ნა ნე ნო
ნატ

ნატურალიზმი

ლათ. NATURA
ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში ანტირეალისტურ მეთოდს იყენებს. მისთვის დამახასიათებელია მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა. იგი ცდილობს ცხოვრების სინამდვილის წვრილმანების ასახვას ფოტოგრაფიული სიზუსტით.

ტერმინი ლათინურად „ბუნებას” ნიშნავს. ნატურალისტების წარმოდგენით, მხატვარი, ხელოვანი მოკლებულია აზროვნების შესაძლებლობას და ამიტომ კონკრეტულ მოვლენაში ზოგადის წარმოდგენაც არ შეუძლია. ხელოვანი მხოლოდ ცალკეულ მოვლენას ხედავს და აღიქვამს მხოლოდ მას, რასაც ჭვრეტს. უკანასკნელის გადაღმა კი მას არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. არ შეუძლია კონკრეტულის საშუალებით ზოგადის წარმოდგენა, მოვლენის არსის გაგება და მისი გამოხატვა ტიპის საშუალებით, არ შეუძლია ტიპის შექმნა. ტიპიზაციას, განზოგადებას კონკრეტულ მოვლენაში უცხო ელემენტი შეაქვს. სინამდვილეში კი ეს უცხო ელემენტის შეტანა არის კონკრეტულის საშუალებით ზოგადის გათვალისწინება, ცხოვრების სინამდვილის გაგება და გამოსახვა.

ნატურალისტების აზრით, ლიტერატურას ცხოვრების სინაამდვილე უნდა აესახა მეცნიერული სიზუსტით, შეუფერავად, ე.ი. იმგვარად, როგორიც არის სინამდვილე თავისთავად, ბუნებრივ, ანუ ნატურალურ მდგომარეობაში.

ნატურალისტი მწერლები ვერ ხედავდნენ განსხვავებას ბუნებისა და საზოგადოების კანონებს შორის. აქედან მომდინარეობს მათი, ე.წ. ობიექტივიზმი, ე.ი. ტენდენციურობის გარეშე დგომა. ნატურალიზმის ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო თავის შემოქმედებაში ე. წ. მიუკერძოებელი ობიექტივიზმის გატარება და ეს ბუნებრივიცაა. ნატურალიზმი თავის თავში შეიცავს კლასიკური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციების უარყოფას. ეს გარემოება თავს იჩენს თუნდაც იმაში, რომ ნატურალისტს, რომელიც გატაცებულია სინამდვილის გარეგნული წვრილმანი მხარეების ასახვით, მხედველობის გარეშე რჩება არსებითი–ტიპურის ასახვა ტიპურ გარემოში. ნატურალისტი მწერლები, თავიანთ შემოქმედებაში, ნაცვლად დამახასიათებლისა და ტიპურისა, იძლევიან ცალკეულ, დაქუცმაქცებულ მოვლენებს და ამიტომ ვერ ახერხებენ ცხოვრების მრავალფეროვნებიდან მხატვრული განზოგადების დონემდე ამაღლებას.
ნატურალიზმმა თავი იჩინა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

მისი უდიდესი წარმომადგენელია ფრანგი მწერალი ემილ ზოლა.
იხ. აგრეთვე: რეალიზმი, ტიპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9