ტა ტე ტი ტო ტრ
ტრა ტრი ტრო

ტრაგედია

ისეთი დრამატული ნაწარმოები, რომელიც გვიხატავს დიადი მიზნის მქონე ადამიანის თავგანწირულ და სახიფათო ბრძოლას უდიდეს დაბრკოლებებთან, რაც იწვევს მაყურებელში ღრმა თანაგრძნობას.

ტრაგედია ძველ საბერძნეთში წარმოიშვა I-საუკუნეში ჩ. წ–მდე. ტრაგედია ბერძნულად ნიშნავს თხის სიმღერას(ტრაგოს– თხა, ოდა ან ედე – ხოტბა, სიმღერა). ეს სახელი დაერქვა დრამატულ ნაწარმოებს იმის გამო, რომ პირველ ხანებში ტრაგედია შედგებოდა დითირამბებისაგან, რომელსაც დიონისესადმი მსხვერპლად შეწირული და სამსხვერპლოზე უკვე ალმოდებული თხის გარშემო მღეროდნენ.
ტრაგედიის გმირი ძლიერი ნების ადამიანია. მის მიერ დასახული მიზანი დიდია, ხშირად საკაცობრიო მნიშვნელობისაა. გმირის ბრძოლა დაბრკოლებებთან, უმეტეს შემთხვევაში, სამართლიანია.

ძველი ბერძნული ტრაგედიის უდიდესი შემოქმედნი იყვნენ: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე.

ესქილეს (525– 456) ტრაგედიებში ადამიანის მაღალ მისწრაფებას წინ ეღობება ბედისწერა. ადამიანის ბედი უცვლელი და უძლეველია. მისი გმირები წინდაწინვე არიან ბედისაგან განწირულნი და ამის გამო არავითარ წინააღმდეგობას არც შეუძლია ბედის მიერ გამეტებული ადამიანის დაღუპვისაგან გადარჩენა.
ესქილეს პრომეთე ღმერთებს ებრძვის თავისუფლებისათვის, ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ამის გამო იგი იწვევს მაყურებელთა თანაგრძნობას. გმირი აწყდება ისეთ წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლის მიზნის მიღწევას. ეს იწვევს ტრაგედიის გმირის ტანჯვას და აძლიერებს მაყურებელში მისადმი თანაგრძნობას. ბოლოს წინააღმდეგობა თანდათან იზრდება. იგი დაღუპვით ემუქრება გმირის არსებობას. ეს იწვევს მაყურებელში შიშს. დაბრკოლება ტრაგედიაში ისეთი ძალის შემცველი ხდება, რომ იგი პიესის დასასრულს უფრო ხშირად იწვევს გმირის დაღუპვას.

ამ აზრის გამოხატვისას სოფოკლეს ტრაგედიებში შემცირებულია „ბედის” მნიშვნელობა. „ბედი” ღუპავს ადამიანს, მაგრამ თვითონ იგი (ბედი) ბრმა, უსამართლო და ზიზღის აღმძვრელია.

ევრიპიდე (480–406) დიდ ყურადღებას აქცევს ტრაგედიის გმირის ღრმა შინაგანი განცდების გადმოცემას. მისი ტრაგედიის გმირები რელიგიის ნაცვლად საგვარეულო მორალის წინააღმდეგ იბრძვიან. იგი „ორესტში” ველურობად გვიხატავს თემის დახავსებულ მორალს.

ძველმა ბერძნულმა ტრაგედიამ რელიგიურის ნაცვლად თანდათან გამოხატა ჰუმანური შინაარსი. ძველი თეატრის სცენა არ იყო ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მოქმედების გადატანის დროს სხვადასხვა ადგილისა და ვითარების ჩვენება. დეკორაციის სიმარტივემ გამოიწვია ადგილის ერთიანობა. მთელი მოქმედება ერთ ადგილზე იყრებოდა და იქვე მთავრდებოდა. მოვლენებს, რომელნიც სცენის გარეშე ხდებოდა და რომელთა გაცნობაც აუცილებელი იყო მაყურებლისათვის, არ უჩვენებდნენ, – მოამბეები მოუთხრობდნენ მათ შესახებ.

ტრაგედიის განვითარებაში უდიდესი საქმე გააკეთა შექსპირმა. მისი მოქმედი პირები აღარ თვლიან თავს ბედის კანონის შემსრულებელ ბრმა იარაღად. ისინი თვითონვე აძლევენ მიმართულებას თავიანთ ცხოვრებას, თვითონვე ქმნიან საკუთარ „ბედს” თავიანთი ნება–სურვილისა და არსებული ვითარების შესაბამისად. ადამიანის ბუნებისა და მთელი ცხოვრების განვითარების რთული პროცესის ჩვენების მიზნით შექსპირმა დაარღვია სამი ერთიანობის კანონი. ერთი მოქმედების, ერთი კონფლიქტის ნაცვლად მის ტრაგედიებში მოცემულია მთელი რიგი წინააღმდეგობა მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის. შექსპირმა მთელი სიღრმითა და სისრულით დაგვიხატა ადამიანთა კონფლიქტები და ხასიათები, დაგვიხატა ისინი მათ წარმოშობასა და განვითარებაში და არ შეზღუდულა გმირის მზამზარეული ხასიათისა და კონფლიქტის მხოლოდ დაძაბული მომენტიდან ჩვენებით – ამ მიზნის განსახორციელებლად მან გადალახა ადგილისა და დროის ერთიანობის ზღუდეები. მის ტრაგედიებში მოცემულია პესონაჟთა, მოქმედ პირთა ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. მოქმედება სხვადასხვა ადგილზე წარმოებს: „ჰამლეტში” მოქმედების ადგილი ოცჯერ იცვლება, „მაკბეტში” 28 სცენაა. შექსპირის ტრაგედიების შინაარსი მრავალფეროვანია. მათში მრავალი მოქმედი პირია. შექსპირის ტრაგედიაში, ტრაგიკულ სცენებთან ერთად, უხვად გვხვდება გროტესკული და კომიკური ეპიზოდებიც.

ყველა იმ სიახლემ, რაც შექსპირმა შეიტანა ტრგედიებში, ხელი შეუწყო შექსპირის მოწინავე იდეების მთელი სიღრმითა და სისრულით გამოხატვას; მისი პიესები შემდეგ ეპოქებში სანიმუშოდ მიიჩნიეს სასცენო ხელოვნებისათვის.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9