ევ ელ ეპ ექ
ეპი ეპო

ეპილოგი

ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს მოქმედი პირების თავგადასავალს კვანძის გახსნიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ან გვიხატავს საინტერესო ეპიზოდს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დროითაა დაშორებული კვანძის გახსნის მომენტიდან.

„ბაში–აჩუკის” უკანასკნელ თავში აკაკი მოგვითხრობს თავისი გმირების (ელიზბარი, შალვა და ბიძინა) სიკვდილით დასჯის შესახებ და იქვე გადმოგვცემს ბაში–აჩუკის შემდგომ ისტორიას. ე. ნინოშვილიც არ ამთავრებს თავის მოთხრობას გოგიას თვითმკვლელობის აღწერით, არამედ აგრძელებს ამბავს მარინესა და გოგიას შვილების შესახებ:

„გავიდა ამ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე წელი...
გოგიას მიდამო თითქმის გავერანდა, გარდა სახლისა, ყველა შენობა ჩამოინგრა. სახლისა მარტო კედლები–ღა იყო დარჩენილი, სახურავი კი კარგა ხანია დალპა და ჩაიქცა. მაგრამ აგერ ვიღაცამ დახურა ისლით ეს სახლი და გაიჩინა შიგ „ფუტი”. ეს გახლავთ გოგიას უფროსი ვაჟი (სხვები კი ჯერ სხვადასხვა პირებისას არიან სამოჯამაგიროდ), რომელმაც, ეს არის, ცოლი შეირთო და მოუბრუნდა მამის კერას”.

როგორც ვხედავთ, ზემოდასახელებული ორივე მოთხრობის სიუჟეტი მთავრდება მოქმედ პირთა შემდგომი ისტორიის გაცნობით.

ეპილოგის შინაარსი კი მარტო ამით არ ამოიწურება:

გარდა პერსონაჟთა ცხოვრებისა, ეპილოგში ავტორები უშუალოდ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს თავიანთი პერსონაჟებისა და სხვა მოვლენების შესახებ.

„ოთარაანთ ქვრივის” ეპილოგში ილია ოთარაანთ ქვრივის ცხედართან ხელნაკრავ და თოვლში წაქცეულ სოსია მეწისქვილეს ათქმევინებს: „ცოცხალზე არ გამახარა წუთისოფელმა და მკვდარაზედაც არ მატირებთ! ცოდო ვარ, შვილი, ცოდო!” ავტორი უმატებს: „მართლა,რომ ცოდოა! მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლა–კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”.

ე. ნინოშვილიცგოგია უიშვილის” ეპილოგს ასე ამთავრებს: „ვუნატროთ (გოგიას ვაჟს–ს.გ.), რომ მამის ბედი აშორებოდეს და უკეთესად წასულიყოს მისი ცხოვრება”.

ეპილოგში თვით ავტორის აზრია უშუალოდ გამოხატული. ზემოაღნიშნულის გამო ეპილოგი უფრო მკვეთრად ამჟღავნებს ავტორის იდეოლოგიას, მის სულისკვეთებას, მის დამოკიდებულებას მოთხრობაში აღწერილი მოვლენებისა და თავისი გმირებისადმი. ზოგჯერ ეპილოგის სახელწოდებით ავტორი გვიხატავს ისეთ მოვლენას, სურათს, ან ეპიზოდს, რომელიც მთელი მოთხრობის ძირითად იდეას ავლენს. ასეთი მნიშვნელობა აქვს ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუას” დასასრულს, რომელსაც ავტორი ეპილოგს უწოდებს:

„1905 წ. 17 ოქტომბრის მანიფესტმა ტარიელ გოლუა ციხიდან გაანთავისუფლა. იგი N-ში დაბრუნდა და გადაბუგული სახლ–კარის კვლავად მოშენების თადარიგს შეუდგა. მთელი სოფელი ეხმარებოდა ტარიელს, – ვინ ურმით, ვინ სამშენებლო მასალის მიწოდებით, ვინ ფულით და ვინ შრომით. საჭირო იყო თოვლის მოსვლამდის მოესწროთ და პატარა ფიცრული მაინც აეგოთ სადგომად. ბეჟანა, რომლისათვის გიოს სალევანო თმა „დაეგდებინებინა”, არ სცილდებოდა, რათა დაღლილი და დასუსტებული ტარიელი მოესვენებინა. ბარბარეს სხვა უბედურებასთან ერთად სმენა დაჰკარგოდა და თვალთ სინათლე დაჰკლებოდა. მასთან განუყრელად იმყოფებოდა თინა და მოვლას და სიყვარულს არ აკლებდა. რამდენად შეეძლო, ჭირს უმსუბუქებდა, ლევანის მაგივრობას უწევდა. ერთ თვეში სახლიც ააგეს...
დეკემბერი იდგა. თოვლს მოეფინა დედამიწა. ციოდა.
სოფელ N-ის სამმართველო ხალხით იყო გაჭედილი. აივანზე და კარებდაღებულ ოთახებში ტევა არ იყო.
ახალგაზრდობას სამმართველოს წინ თოვლი დაეტკეპნა და ფეხების ბაკუნით ზედ შემდგარიყო. არაჩვეულებრივი აღტაცება და სიხარული სუფევდა მათ შორის.
აივნის მოაჯირთან დამდგარიყო სტუდენტურ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა და ხალხს აგიტაციას უწევდა. კრებას რაზმში ჩასაწერად მოუწოდებდა, რომელიც იმ დღეებში იმერეთისაკენ უნდა წასულიყო და შავი რეაქციის ძალებს შებრძოლებოდა.
ახალგაზრდა სტუდენტის მოწოდებაზე პირველად ვერავის გაებედნა ხმის ამოღება. ამიტომ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. – მე მოვდივარ! – გაისმა ბოლოს თამამი ხმა ხალხიდან და წინ წარდგა სვანური ქუდით შუბლზე ჩამოფარებული, თეთრი თმა–წვერ–ულვაშით მოსილი ტარიელ გოლუა. იგი მოკეთებულიყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ და თუმცა სავსებით არა, მაინც დაბრუნებოდა ძველებური ვაჟკაცური იერი... უკან კისერთან ქუდქვეშ ჭაღარა თმის წნული მოუჩანდა – ლევანის სამგლოვიარო – და თავიდან ფეხებამდის შავი ეცვა.
ტარიელის ხმის გაგონებაზე და მის დანახვაზე ხალხში ჩოჩქოლი ატყდა, მაგრამ მალე მიწყდა და სიჩუმე დამკვიდრდა.
ახალგაზრდა სტუდენტი შეკრთა. გაკვირვებულად მიმოიხედა. მაგრამ ხალხის ღრმა ფიქრით მოცულს სახეზე მომხდარის ამოცანა ვერ ამოიკითხა,–მისთვის უცნობი იყო ტარიელ გოლუას ოჯახის თავგადასავალი.
– მეც! გაისმა შემდეგ ცოცხალი, კრიალა ხმა და ტარიელს გვერდით ამოუდგა კოხტად შეიარაღებული ბეჟანა.
– გზა მომეცით, ყმაწვილებო!... ტარიელს გვერდში ამომიყენეთ!... გლახა ბაჩუას სული მაცხონებინეთ!... მისი მაგივრობა გამაწევინეთ, – გაიმა ტაგუს ხმაც.
ხალხი გამოერკვა. სულ მცირე ხანში, რაც კი იქ ახალგაზრდობა მოიპოვებოდა, ტარიელისაკენ ყვირილით გაეშურა.
– ყველანი შენთან ვართ!... მოვდივართ!... ტარიელი მამაა ჩვენი და წინამძღოლი!... – აღფრთოვანებით ამბობდა ახალგაზრდობა და საყვარელ ადამიანს გარს ეხვეოდა...
ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის , როგორც დროის ქარიშხლით ტოტებშემსხვრეული , აქა–იქ კანდაკორძებული , მაგრამ ფესვმაგარი და ტანძლიერი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”.
სინონიმი: ბოლოამბავი
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9