ევ ელ ეპ ექ
ეპი ეპო

ეპითეტი

მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს მის დამახასიათებელ თვისებას.

იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად, ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ მხატვრული და ლოგიკური განსაზღვრება.
წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა დავამთავრე, ხოლო წინადადებაში „საშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია, დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი. ამ მაგალითში სიტყვა „საშუალო” ლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა. გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” – ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება („საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა. მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური. ისი გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია, ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია, ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია. უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო მხატვრულად გვისახავენ საგნებს და აძლიერებენ შთაბეჭდილებას. ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.

ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეპითეტიც არის და მეტაფორაც. მხატვრულ ეპითეტ–მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება. მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია – მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები), „მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”, „თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.

ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს. როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”, „ტრიალი მინდორი” – ასეთ ეპითეტებს მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.

ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება მიმღეობისაგან („მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”) ან არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9