A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კალვინელობა

რელიგ.
იტალ. Calvinismo
რელიგიური მოძრაობა, რომელსაც ჟან კალვინის (ნუაიონი 1509 – ჟენევა 1564) ნააზრევი და ნაწერები დაედო საფუძვლად. კალვინელობის დამხასიათებელია ნიშანია ორმაგი განგების რწმენა (ანუ რწმენა იმისა, რომ ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა ადამიანთა ერთ ნაწილს ხსნა, დანარჩენებს კი – საუკუნო დაღუპვა), ზნეობრივი და სოციალური ცხოვრების განსაკუთრებული კონცეფცია, ამავე დროს, ეკლესიის, კულტისა და პოლიტიკური სისტემის გამორჩეული ფორმა. ქრონოლოგიურად კალვინელობა ლუთერელობისა და ცვინგლელობის შემდეგ აღმოცენდა და დიალექტიკურად მათ გადალახვას ესწრაფვის. სამივე ეს სისტემა ამტკიცებს ბიბლიის, როგორც რწმენის ნორმის, ერთადერთობას. თუმცა, თუკი ლუთერელობა და ცვინგლელობა მხარს უჭერს ბიბლიის პიროვნულ ინტერპრეტაციას სული წმიდის გავლენით, კალვინელობა უფრო მკაცრია და თავისუფალ შეფასებას არ იღებს. რაკი ღმერთი ბიბლიის უშუალო შთამაგონებელია, ჭეშმარიტება იმთავითვე მასშია მოცემული, აცხადებს კალვინი ნაშრომში Institutio christianae religionis; მაშასადამე, მხოლოდ სიტყვათა მიღმა მისი აღმოჩენაა საჭირო. ჭეშმარიტების სიღრმისეული არსის წვდომას მხოლოდ რჩეულნი ახერხებენ, რაკი მათ მას ცნობიერება კარნახობს სული წმიდის მეშვეობით. კალვინელობა ეთანხმება ლუთერელობასა და ცვინგლელობას ეკლესიის მოძღვრების, პაპის უზენაესობის, ტრადიციის ღირებულების უარყოფაში, აგრეთვე, მათთან ერთად უარყოფს კათოლიკე ეკლესიის უფლებას, განმარტოს საღმრთო წერილი. კალვინელობის ძირეული პრინციპებია, ერთი მხრივ, აბსოლუტური და უზენაესი ღმრთის იდეა და, მეორე მხრივ, ადამიანის ბუნების უზომო წახდენა, რადგან ადამიანს არ ძალუძს რამე სასიკეთო ქმედების ჩადენა, თუკი ღმერთი მას თავის მადლს არ მიაშველებს. ხსნა მხოლოდ ღმრთის მიერ ხორციელდება, მთლიანად და ყოველმხრივ. ეკლესია „რჩეულთა“ საზოგადოებაა, და ეს „რჩეულნი“, ღმრთაებრივი არჩევის ძალით, სიკეთის კეთებისათვის მოხმობილებად გრძნობენ თავს. „რჩეული“, წმიდა ეკლესიის წევრი, მხოლოდ ღმერთსა და მის კანონს ექვემდებარება და არ ემორჩილება რამე გარე ძალაუფლებას. კალვინელობის თანახმად, სახელმწიფო აუცილებელია და ღმრთაებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს. ის უნდა იღწვოდეს მოქალაქეთა ამქვეყნიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, – მათი სულიერი სიკეთის შესაბამისად. კალვინური სახელმწიფო რეფორმირებული ეკლესიის საერო შტოს წარმოადგენს. ასეთმა კონცეფციამ ხელი შეუწყო ეროვნულ ეკლესიათა, ანუ სახელმწიფო-ეკლესიათა აღმოცენებას, – კათოლიკეობისათვის დამახასიათებელი ზეეროვნულობის საპირისპიროდ. ჟენევიდან კალვინელობა უმთავრესად შვეიცარიაში, შოტლანდიაში, აშშ-სა და საფრანგეთში გავრცელდა, სადაც საფუძველი დაუდო ჰუგენოტების აღმოცენებას.
წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9