმა შეიმუშავეს ლიტერატურის ახალი თეორია, ახალი წესები, რომლებსაც მწერალი უნდა დამორჩილებოდა. ბუალოს მიერ შემუშავებული თეორიის ღირსება უმთავრესად ის იყო, რომ იგი მწერლებისაგან სიმართლის თქმასა და სინამდვილის ასახვას მოითხოვდა. კლასიციზმის მიმდევარმა მწერლებმა მართლაც შესძლეს მათი ეპოქის სინამდვილის ზოგიერთი საინტერესო მხარის ასახვა (როგორც მაგალითი, შეგვიძლია დავასახელოთ მოლიერი, რომელმაც ახალი კომედიის კლასიკური ნიმუშები შექმნა). ამ მხრივ ფრანგული კლასიციზმი რეალიზმის სახეობად გვევლინება. მაგრამ ამ ღირსებასთან ერთად მათ ჰქონდათ გამომუშავებული ისეთი ნორმები, რომლებიც ხელს უშლიდა სინამდვილის ასახვის სიღრმესა და სისწორეს.

კლასიციზმის მიმდევარ მწერალთა ნაწარმოებების მოქმედი პირები თავიდანვე ჩამოყალიბებულ გარკვეულ ხასიათებს განასახიერებდნენ. მაგ. სიძუნწეს, სიუხვეს, სათნოებას და სხვ. ისინი არ უხატავდნენ მკითხველს ადამიანის ბუნებისა და ხასიათის ზრდასა და განვითარებას. მათი ნაწარმოებების მოქმედი პირები რჩეული ადამიანები იყვნენ (მეფეები, სარდლები, დიდი მოხელეები), ხოლო ე.წ. „მდაბიო ხალხის” გამოყვანა მხოლოდ კომედიაში იყო დასაშვები.

სასცენო ნაწარმოებისათვის კლასიციზმის მიმდევრები სავალდებულოდ თვლიდნენ ანტიკური ტრაგედიისათვის დამახასიათებელი სამი ერთიანობის კანონის დაცვას. სამ ერთიანობაში იგულისხმებოდა ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა. დროის ერთიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ პიესაში ნაჩვენები ამბავი ერთი დღე–ღამის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.

ადგილის ერთიანობის კანონი მოითხოვდა, რომ პიესაში მოქმედება მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილზე წარმოებულიყო. სადაც დაიწყებოდა მოქმედება, იქვე გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო. მოქმედების ერთიანობის კანონის მიხედვით, მხატვრულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედება არ უნდა დაჩრდილულიყო პარალელური მოქმედებითა და ეპიზოდებით. მასში მხოლოდ მოქმედებათა ერთი კვანძი უნდა ყოფილიყო.

კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, რომელიც დამახასიათებელი იყო ლიტერატურის განვითარების განსაზღვრული საფეხურისათვის, ყველა კულტურულ ქვეყანაში ჰპოვა გამოვლინება. ქართული ლიტერატურის ისტორიაში კლასიციზმი საუკეთესოდ გამოვლინდა XVII-XVIII საუკუნეებში. მართალია, ეს გამოვლინება თავისებური იყო, მაგრამ იგი აერთიანებდა კლასიციზმის ყველა ძირითად თვისებას. ერთი მხრივ, არსებობდა კლასიკური პერიოდი ქართული ლიტერატურისა, რომელსაც რუსთაველის ბრწყინვალე პოეტური ნიმუში აგვირგვინებდა, მეორე მხრივ, განსაკუთრებით გურამიშვილის პოეზიის სახით, ქართული კლასიციზმის პერიოდის ლიტერატურა გამოსახვის მთავარ საგნად იღებდა ისტორიული ეპოქის სინამდვილეს (ამიტომ ზოგი მას ნაადრევ რეალიზმსაც უწოდებს).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9