გა გმ გრ
გავ გამ გაპ გაჩ

გაპიროვნება

ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც ცოცხალი, გრძნობიერი, გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების გადატანის საშუალებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ: „მუხა იგრძნობს ალიონს, „სიზმარმა ფრთები შეისხა”, „არაგვი მორბის”, „დღემ დაიხურა პირბადე” – ეს მეტაფორის ნიმუშებია, რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა გადატანილი.
არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის რამდენიმე თვისება:

„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ. ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟა–ფშაველა)

ან კიდევ:

„ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა,
მინდიას გაუმარჯოსო,
ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
„მე ვარო ამის წამალი”,
სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟა–ფშაველა)

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები. მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ეს ეპიზოდი არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი მთელი რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება.

ზოგჯერ გაპიროვნებულია განყენებული მოვლენა: სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება და სხვ. განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:

1. სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი)

2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე)

„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ. ლომთათიძე).

ნოდარ დუმბაძე ნოველაში „ძაღლი” ბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით ამ პერსონაჟების უმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს აღწევს.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9