მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მით მიმ მის

მითი

ფანტასტიკური შინაარსის ზეპირი მოთხრობა, რომელიც მხატვრულ ფორმებში გადმოგვცემს საზოგადოებრივი ცხოვრების, ან ბუნების ამა თუ იმ მოვლენას.

„მითოს” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოთხრობას. მითში იგულისხმება უძველესი ადამიანის თქმულებები ღმერთების შესახებ, ღმერთების ურთიერთთან და მათი ადამიანებისადმი დამოკიდებულების შესახებ. მითი ეპოსის უძველესი სახე იყო. იგი პირველად ზეპირსიტყვიერების სახით წარმოიშვა.

პირველყოფილი ადამიანისათვის შეუძლებელი იყო ბუნების მოვლენების მეცნიერული ახსნა–განმარტება; იგი ფიქრობდა, რომ რაღაც ძალები არსებობენ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ბუნების მოძრაობას და აღმერთებენ მათ. მითების შინაარსი ცხოვრების სინამდვილესთან იყო დაკავშირებული. ადამიანი ამჩნევდა, რომ გაზაფხულზე ბუნება იღვიძებდა, ყვაოდა, გაზაფხულზე ნაყოფს იძლეოდა, შემოდგომაზე ადამიანს უხვი მოსავლით აჯილდოებდა, ზამთარში კი მცენარეულობა ჭკნებოდა, თოვლის ქვეშ იმარხებოდა. ამ მოვლენის ახსნის მიზნით ძველმა ბერძნებმა შექმნეს მითი ქალ–ღმერთის დემეტრას და მისი ქალიშვილის პერსიფონას შესახებ.

დემეტრა მოსავლის ღვთაება იყო. მას გაუჩნდა ქალიშვილი – პერსეფონა, რომელსაც ყვავილებისა და მარცვლეულის ღვთაებად თვლიდნენ. პერსეფონა, ზევსის დასტურით, ჩუმად გაიტაცა ქვესკნელის ღვთაებამ – აიდმა. თავზარდაცემულმა დემეტრამ მთელი ქვეყანა შესძრა, მაგრამ ქალიშვილი ვერსად იპოვა. პერსეფონას დაკარგვას თან მოჰყვა ქვეყნის გასაჭირი. მისი გატაცების შემდეგ დედამიწაზე გახმა ყვავილები, მარცვლეული, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. საქმეში ზევსი ჩაერია და და მისი თხოვნით აიდი დათანხმდა პერსეფონას დემეტრასთან დაბრუნებაზე შემდეგი პირობით: ყოველი წლის ორი მესამედი პერსეფონას დედამიწაზე უნდა გაეტარებინა თავის მშობლებთან და ერთი მესამედი კი ქვესკნელში, ქმრის – აიდის სამეფოში.

ეს მითი თავისებურად ხსნის ბუნების კანონს. ზოგიერთი მითი ადამიანთა ურთიერთობას გამოხატავს. ასეთი ხასიათისაა, მაგალითად, თქმულება პრომეთეოსის შესახებ, რომელმაც ჩაგრული ხალხის დახმარების მიზნით, ზეციდან მოიტაცა ცეცხლი. ამის გამო ზევსმა იგი სასტიკად დასაჯა.

მითების შინაარსი რელიგიური ხასიათისაა. პირველყოფილ ადამიანს მითი არ ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც ფანტაზია. მას გულწრფელად სწამდა ის, რაც მითში იყო გამოხატული, მისთვის მითი „საღვთო ისტორია” იყო. მითი შემდეგ ხანებში მწერლებმაც გამოიყენეს. მაგ. ანტიკურ ლიტერატურაში – სოფოკლემ, ევრიპიდემ, ევროპის ახალ ლიტერატურაში – ბაირონმა, გოეთემ, შილერმა და სხვებმა, მაგრამ მათთვის მითმა დაკარგა თავისი რელიგიური შინაარსი და მწერლები იყენებდნენ მხოლოდ მითოლოგიურ სიუჟეტებს, იყენებდნენ მითს ახალი მნიშვნელობით, ახალი შინაარსით. იყენებდნენ მხოლოდ როგორც მასალას, რადგან მათ აღარ სწამდათ მათში მოთხრობილი ამბის ჭეშმარიტება.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9