რა რე რი რკ რო
რეა რემ რეპ

რეალიზმი

მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სინამდვილის ობიექტურად გამოსახვას.

რეალისტ მწერალს „დეტალების სიმართლის გარდა, ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გადმოცემის სისწორე” ახასიათებს (ენგელსი). ტიპური ხასიათების ტიპურ გარემოში გამოხატვა არ ზღუდავს რეალიზმს. განვითარების მაღალ საფეხურზე მას შეუძლია დაგვიხატოს ისიც, რაც ასახვის მომენტში სუსტადაა გამოვლინებული, მაგრამ ვითარდება და მომავალში დასრულებული ფორმით მოგვევლინება. რეალისტურ ხელოვნებას არა მხოლოდ შეუძლია ახსნას და დაგვიხატოს სინამდვილე, არამედ ამასთან ერთად მას შეუძლია დაგვიხატოს ცხოვრების მომავალი განვითარების ტენდენცია, შეუძლია დაგვიხატოს მოვლენები არა გაქვავებულ მდგომარეობაში, არამედ წარმოქმნაში, ზრდაში, განვითარებაში.

ხელოვნება საერთოდ რეალურს, ე.ი. სინამდვილეში არსებულს ასახავს. მაგრამ რეალურის ასახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რეალისტურად ასახვას. რეალისტური ასახვა იმით განსხვავდება რომანტიკული, ან, კიდევ, ფანტასტიკური ასახვისაგან, რომ იგი გამოსახვის საშუალებად თვით სინამდვილიდან აღებულ მასალას იყენებს. ესაა მთავარი თავისებურება რეალიზმისა, რითაც იგი რომანტიზმის მოწინააღმდეგე მთავარ ლიტერატურულ მეთოდად გვევლინება.

თუ რომანტიზმის წამომადგენლები გვიხატავენ ფანტასტიკურ ამბებს, მათი ოცნების სამყაროს, რეალისტმა მწერლებმა მათი შემოქმედების საგნად გაიხადეს ცხოვრების სინამდვილე. ისინი ყოველგვარ მასალას თავიანთი შემოქმედებისათვის იღებდნენ რეალური ცხოვრებიდან და ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ურად, სისწორით და დეტალურად აეწერათ ცხოვრების სინამდვილე.

რეალიზმი ლიტერატურაში XIX საუკუნემდეც არსებობდა.
რეალისტური ნაწარმოებებია ჰომეროსის „ილიადა” და „ოდისეა” და ანტიკური ლიტერატურის სხვა ნიმუშები. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, სერვანტესის „დონ–კიხოტი”, შექსპირის ტრაგედიები, მოლიერის კომედიები.

ადრინდელი რეალიზმი სტიქიური იყო და თეორიულად უფრო ზუსტად იგი XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა.

რეალიზმის განვითარებამ დიდი ნაყოფი გამოიღო. ხელოვნების წარმომადგენელნი მიხვდნენ, რომ სინამდვილე მეტად საყურადღებო ყოფილა, რომ ამ სინამდვილეს შესწავლა უნდა, რომ ამ შესწავლით შეიძლება სინამდვილის დაძლევა და მისი სასარგებლოდ გამოყენება. ამრიგად, ერთი მხრივ, განვითარდა დაკვირვების ტენდენცია, ფაქტების შესწავლა და სურვილი, რომ ხელოვნებაც სინამდვილის შესასწავლ იარაღად გამხდარიყო. ხოლო, მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებიდან გამოდიოდნენ მწერლები, რომლებიც „ცის იქით კი არ ეძებდნენ სადგურს ზენაარსს, სამყოფს, რომ დაშთონ აქ ამაოება”, არამედ აკვირდებოდნენ სინამდვილეს, ყოფა–ცხოვრებას და მას თავის შემოქმედებაში რეალისტურად ხატავდნენ.

რეალიზმმა განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა სახეობა მიიღო.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9