პა პე პი პლ პო პრ
პრო

პროლოგი

ნაწარმოების მხატვრული წინასიტყვაობა (ბერძნული „პრო” – „წინ, წინა” და „ლოგოს” – „სიტყვა, აზრი”).

ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების შინაარსის ან მისი მთავარი აზრის (იდეის) უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით, ავტორები ერთგვარ წინათქმას მიმართავენ. ამ წინათქმაში ისინი მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ იმ მოვლენაზე, რაც მწერალს განსაკუთრებით აინტერესებს, ან, კიდევ, გვაცნობენ ისეთ მოვლენას, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია მოთხრობილის შინაარსის გასარკვევად.

ასეთი ნიმუშია ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავის” დასაწყისი, რომელშიც პოეტი ამბობს:

„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ–მკლავები?
ვინ მოგვითხრას მათი საქმე,
უთვალავი, საგმირონი,
და ან მათზე გადმოსული
მადლი ღვთისა და მირონი?
ნაშთი ძველი დიდებისა
არ გამქრალა ჯერც ყველა...
დღესაც მისი შარავანდით
ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!...
შვიდ სამთავროს მოგვაგონებს
მოელვარე ის შვიდფერი
და გვიმღერებს: „არ მომკვდარა,
გაიღვიძებს ისევ ერი!..
ამ იმედით ფრთაშესხმული
ჩვენი გული სიამით ძგერს
და ოცნებაც ლაჟვარდ ფერად
წარმოგვიდგენს ქართლისა ერს”.

აქ მოყვანილი მხატვრული წინასიტყვაობა მთელი პოემის იდეას ააშკარავებს. მასში ავტორი მიგვითითებს, რომ ქართველ ერს დიდი წარსული ჰქონდა, მრავალი გმირი ჰყავდა და ეს წარსული მისი დიადი მომავლის ქვაკუთხედია.

„კაცია–ადამიანის” პროლოგში, რაც ილიას წინანდელი გააზრებით ზემოაღნიშნულ მოთხრობას უნდა წამძღვარებოდა, ავტორი გვაცნობს, თუ რა მიზნით გადაწყვიტა მან „კაცია–ადამიანის” დაწერა.

გოეთეს „ფაუსტის” პროლოგში ღმერთი და ეშმაკი (მეფისტოფელი) კამათობენ იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ფაუსტი ცხოვრებაში სწორი გზით წასვლას, მიაგნებს თუ არა იგი მიზანს ცხოვრებისას. ღმერთი ფიქრობს, რომ შეძლებს, ეშმაკი კი – ვერა და ბოლოს შეთანხმდებიან, რომ გამოსცადონ ფაუსტი. ეს არის ამ პოემის პროლოგი და იგი უდევს საფუძვლად „ფაუსტის” შინაარსის განვითარებას.

ამის მსგავსია პროლოგი კ. მაყაშვილის სატირული პოემისა „ეშმაკი საქართველოში” იმ განსხვავებით, რომ აქ შესწავლის საგანი საქართველოა.

ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების ერთი და იგივე ნაწილი პროლოგიცაა და წინაისტორიაც. ასე ხდება მაშინ, როდესაც პროლოგი ერთსა და იმავე დროს წინაისტორისაც მოგვითხრობს და თვით მოთხრობის იდეასაც ხსნის.
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9