A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტოლ ტომ ტონ ტოტ

ტოტალიტარიზმი

  1. ჰანნა არენდტის მიხედვით, მისი მეშვეობით მხოლოდ III რაიხის ბოლო პერიოდი და სტალინური რუსეთი შეიძლება იყოს დახასიათებული. მაგრამ ე. კარრის განსაზღვრება ტოტალიტარიზმს სამყაროსავით უხსოვარდროინდელ გამოცდილებად აქცევს. ჰანნა არენდტი „ტოტალიტარიზმის წარმომავლობაში“ მას უპრეცედენტო მოვლენის ინტერპრეტაციას აძლევს, რომელიც ძირითადად იდეოლოგიითა და ტერორით არის გაპირობებული. აქ ყურადღების ცენტრში საკონცენტრაციო ბანაკები, სასამართლო პროცესები, წმენდები, საზოგადოების მიმართ წრეგადასული ძალადობა ექცევა. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი და ტერორი ხელიხელჩავლებულნი მოდიან და ჰანნა არენდტმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ შეუძლებელია პოსტსტალინური საბჭოეთი ან მაოს ჩინეთი აღიწეროს ცნებით – „ტოტალიტარული“.
    წყარო: სოლიდარობა №11–12(20–21), – [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი], – ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.– 2007
  2. პოლიტიკური მმართველობის ყოვლისმომცველი პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო იჭრება და აკონტროლებს ყველა სოციალურ ინსტიტუციას და, ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებასა და „პირად“ ცხოვრებას აუქმებს.
    წყარო: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
  3. ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი - ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე: 1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. 2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება. 3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს. 4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც. 5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ.არენდი, ზ.ბჟეზინსკი, კ.პოპერი, მ.ჰაიდეგერი, ფ.ჰაიეკი და სხვ.).
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9