სა სე სი სო სტ
სენ

სენტიმენტალიზმი

ფრანგ. sentimentalisme
ლიტერატურული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის შინაგან განცდებსა და სულიერ განწყობილებას.

იგი ადამიანის გრძნობას მის გონებაზე მაღლა აყენებს და სენტიმენტალურ ნაწარმოებში გამოყვანილი პერსონაჟიები გადაჭარბებული მგრძნობელობით ხასიათდებიან. სენტიმენტალისტი მწერლები ცდილობენ მკითხველში განსაკუთრებული მგრძნობელობის განვითარებას მათი ასეთი თვისებებით. სენტიმენტალურ რომანებსა და მოთხრობებში გამოყვანილი პერსონაჟები უმთავრესად უბრალო ადამიანები არიან. ისინი სიყვარულით, ან რაიმე სხვა მიზეზით უსაზღვროდ იტანჯებიან და ცრემლს აფრქვევენ. ავტორი თანაგრძნობით არის გამსჭვალული ამ უდანაშაულოდ ჩაგრულთა და წამებულთა მიმართ. სენტიმენტალურ ნაწარმოებთა მოქმედი პირები უბრალო, ხალხური ენით ლაპარაკობენ, მათთვის უცხოა ბუალოს ლიტერატურის თეორიით ნაკარნახევი „მაღალი” სტილი.

სენტიმენტალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება, პირველად ინგლისში წარმოიშვა XVIII საუკუნეში. ამ მიმართულების მთავარი წარმომადგენლები იყვნენ სამოელ რიჩარდსონი (1689–17610) და ლოურენს სტერნი (1743–1768). ამ უკანასკნელმა დაწერა „სენტიმენტალური მოგზაურობა”. ამ სახელწოდების საფუძველზე თვით ლიტერატურულ მიმართულებასაც სენტიმენტალიზმი ეწოდა, რაც სიტყვა–სიტყვით მგრძნობელობას ნიშნავს. სენტიმენტალისტები ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. რიჩარდსონის ერთმა ნაცნობმა მკითხველის სატრფოსაგან ასეთი წერილი მიიღო:
„ძვირფასო ვილიამს! მე ვიცი , რომ თქვენ მეგობარი ხართ რიჩარდსონის, რომლის შესახებ ლაპარაკობს მთელი ქალაქი. მე გთხოვთ თქვენ შემდეგს: ჩემმა საცოლემ მერი კემპბელმა იქამდის იკითხა მისი რომანები, რომ სრულიად დაჰკარგა ჭკუა და საშინლად გახდა. ამ დღეებში მან მითხრა, რომ თუ მოკვდა ვიღაც კლარისა ჰარლოუ, რომელსაც იცნობს რიჩარდსონი, თვით ისიც მოკვდება...”.

რუსეთში სენტიმენტალიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი კარამზინი იყო. მისი ნაწარმოები „საბრალო ლიზა” გლეხებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას ქადაგებს.

ქართულ ლიტერატურაში სენტიმენტალიზმი მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გამოვლინდა. მანამდე კი მისი სუსტი გავლენა იგრძნობოდა ალ. ჭავჭავაძის („მუხამბაზი ლათაიური”, „სიყვარულო, ძალსა შენსა”), გრ. ორბელიანისა და გ. ერისთავის შემოქმედებაში. 1852 წლიდან ჟურნ. „ცისკარში” დაიბეჭდა კარამზინის „საბრალო ლიზას” ქართული თარგმანი, ბესტუჟევ– მარლინსკის „ღამე ხომალდში” და სხვა სენტიმენტალური ნაწარმოებები. დაიბეჭდა აგრეთვე ორიგინალური თხზულებანი: ივ. კერესელიძის „სამგზავრო წიგნები” და დ. თავზიშვილის „ჩემი გული”. თუ რამდენად მღელვარე გრძნობის გამომხატველია ივ. კერესელიძის „სამგზავრო წიგნები”, ადასტურებს ნაწყვეტი მისი თხზულებიდან; იგი გამოხატავს ავტორის მწუხარებას, რომელიც გორის ციხის ნახვით და „დროთა მიერ შთანთქმულ” საქართველოს დიდების განცდით არის გამოწვეული:

„ახ, საყვარელო მეგობარო, უნდა იცოდე, თუ რა გრძნობით გადავაბიჯებდით ფეხს უფლისაგან დაწყობილი, ვიდრე უკანასკნელი გიორგი XIII–დანა. რა მოველ გონსა, ვნახე, რომ მომდიოდა ცრემლი ნაკადულსავით; რომ ყოველი კლდე და ყოველი ქვა უცნაური ციხისა, თითოეული ჩუქურთმა... თითქოს ჩაიდგავდა სულსა, გამოცემდა ხმასა და მომითხრობდა გავლილს შორის დროის საქმეებსა, გამაჟრჟოლა ტანში. მეც დავიწყე ცრემლების მიბაძვით ქნარის მომართვა და ჭმუნვარებით დამღერა”.

ქართული სენტიმენტალიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გრ. რჩეულიშვილი იყო. მან დაწერა მოთხრობები: „ანუკა ბატონიშვილი”, „ქვრივის ლიმონები” და „თამარ ბატონიშვილი”, რომლებიც სენტიმენტალური ნაწარმოების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სენტიმენტალიზმი ჩვენში იმ დროს გამოვლინდა, როდესაც უფრო მეტი ნიადაგი რეალიზმს ჰქონდა. ი. ჭავჭავაძემ იგრძნო მისი დრომოჭმულობა, მისი უნიადაგობა. დიდმა პოეტმა რეალიზმის უპირატესობა სენტიმენტალიზმთან შედარებით ნათლად გამოხატა ქვემოთ მოყვანილი შეფასებით: „დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს „ღრუბლებში ცურვასა”, მთვარის ხვეწნას, რომ ჩემს საყვარელს უთხარიო: „ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენ გამო ოხვრის კვამლი თვალებსა სწვავს და ცრემლს ადენს; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესას, ეგებ ცრემლი მომივიდესო, დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის”.

სენტიმენტალიზმმა დადებითი როლი ითამაშა კლასიციზმის ტრადიციულ შეხედულებებთან ბრძოლაში. სხვა მოვლენებთან ერთად, მან ევროპის ქვეყნებში ხელი შეუწყო რომანტიზმის წარმოშობას.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9