ნა ნე ნო
ნოვ

ნოველა

იტალ. NOVELLA
მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რაიმე განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა.

ნოველის მოცულობის სიმცირე უმთავრესად იმით აიხსნება, რომ მასში მოცემულია არა მთლიანი ცხოვრება ადამიანისა, არამედ მხოლოდ ერთი რომელიმე საინტერესო ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან. ბოკაჩოს ნოველაში „აკვანში” მხოლოდ ერთი ღამით სტუმრობაა აღწერილი გამიჯნურებული მოქალაქისა და მისი მეგობრისა სატრფოსთან. ავტორი არ გვაცნობს მოქმედი პირების არც წინაამბავს და არც მათი ურთიერთობის განვითარებას ამ სტუმრობის დამთავრების შემდეგ.

ნოველაში მოქმედება სწრაფად ვითარდება. ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ აქცევს მოქმედების განვითარების დეტალურად გადმოცემას ან, ყოველ შემთხვევაში, გვისურათებს მხოლოდ მთავარ მოტივებს და დაჩქარებით გვაძლევს კვანძის მოულოდნელად გახსნას.

ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და და მასთან დაკავშირებული ერთი კონფლიქტი. ნოველისათვის უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები. ნოველაში დასმული პრობლემა, რომელიც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანიც იყოს, არ მოითხოვს მოქმედების დეტალურად განვითარებას, პერსონაჟების სიმრავლეს. ზემოაღნიშნულ თვისებათა გამო, ნოველის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა.

სიუჟეტის განვითარებით და მოცულობით ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ–არაკს. იგავ–არაკი იმით გამოირჩევა ნოველისაგან, რომ პირველი ალეგორიულია და, უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ მორალზე მითითებით მთავრდება. ზღაპრისაგან ნოველა იმით განსხვავდება, რომ პირველი უფრო ალეგორიული და ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები კი რეალისტურია.

სიტყვა ნოველა იტალიურად ნიშნავს ახალს; თხრობის ეს სახეც ყველაზე ადრე იტალიაში განვითარდა. მხატვრული ნოველის უდიდესი ოსტატი იტალიაში ჯიოვანი ბოკაჩიო იყო(XIVს), საფრანგეთში – მოპასანი, რუსეთში – ტურგენევი და, განსაკუთრებით, ა. ჩეხოვი. ჩვენში ნოველებს წერდა უმთავერესად შიო არაგვისპირელი. ქართველი მწერლებიდან ნოველას ხშირად მიმართავენ ლ. ქიაჩელი(„მამა და შვილი”), კ. ლორთქიფანიძე („როგორ მოკვდა მოხუცი მებადური”), ა. ბელიაშვილი („ქორწილი სოფლად”, „მატარებელში”) და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9