ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
აღწ

აღწერა, აღწერითი თხზულება

საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლა გარკვეული გეგმის მიხედვით.

ყოველგვარი აღწერა რაიმე მიზანს ემსახურება და მას მიმართავენ იმდენად, რამდენადაც იგი საჭიროა ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად.
მაგ საკლასო ოთახის აღწერა შეძლება სხვადასხვა მიზნით. შეიძლება აღვწეროთ საკლასო ოთახი იმ მიზნით, რათა გამოვარკვიოთ, თუ რამდენად ასრულებს იგი თავის დანიშნულებას; რამდენად აკმაყოფილებს იგი სწავლების ჰიგიენის პირობებს(აქვს თუ არა მოსწავლეთა რიცხვისათვის საკმარისი სივრცე, სინათლე; შესაძლებელი ხდება თუ არა მის კედლებზე საკმაო რაოდენობის სასწავლო ნივთების, ვთქვათ, რუკების, დაფის და სხვათა მოთავსება და ა.შ)
რომელიმე ავადმყოფობის დამახასიათებელი თვისებების და მსვლელობის აღწერა ხდება მისი შესწავლისა და განკურნების მიზნით.
აღწერას, ჩვეულებრივ, ვიწყებთ საგნის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნების შესწავლით. არ კმარა მხოლოდ დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლა, უნდა ავხსნათ იმ ნიშნების წარმოშობის მიზეზები და დანიშნულება.
აღწერის შემდეგი საფეხური იქნება შთაბეჭდილების გამოხატვა, რასაც აღსაწერი საგანი ახდენს, განსაკუთრებით კი შეფასება იმისა, რასაც აღვწერთ.
პრაქტიკული დასკვნის გამოტანა იმ საგნის მნიშვნელობის შესახებ, რისი აღწერაც ჩვენ მოვახდინეთ. აღწერაში მოცემული ნიშნები აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს. არასაკმარისი სისრულე ამცირებს აღწერის შემეცნებით მნიშვნელობას.

გამოსახვის ფორმის მიხედვით აღწერა შეიძლება იყოს პროზაული ან მეცნიერული და მხატვრული.

მხატვრულ აღწერაში უხვად არის გამოყენებული პოეტური ენა და, საერთოდ, გამოსახვის მხატვრული ხერხი, გამოყენებულია აგრეთვე მხატვრული გამონაგონიც. მასში ხშირად არის გამახვილებული ყურადღება ავტორის პირად შთაბეჭდილებაზე, რასაც აღძრავს ზემოაღნიშნულში თვით აღწერის საგანი.

მაგ.ლუარსაბ თათქარიძის კარ–მიდამოს მხატვრული აღწერის ნიმუში ი. ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანიდან” :

„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ–კარი, წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და ამ ადგილის შუაგულსა – ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული და იმ მარნის უკან კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა, კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზე წამოღებული და წამოხრილი, თითქოს გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე– დარბაზისა, სიგრძეზე თუ სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა, ეტყობა, რომ ქართველია!... ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭისკარებით, რომლის ერთი ნახევარი,– თუნდ ორი წელიწადია, – ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია – ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტესო”.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9