პა პე პი პლ პო პრ
პეი პეო პერ

პერიოდი

  1. სინტაქსური ფორმა, რომელშიც მოვლენის გამოსახვის საშუალებად რთული ან გავრცობილი წინადადებები არის გამოყენებული.

    პერიოდის საშუალებით ადვილი ხდება რთული მოვლენის გამოხატვა და თვით წინადადებაც მაღალ კეთილხმოვანებას აღწევს. სინტაქსის ამ ფორმას უხვად იყენებს როგორც მეცნიერული, ისე მხატვრული ლიტერატურა.
    მაგ: „თუმცა თათრები, ჩვეულებისამებრ ტიტვლები გამოდიოდნენ საჭიდაოდ, ტანზე ქონწასმულები, ასე, რომ ხელი არსად ეკიდებოდათ, და ქართველები კი საჭიდაოთ ჩოხით გადიოდნენ, მაინც ხშირად გამარჯვება ამ უკანასკნელებს რჩებოდათ” – (აკაკი).

    ეს პერიოდი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ ვინ რა პირობებში გამოდიოდა საჭიდაოდ. იგი ლოგიკური ქვემდებარეა. ამ ნაწილის წაკითხვის დროს ჩვენ ხმას ვუმაღლებთ.

    მეორე ნაწილში ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რით მთავრდებოდა ჭიდაობა, რა შედეგს აღწევდნენ ქართველები. იგი წინადადების ლოგიკური შემასმენელია და მისი წარმოთქმის დროს ჩვენ ხმას ვუდაბლებთ.

    პერიოდი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.

    მარტივი პერიოდია:

    „რა ესმოდა მღერა ყმისა,
    სმენად მხეცნი მოვიდიან”(რუსთაველი).

    რთული პერიოდია:

    „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
    ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცითმონაბერითა,
    ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
    მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა„(რუსთაველი).

    აქ მოყვანილ მაგალითებში ხაზგასმული ტექსტი, რომელიც პერიოდის პირველ ნაწილს შეიცავს, აწეული ხმით უნდა წავიკითხოთ, ხაზგაუსმელი კი, რომელიც რთულ წინადადებასა და რიტმულ ერთეულს ამთავრებს, ხმის დაწევით.

    პერიოდის სქემას საფუძვლად უდევს კითხვები: სად, როდის, ვინ, როგორ, რისთვის და სხვ.
  2. რთული პერიოდის სახეებია: ადგილის გარემოებითი, დროის გარემოებითი, მიზეზის გარემოებითი, მიზნის გარემოებითი, დაპირისპირებითი, თანდათანობითი და სხვა.

    ადგილის გარემოებითი:
    „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
    სად მამა–პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი;
    სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არი” – (რ. ერისთავი).

    დროის გარემოებითი:

    „როცა კი გაზაფხულდება, გამოიღვიძებს ქვეყანა,
    სილაღე, სიმხიარულე დასეინობენ ყველგანა,
    გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი ეკონებიან მწვანესა,
    მინდია გაფაციცებით სულ მიმოივლის მთა–ველსა” (ვაჟა–ფშაველა).

    მიზეზის გარემოებითი:

    „ერთმა უგნურმა თაგუნამ,
    იუკადრისა თაგვობა,
    დასწყევლა თვისი გაჩენა,
    ბუნების იწყო მან გმობა.

    ამ უსამართლო ბუნებამ,
    თაგვად რად გამაჩინაო?
    მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
    მან ჭერქვეშ მომცა ბინაო” (აკაკი წერეთელი).

    მიზნის გარემოებითი:

    „დიდის ღმერთის საკურთხევლის მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
    რომ ერისა მოძმე ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში” (ილია).

    დაპირისპირებითი:

    „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
    არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” (რ. ერისთავი).

    შედარებითი:

    „ვით მამალი სხვის მამალსა, დამტერდეს და წაეკიდოს,
    მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
    რა ორივე დაღალული ძაღლმა ნახოს, პირი ჰკიდოს,
    ეგრე ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!” (დ. გურამიშვილი).

    დათმობითი:

    „დაე, რისხვით ცამ იჭექოს, ელვამ გაჰკრას არე–მარეს,
    ცა განრისხდეს, დაბლა ბარზე უგზავნიდეს ნიაღვარებს,
    დაე, ბუი, გაჰკიოდეს, სდარაჯობდეს წყვდიად ღამეს,
    გველ–ბაყაყნიც აიშალნენ და მოედვნენ არე–მარეს, –
    მაინც ველით განთიადსა, განიბნევა ღამე ბნელი,
    მზის სხივებზე აყვავდება, შეიმკობა მთა და ველი” (ი. ევდოშვილი).

    პირობითი:

    „ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
    სასხლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
    არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია” (რ.ერისთავი).
    წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9