რა რე რი რკ რო
რომ

რომანტიზმი

რომანტიზმი ისეთი მხატვრული მეთოდია, რომელიც სინამდვილის უშუალოდ ასხვის ნაცვლად გვიხატავს ოცნებით გამოგონილს, არსებულის ნაცვლად სასურველს. მიისწრაფვის ნათელი, ოპტიმალური სახეებით გვაჩვენოს ადამიანის მაღალი დანიშნულება.

რომანტიზმი ლიტერატურაში განსაკუთრებით XVII საუკუნის დასასრულს გაბატონდა.
ამ მოვლენას ხელი შეუწყო საფრანგეთის რევოლუციის დამარცხებამ, მსხვილი ბურჟუაზიის გაბატონებამ და იმ უკმაყოფილებამ, რაც ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვიეს მემამულეთა და წვრილბურჟუაზიული წრიდან გამოსულ მწერალთა შორის. რომანტიზმი ფრანგული კლასიციზმის გაბატონებული ლიტერატურული ტრადიციების საწინააღმდეგო მიმართულება იყო. რომანტიკოს მწერლებს შემდეგი ძირითადი თვისებები ახასიათებთ:
პოეტური ფორმის თავისუფლება – პოეტები აღარ ემორჩილებოდნენ კლასიციზმის პოეტური ხელოვნების კანონებს.
სუბიექტივიზმი – შემოქმედების მთავარ საფუძვლად ადამიანის პირადი განცდებისა და მხატვრული ფანტაზიის აღიარება.
რომანტიკოსი მწერლები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანთა და, კერძოდ, საკუთარი გრძნობებისა და განცდების გამოხატვას. მათი გმირები ისე მოქმედებდნენ, როგორც ეს თვით ავტორს უნდოდა. რომანტიკოსების გმირები ავტორთა მაღალი იდეების შესაბამისად მოქმედებდნენ. მხატვრული ნაწარმობის გმირები და შინაარსი რომანტიკოს მწერალთა პირად განწყობილებას უფრო გვიხატავენ.

რომანტიკოს მწერლებს მათი ეპოქის სინამდვილით უკმაყოფილება და მაშინ არსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრებისადმი შეურიგებლობა ახასიათებდათ. მაგრამ სინამდვილისადმი უკმაყოფილებაც და მის საფუძველზეც წარმოშობილი მიზანიც სხვადასხვა კლასის, ეპოქისა და ერის წარმომადგენელი მწერლისათვის სხვადასხვა იყო: ზოგიერთი მწერალი სინამდვილეს უარყოფდა იმის გამო, რომ არისტოკრატიული კლასის ნაცვლად ახალ ვითარებაში ბურჟუაზიული კლასი გაბატონდა. ასეთი მწერალი მისთვის მიუღებელ აწმყოს წარსულს უპირისპირებდა, ხოტბას ასხამდა წარსულს და, აშკარა თუ ფარული გზით, მკითხველს წარსული ცხოვრების დაბრუნებისაკენ მოუწოდებდა. ასეთი რომანტიზმის გამომხატველი საფრანგეთში შატობრიანი იყო. ასეთი რომანტიზმი რეაქციული რომანტიზმია.

არსებობს აგრეთვე პროგრესული და აქტიური რომანტიზმი. აქტიური რომანტიზმი ისეთი რომანტიზმია, რომლის მიმდევრებიც ზიზღით უცქეროდნენ რა მახინჯი ცხოვრების სინამდვილეს, ბრძოლას უცხადებდნენ მას უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით. ასეთი რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელი ინგლისში ჯორჯ ბაირონი იყო, საქართველოში – ნ. ბარათაშვილი.

ზოგიერთ რომანტიკოსს ახასიათებდა აგრეთვე პესიმიზმი (PESIMUS, რაც ლათინურად უცუდესს ნიშნავს). პესიმისტი მწერალი ისეთი მწერალია, რომელიც აწმყოშიც სიმახინჯეს ხედავს და არც მომავლის იმედი აქვს, მომავლისაგან უარესის მომლოდინეა. ასეთ რომანტიკოსად შეცდომით ბაირონი ჰყავდათ წარმოდგენილი. ასევე შეცდომით პესიმისტად თვლიდნენ ნ. ბარათაშვილს, მაგრამ ასეთი დასკვნა უმართებულოა. ბაირონისა და ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი, წამყვანი ტონი ბედისადმი დაუმორჩილებლობა და ბრძოლისაკენ მგზნებარე მოწოდებაა. ბარათაშვილს აქვს სევდის გრძნობით აღსავსე ლექსებიც. როგორც ,მაგალითად, „ვპოვე ტაძარი”, მაგრამ ეს ლექსი, რომელშიც პოეტის მხოლოდ წუთიერი განწყობილება მოჩანს, შემთხვევითია და არა დამახასიათებელი, რადგან მთელ მის შემოქმედებაში ბედისადმი დაუმორჩილებლობისადმი და საზოგადოებრივი იდეალისათვის სამსახურისაკენ მოწოდება ბატონობს.

პესიმისტური რომანტიზმის ტიპური წარმომადგენელი იტალიელი პოეტი ჯაკომო ლეოპარდი იყო.

რომანტიზმის სახეობაა აგრეთვე ნეორომანტიზმი, დეკადენსი, სიმბოლიზმი და სხვა მსგავსი მიმართულებები.

რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ: ბაირონი (ინგლისში), გოეთე და შილერი (გერმანიაში), ჰიუგო (საფრანგეთში), პუშკინი და ლერმონტოვი (რუსეთში), ნ. ბარათაშვილი (საქართველოში).
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9