მა მდ მე მი მო მრ მუ მხ
მხა

მხატვრული შედარება

ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან.

იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში ხორციელდება.

„მალია, როგორც ხირიმის ტყვია
და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).

ამ შედარებაში ორი წევრია (დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია, მეორეს კი დამხმარე მნიშვნელობა აქვს. დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე წევრს – „ხირიმის ტყვიას” და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება ტყვიის თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე.

შედარება ორგვარი ხასიათისაა: ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით – შავი ზღვის საშუალო ტემპერატურა ბათუმში ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან; ჭოროხის ხეობა დარიალივით ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა, როგორც დაღმართში” და სხვ.

ასეთი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. მხატვრული შედარების დროს ორი სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ–ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე მოვლენის მხატვრულად გამოსახვის მიზნით. მაგ:

„პავლია მამასახლისი
მაღალია ხესავითა,
ბოქაულს რომ დაინახავს
მაშინ წავა თხლესავითა”

პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და არ ვიცით ზუსტად – როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ, ხის საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია. შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია.

ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას, მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და იწვევს გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.

აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას მიმართ ავტორი მხატვრული შედარების გამოყენების გზით:

„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით ტოტებ–შემომსხვრეული, აქა–იქ კანდაკორძებული, მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”

შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა: რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან გრამატიკული კავშირებით: „როგორც”, „ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”, ან ნაწილაკებით: „ვით”, „ებრ” და სხვ. ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წარმოადგენენ ასეთ საზღვარს.

აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:

1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი).

2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,
მწუხარე არის ვით გლოვის ზარი,
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუ–ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).

3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,
შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).

4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო! უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ–იქით დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა. შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკვივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)

ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი. ასეთ შედარებას უკავშირო შედარებას უწოდებენ

. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია” (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება – სამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული).

„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო იარაღებია).

ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ:

„სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).

უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები, რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში დასმით და ხარისხების გამოყენების საშუალებით:

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული,
თმახშირი, მთვარე პირადა
ეკვრებოდა გულმკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა” (ვაჟა–ფშაველა).

„მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს, დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი საგნების, ე.ი. დღისა და ღამის, თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს. ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება.

შედარების ერთ–ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.

„იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,
რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე)

უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება.
იხ. აგრეთვე: მეტაფორა, ტროპი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9