ბა ბგ ბე ბი ბო
ბიო

ბიოგრაფია

ცხოვრების აღწერა („ბიოს” – ბერძნულად ცხოვრება, „გრაფიო” – ვწერ, აღვწერ).

ბიოგრაფია გვიხატავს ამა თუ იმ პიროვნების თავგადასავალს. იგი ეყრდნობა ფაქტიურ მასალებს, გვიხატავს რომელიმე პიროვნების ცხოვრების პირობებს, მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მისი ხასიათის განვითარებას, მის საზოგადოებრივ და კერძო საქმიანობას. ბიოგრაფიაში მთავარი ყურადღება ექცევა დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ადამიანთა ცხოვრებისა და თავგადასავლის თანმიმდევრული მოვლენების ერთიმეორესთან მიზეზობრივად დაკავშირებულ აღწერას.

გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების დაკვირვებულ შესწავლას დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს. მათი ცხოვრება მიბაძვის სურვილს იწვევს მკითხველებში. ლიტერატურის შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი ცხოვრობს გარკვეულ დროში, საზოგადოებაში, პირობებში და როგორც მთელი მისი ეპოქა, აგრეთვე უკანასკნელთან დაკავშირებული მისი პირადი ცხოვრება, ხსნის მწერლის შემოქმედებას და გამოხატულებას ნახულობს მის მხატვრულ ნაწარმოებში; როგორც ნიმუში, შეგვიძლია დავასახელოთ ი. ჭავჭავაძის მიერ დაწერილი პოეტ იოსებ დავითაშვილის მოკლე ბიოგრაფია.

ამა თუ იმ პიროვნების გავრცელებულ ბიოგრაფიას ზოგჯერ ცხოვრებასაც უწოდებენ. მაგ. ა. წერეთლის თავგადასავალი ვრცლად არის აღწერილი ლადო ასათიანის ნაშრომში, რომელსაც ეწოდება „ცხოვრება აკაკი წერეთლისა”.
ზოგიერთი მწერლის ვრცელ ბიოგრაფიას ხშირად თავგადასავალსაც უწოდებენ. მაგ. ა. ბელიაშვილის „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა”. თუმცა ზემოაღნიშნული მხატვრული ნაწარმოებია და ავტორისაგან მოპოვებული ბიოგრაფიული მასალები უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით, მაგრამ მაინც წარმოადგენს ბესიკის ვრცელ ბიოგრაფიას.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9