სა სე სი სო სტ
საა სად საე სამ საო სატ საყ

სატირა

ლათ. SATUR
მკვეთრი, გამანადგურებელი დაცინვა, რომელიც გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი. სატირულ ნაწარმოებში მწერალი მოვლენას ისე გამოხატავს, რომ გვამხედრებს მის წინააღმდეგ. მოგვიწოდებს მის მიერ ასახული მოვლენის ძირფესვიანად აღმოფხვრისაკენ, განადგურებისაკენ.

სატირას ხმარობდნენ აგრეთვე გადატანითი მნიშვნელობით და მასში გულისხმობდნენ ისეთ ნაწარმოებს, რომელშიაც გამოხატული იყო ადამიანის მთელი სხვადასხვა ხასიათის უარყოფითი თვისება.

ტერმინი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან, რაც ნიშნავს მსუყეს, ნოყიერს, მაძღარს. ძველი ბერძნები სატირს უწოდებდნენ სასაცილო მითიურ მამაკაცს, რომელსაც ფეხები თხისა ჰქონდა და თავზე რქები ჰქონდა გამობმული. სატირის ჩანასახი საბერძნეთის იამბებში გვხვდება(„იამბოს” ნიშნავდა ნასროლს, ნატყორცნს, ე.ი. განმგმირავ ლექსს).

ანტიკურ ლიტერატურაში დამცინავი იამბების ავტორთა შორის სახელი გაითქვეს ბერძენმა მწერლებმა სიმონიდე ამოგელმა და არქილოქე პარსოელმა (ორივე ცხოვრობდა VII საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სიმონიდეს იამბთა ისარი უმთავრესად ქალების უარყოფითი მხარეების წინააღმდეგ იყო მიმართული. არქილოქეს ნიჭით ჰომეროსის სადარად თვლიდნენ. გადმოცემის მიხედვით, მისი მკვეთრი იამბებით შეურაცხყოფილმა ორმა პიროვნებამ გადაწყვიტა თავის მოკვლა. არქილოქემ და სიმონიდემ ჩაუყარეს საფუძველი ლიტერატურის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ რომაელებმა სატირის სახელით განავითარეს.

სატირული ნაწარმოების ნიმუშია „კაცია–ადამიანი?!”. ლუარსაბის კარ–მიდამო, ლუარსაბის ხასიათი, გარეგნობა, მთელი მისი ცხოვრება მკითხველში იწვევს სიცილს, მაგრამ ეს სიცილი ზიზღთან არის შეერთებული. ავტორი არსად არ გვიხატავს ლუარსაბს ისეთს მდგომარეობაში, რომ მისი ცხოველური საქციელი გამართლებული იყოს. ავტორი სიკვდილის შემდეგაც არ იბრალებს ლუარსაბს და მის საფლავზე მინაწერის მოგონების დროსაც კი დასცინის. ნუთუ ნახევარი საუკუნე იმიტომ იცოცხლა ამ ქვეყანაზე, რომ კვლავ საბოდიშოდ ჰქონოდა საქმეო?

იმისათვის, რომ მკითხველს ლუარსაბის სიკვდილის დროსაც კი არ გაუჩნდეს თუნდაც ოდნავი თანაგრძნობა თათქარიძისადმი, ილია ლუარსაბის სიკვდილსაც მისი გმირის მიერ დამსახურებულ სასჯელად გვიხატავს: ლუარსაბი ღორმუცელობამ იმსხვერპლა. იგი ნათლიმამისაგან მორთმეულ კალმახს მიაძღა; ლუარსაბი არ მომკვდარა ნორმალური ადამიანის სიკვდილით, მოკვდა ღორმუცელობით. ასეთი დაცინვა მკვეთრი და გამანადგურებელია. იგი გამოხატავს ავტორის ზიზღსა და აღშფოთებას ცხოვრების უარყოფითი მოვლენებისადმი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9