რა რე რი რკ რო
რომ

რომანი

ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც მოცემულია მწერლის მიერ გამოგონილ, აღწერილ ან გათვალისწინებულ ადამიანთა ჯგუფისა და მთელი სოციალური წრის მთლიანი ცხოვრების ვრცელი სურათი.

ეს იმას ნიშნავს, რომ რომანი გამოხატავს არა ერთ ეპიზოდს მოქმედი პირის ცხოვრებიდან, როგორც ეს მოთხრობას და, განსაკუთრებით, ნოველას ახასიათებს, არამედ მასში მოცემულია გმირის ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი.
რომანი გვიხატავს არა რომელიმე პიროვნების ცხოვრებას, არამედ გვიხატავს მთელ საზოგადოებას, რომელშიც მხატვრული ნაწარმოების გმირი მოქმედებს. ამის გამო მოქმედ პირთა რაოდენობა რომანში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოთხრობაში და ნოველაში.
რომანში მოქმედი პირები გამოხატული არიან იმ საზოგადოებრივ გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ზემოაღნიშნულის გამო, რომანში დიდი ყურადღება ექცევა იმ წრის ზნე–ჩვეულებისა და ყოფა–ცხოვრების გამოხატვას, რომელშიც გმირი მოქმედებს.

რომანი, მოთხრობა და ნოველა ერთმანეთთან შეფარდებით განიხილება. მათ ბევრი მონათესავე თვისებები აერთიანებთ. განსხვავება მათ შორის უმთავრესად მოცულობაში გამოიხატება. ყველაზე მცირე მათ შორის ნოველაა. თუ ნოველას გავავრცობთ, მოთხრობას მივიღებთ. გავრცობილი მოთხრობა უკვე რომანია. ამ მსგავსების ნიადაგზე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ნაწარმოებს რომანსაც უწოდებენ და მოთხრობასაც, ან კიდევ, მოთხრობასაც უწოდებენ და ნოველასაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებს გარდამავალი ადგილი უკავია მოთხრობასა და რომანს შორის, ან ნოველასა და მოთხრობას შორის.
ზევით დასახელებულ მსგავსებათა გამო რომანის, მოთხრობისა და ნოველის ზუსტი საზღვრების დაწესება მეტისმეტად ძნელდება. უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომანი და ნოველა. ეს განსხვავება გარეგნულად მათ მოცულობაში მდგომარეობს. თვით მოცულობის განსხვავება კი გამოწვეულია შინაარსის განსხვავებით. რომანი უფრო დიდი მოცულობისაა იმიტომ, რომ უფრო მეტი სიღრმით ასახავს ცხოვრების სინამდვილეს. რომანის მთავარი თემის გაშუქება თემატიკის სიმდიდრეს მოითხოვს. რომანი ვრცლად ასახავს მოქმედ პირთა თავგადასავალს და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ქართულ ლიტერატურაში რომანის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”.
მასში მოცემულია ორი მთავარი გმირის ისტორია.
ერთი მათგანი, ბახვა ფულავა ,გლეხური წრიდან წარმოშობილი აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენელია. მეორე – იერემია წარბა გადაგვარებული მემამულეთა კლასის წარმომადგენელია.
გ. წერეთელი თავის რომანში გვაძლევს ზემოაღნიშნული ორივე გმირის მთელი ცხოვრების ისტორიას. ამ გმირებთან ერთად ავტორი ვრცლად გვიხატავს იმ საზოგადოებრივ წრეს და პიროვნებებს, რომლებშიაც მისი გმირები მოქმედებენ.
ამ რომანში არამარტო მთავარი გმირები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ტიპური ადამიანები არიან. ტიპურია ვალიდა, პოლკოვნიკი ლებოვი, ესმა და სხვანი.
რომანში ავტორმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წასულიყო საქართველოს ეკონომიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანის სხვადასხვა ფორმა:სოციალური, ფსიქოლოგიური,ისტორიული,ავანტურული, საყოფაცხოვრებო, რაინდული, სატირული, ფანტასტიკური.

ეს კლასიფიკაცია პირობითია.
იშვიათია ისეთი ნაწარმოები, რომლის განსაზღვრა შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზემოჩამოთვლილი კლასიფიკაციის ერთ–ერთი სახეობით ან ფორმით: მაგ. რაინდული რომანი იმავე დროს ავანტურული რომანიცაა და საყოფაცხოვრებოც. ზოგჯერ ასეთი რომანი ფანტასტიკურ რომანადაც ითვლება.
სოციალური რომანი იმავე დროს საყოფაცხოვრებო რომანიცაა და შეიძლება ისტორიულიც იყოს.
ვ. ჰიუგოს რომანი „განწირულნი” ისტორიული რომანიცაა და სოციალურიც, რადგან ამ რომანში ავტორი, გვიხატავს რა ფრანგების ცნობილ ბრძოლას ვატერლოოსთან და 1830 წლის რევოლუციას, გვაძლევს ნათელ სურათს ხალხთა სიღატაკის, პროსტიტუციისა და მუშათა კლასის აუტანელი ცხოვრებისას.
ნინოშვილის „ჯანყი გურიაში” ისტორიული რომანია, მაგრამ იმავე დროს სოციალურიცაა, რადგან მასში ჩვენი ქვეყნის წარსული გამოყენებულია საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოსახატავად.
ვ. ბარნოვის ისტორიული რომანები („ტრფობა წამებულისა”, „ხაზართა სასძლო”, „მიმქრალი შარავანდედი”) გვიხატავენ ჩვენი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებას წარსულში და, ამდენად, საყოფაცხოვრებოცაა.

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9