ჩა
ჩარ ჩახ

ჩართული ეპიზოდი

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი მოვლენათა სიუჟეტურ განვითარებასთან.

„დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში” პლატონი ეძებს საცოლეს მამისთვის. სიძესთან – კირილესთან ერთად მიდის ორნაქმრევი დედაბრის მოსაძებნად. მათი მოგზაურობის დროს ავტორი მრავლად გვთავაზობს ჩართულ ეპიზოდებს. ასეთი ეპიზოდია კირილეს ჩხუბი ქორწილში, რის შედეგადაც კირილესა და პლატონის ჩოხებს ნაფლეთებად აქცევენ. ზემოხსენებული ეპიზოდი არ არის აუცილებელი ელემენტი მოქმედების განვითარებისათვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიღრმით გადმოგვცემს მოთხრობის პერსონაჟების ხასიათს და ამდიდრებს მხატვრული ნაწარმოების შინაარსს.

ჩართული ეპიზოდი ზოგჯერ მთელი მხატვრული ნაწარმოების მთავარ იდეას ხსნის.

აკაკი წერეთლის „ბაში–აჩუკში” ჩართული ეპიზოდის სახით ავტორი გვაცნობს კირილეს სიზმარს. კირილე მღვდელი სიზმარში ნახავს, ვითომ ალავერდის მონასტერს გველეშაპი შემოხვევია. მას ებრძვიან ხალხის გმირები. ბრძოლის შედეგად სამი გმირი იღუპება, მაგრამ გველეშაპსაც კლავენ. ამ ეპიზოდის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წინასწარ ითვალისწინებს კახეთის აჯანყების წარმატებით დამთავრებას და იმავე დროს აჯანყების მთავარი გმირების სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს – ელიზბარის, შალვასა და ბიძინას ტრაგიკულ დაღუპვას.
ასეთი ხასიათის ჩართულ ეპიზოდს ლიტერატურის თეორეტიკოსები სპეციალურ სახელს – ”მხატვრულ წინათქმას” უწოდებენ. კირილეს სიზმარში ავტორი მთელი მოთხრობის მორალზე მიგვითითებს: ბოროტების მოსპობა თავგანწირული ბრძოლით და მსხვერპლით შეიძლება.

„კაკო ყაჩაღში” ჩართული ეპიზოდია ზაქროს შეხვედრა მეურმესთან. იგი არ ახდენს გავლენას პოემაში მოქმედების მთავარი ხაზის განვითარებაზე: ბატონის მიერ ყმის გაროზგვაზე და ზაქროს შურისძიებაზე. ავტორს შეეძლო ზაქრო კაკოსთან მიეყვანა მეურმისაგან გზის სწავლების გარეშეც, მაგრამ პოეტმა შეგნებულად ჩაურთო ეს ეპიზოდი, როდესაც მეურმემ გაიგი ზაქროს მიზანი:

„ახ, ნეტავი შენ! – წაიდუდუნა
და, გაიქნივა რა თავი მერმე
შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა,
და მერე ისევ უფრო მწუხარედ
თვისი სიმღერა დაიღუღუნა”.

ამ ჩართული ეპიზოდით უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ზაქროები და კაკოები არ არიან ერთგულები, მთელი გლეხობა იტანჯება ბატონყმობის უღლისაგან და მათაც ზაქროსა და კაკოს მოქმედება სანატრელად და მისაბაძად მიაჩნიათ. ზაქრო და კაკო მთელი გლეხობის სულისკვეთებას გამოხატავენ. ზოგჯერ ჩართული ეპიზოდი გადმოგვცემს ავტორის მსჯელობას მისგან ასახული მოვლენის შესახებ და ლირიკულ გადახვევას უახლოვდება, როგორც მაგალითად:

„აღარ გაათავებ? – მკითხავს მოწყენილი და იქნებ გაჯავრებულიც, მკითხველი. – როგორ არა? გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც დაირღვევა, მაშ, რაღა ყოფილა დაურღვეველი ქვეყანაზე?– დაიძახებს ჩემთან ერთად დაღონებული მკითხველი.
მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ანდაზა:” ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო”, – ეს ჩინეთიდან შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის, რასაკვირველია, არ დაირღვევა ღვთისა და თქვენი წყალობით, ჩემო ძველი გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ, საყვარელო ქართველო!...”
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9