A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბედ ბევ ბეთ ბელ ბემ ბენ ბეო ბერ ბექ ბეწ ბეჭ

ბეთლემი 

ძვ.
გამოქვაბული, მონასტერი (ქც 4: 357, 27).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,27), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1948: 210, 211).
მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, მყინვარწვერის აღმოსავლეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 3723-3982 მ-ზე.
ვახუშტი ბაგრატიონი ბეთლემის შესახებ გადმოგვცემს: „მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდამ, და მით აღვლენ“ (ქც 4: 357,26-29).
1927 წ. მყინვარწვერის ალპინისტურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. ჯაფარიძე) ამ მიდამოებში აღმოაჩინა და აღრიცხა ექვსი სენაკი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიის ნანგრევი და მის ქვეშ მოქცეული კარი, ხის სვეტები, გათლილი ქვები, ერთ-ერთ მათგანში ჩასმული ქვისავე ჯვარი და კლდეზე ამოკვეთილი ჯვარი (ითონიშვილი 1963: 52). 1930 წ. ბეთლემი მოინახულა და აღწერა ს. მაკალათიამ (მაკალათია 1934: 235-242). 1948 წ. ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ბეთლემში მოეწყო საგანგებო ალპინისტური ექსპედიცია (ჯაფარიძე 1948: 229). 1978-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ექსპედიციამ (ხელმძღ. პ. მარგველაშვილი), რომელშიც არქეოლოგებიც მონაწილეობდნენ, მონასტრის ტერიტორიაზე აღრიცხა ათი ნაგებობის ნანგრევი, რომელთაგან ერთი არქეოლოგიურად შეისწავლეს (მჭედლიშვილი 1981: 36-40; მჭედლიშვილი, ნიკოლაიშვილი 1986: 42-50).
ნაგებობა, რომელიც მონასტრის სამხრეთ განაპირა ნაწილში მდებარეობს, გეგმით ოთხკუთხაა. ნაშენია სხვადასხვა ზომის ქვებით. წყობა მშრალია. კედლის პერანგებს შორის სივრცე წვრილი ქვებითა და გრანიტის ნაშალითაა ამოვსებული. ჩრდილოეთი კედელი გრანიტის ხუთმეტრიანი მასივია. გადახურვისთვის მასზე ამოჭრილია ჰორიზონტალური ღარები. შენობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი შესასვლელი უკავშირდება დერეფნის მსგავს ნაგებობას, რომელიც აღმოსავლეთით თანდათან ქვევით ეშვება. დერეფნის აღმოსავლეთი კედელი დიდი ზომის გრანიტის ქვაა. მის ზედაპირზე საფეხურებად ამოკვეთილია კედლის ქვის დასადები ბუდეები. გადახურვა მოწყობილი ყოფილა ძელებზე გადებული ფიქალით. შესასვლელს ჰქონია ხის ორი კარი. იატაკი ფიცრით ყოფილა მოგებული. შენობის ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გაიწმინდა ფსკერზე ქვის ფილებით გაწყობილი ოთხკუთხა ორმო. ნაგებობის გათხრებისას გამოვლინდა: თიხის, ლითონის, ხის, ძვლის, ქვისა და მინის ნივთები. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია წითლად გამომწვარი ხელადის ნატეხები და რვა ჭრაქი, რომელთაგან სამი ფეხიანია. ლითონის ნივთებიდან გვხვდება ბრინჯაოს ჯამისებური მოყვანილობის ორნამენტირებული ჭრაქი საპატრუქე ღარითა და სახელურებით, ჭურჭლისა თუ სასანთლის მასიური ფეხი, სხვადასხვა ზომის ძეწკვები, შიგადაშიგ ჩართული რომბისებური ფირფიტებით. რკინის ნივთებიდან აღსანიშნავია ოთხი ისრისპირი. იქვეა ნაპოვნი ვერცხლის ოთხკუთხა საკიდი, რომელზედაც დაბალი კონუსური და წნული მავთულებია მირჩილული. ხის ნივთებიდან წარმოდგენილია მაგიდის ფრაგმენტი, მთლიანი ხისაგან გამოთლილი გეომეტრიული ორნამენტით შემკული ორგანყოფილებიანი სანაწილე, ორნამენტირებული სახელურიანი კოლოფი და ორი კოვზი. ძვლის მხოლოდ ორი ნივთია მოპოვებული. ერთი ღილი უნდა იყოს, მეორეს დანიშნულება გაურკვეველია. ქვის ნაწარმიდან გვხვდება ოთხი, ემბაზის მსგავსი, ოთხკუთხა მინიატურული ჭურჭელი და ფიქალის მოგრძო, გახვრეტილი ნივთი. მინის ჭურჭლიდან აღსანიშნავია მომწვანო ფერის ფართოღარიანი, თხელკედლიანი, ბრტყელძირა ჭრაქები, სასმისი და სხვ. (მჭედლიშვილი, ნიკოლაიშვილი 1986: 50). განათხარი ნივთები განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მასალა ინახება ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
სამონასტრო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ამოზიდული კლდე, რომლის ოთხივე მხარეს ნაგებობათა ნანგრევებია შემორჩენილი. ყველაზე დიდი შენობა კვადრატული გეგმის მქონე აფსიდიანი ეკლესიაა (4X4 მ). მისი ჩრდილოეთი კედელი კლდეა. ნაშენია სანახევროდ დამუშავებული ქვებით. წყობა მშრალია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა. კარი ხისა ჰქონია. ეკლესიაში ქვის დიდი ზომის გატეხილი ჯვარია (მარგველაშვილი 1979: 19). 1930 წ. ს. მაკალათიამ კომპლექსის აღმოსავლეთით აღმოაჩინა ქვაზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ხუცური წარწერა: „ედერ (სასა) გათ (?) რ (?) ბ (?) გრნს“ (მაკალათია 1934: 236). 1978-1980 წწ. ბეთლემის ექსპედიციის წევრებმა ამის გარდა მიაკვლიეს სხვა წერწერების ცუდად შემორჩენილ ფრაგმენტებსაც (მარგველაშვილი 1979: 19). სამონასტრო კომპლექსიდან 250 მ-ით ზემოთ, ზღვის დონიდან 3982 მ-ზე მდებარეობს გამოქვაბული, რომლიდანაც გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის რკინის ჯაჭვი. გამოქვაბულში შემონახულია სტელის ბაზა (მარგველაშვილი 1979: 17, 22).
წყარო: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9