პა პე პი პლ პო პრ
პამ პარ პას

პარალელიზმი

დამოუკიდებელი და თანაბარი მნიშვნელობის მოვლენათა შეფარდება.

ბერძნულად „პარალელიზმოს” ნიშნავს პარალელს, ორი საგნის ერთად დაყენებას. თავისი ბუნებით პარალელიზმი ახლოს არის მხატვრულ შედარებასთან და მეტაფორასთან. შედარების წევრებს არ ახასიათებთ თანაბარი მნიშვნელობა. შედარებაში – „გაფრინდა ცხენი, ვით შევარდენი” – მთავარი მნიშვნელობა აქვს პირველ ნაწილს – („გაფრინდა ცხენი”), მეორე ნაწილს კი მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს. იგი გვიადვილებს ცხენის სისწრაფის წარმოდგენას. ამასთან ერთად, წინადადების ის წევრი, რომელთანაც ვადარებთ შესადარებელ მოვლენას, აზრს მხოლოდ პირველ წევრთან ხმარების დროს ღებულობს და თვით მას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. პარალელიზმის ხმარების დროს კი გამოყენებულია ორი ან მეტი თანაბარი და დამოუკიდებელი მნიშვნელობის მოვლენა და მათი შეფარდების საშუალებით ავტორი აძლიერებს სახის სიცხოველესა და ემოციურობას.

„ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები,
ვინ შეამკოს ღირსეულად
ქართველ გმირთა მხარ–მკლავები?”(აკაკი)

ამ მაგალითში შეფარდებულია ორი მოვლენა: ა) ქვიშისა და ვარსკვლავების დათვლის შეუძლებლობა და ბ) ქართველ გმირთა ღირსეულად შემკობის შეუძლებლობა. ორივე მოვლენას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და ფორმითაც ორივე მათგანი დამოუკიდებელი სინტაქსური ერთეულია.

პარალელიზმის ნიმუშები:

1. „უხერხული გუთნის დედა
მეხრეებს ემუქრებოდა”.

2. „ცოტას მხვნელი და მთესველი
მაღლა ღმერთს ემდურებოდა”.

1. „შავს ლუდსა, წითელ ღვინოსა, განა სუყველას სმა უნდა,
2. პირში მომდგარსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?”

იმისდა მიხედვით, თუ რამდენი მოვლენაა შეფარდებული, პარალელიზმი შეიძლება იყოს ორწევრიანი, სამწევრიანი, ოთხწევრიანი და მეტწევრიანიც.

სამწევრიანი პარალელიზმის ნიმუშია:

1. „გზა სიარულმა დალია,
2. სიპი ქვა – წყალთა ჩქერამა,
3. პატარა გოგო და ბიჭი –
ერთმანეთისა ცქერამა.”

ორზე მეტწევრიან პარალელიზმს მრავალწევრიანი პარალელიზმი ეწოდება.

მრავალწევრიანი პარალელიზმი ორწევრიანის განვითარებას წარმოადგენს. მის მისაღებად საჭიროა ერთ–ერთი წევრის მხარეზე რამდენიმე ანალოგიური მოვლენის დაჯგუფება. მაგ:

„ტყე იფურჩქნება, მდელო ყვავდება, მთები მწვანდება, სამშობლო ჰყვავის”.

ასეთი პრინციპით არის გამოყენებული მრავალწევრიანი პარალელიზმი არაერთ პოეტურ ნაწარმოებში.
იხ. აგრეთვე: მეტაფორა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9