ია იგ იდ ინ ირ ის
ინვ ინტ

ინვერსია

სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლა წინადადებაში.

ინვერსიის ან სიტყვათა გადაჯგუფების მხატვრული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხერხი მკითხველს ყურადღებას ამახვილებინებს საგნის ან მოვლენის იმ მხარეზე, რაც წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. როდესაც ვამბობთ – „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“, ჩვენი ყურადღება მახვილდება მთაწმინდის მიმართ. ჩვენი ინტერესი მახვილდება იმის შესაგნებად, თუ რა ჩაფიქრებულა (ე.ი. ქვემდებარის მიმართ), ხოლო, როდესაც ვამბობთ – „დადუმებულა მთაწმინდა”– ჩვენი ინტერესი მიემართება დადუმების გამომხატველ სიტყვას (რას შვრება მთაწმინდა? რა მოსვლია მთაწმინდას? რა მდგომარეობაშია მთაწმინდა?).

წინადადება „თავჩაჩქნიანი მთები მწარე ფიქრს მისცემიან” – ნაკლებ შთამბეჭდავად ზემოქმედებს მკითხველზე, ვიდრე ვაჟას პოეტური ხატი:
„მთანი თავჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა” – მსაზღვრელი სიტყვების („თავჩაჩქნიანები”, „მწარესა”) საზღვრულის შემდეგ წარმოთქმა ამახვილებს მკითხველის ყურადღებას დასახელებული სიტყვების მიმართ და აძლიერებს შთაბეჭდილებას. ინვერსიის ნიმუშებია:.

1.„იყო ბორკილი მონობის,
და უამრავი შრომისა,
იყო ცა უპატრონობის
ვით ნისლი შემოდგომისა”(გ. ტაბიძე)

2. „მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას”(ალ. ჭავჭავაძე)

ინვერსიას ხშირად მიმართავენ ლექსად დაწერილ ნაწარმოებში დაბოლოების შეთანხმების (გარითმვის) მიზნით. მაგ:
„ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა”(ი. ჭავჭავაძე)

„დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა,
მდინარე ნანას უმღერის,
რაინდსა, ურჩსა მტრისასა”(ა. წერეთელი)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9