A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლეგ ლეი ლელ ლემ ლენ ლეს ლეტ ლექ ლეჩ

ლეგიტიმურობა

  1. ფართო აზრით, ნიშნავს სოციალური წესრიგის, მოქმედების, მოქმედი პირის, ან ხდომილების აღიარებასა და გამართლებას, უფრო ზუსტად, მათი კანონიერების რწმენას. ხშირად მას უპირისპირებენ ლეგალობას (მაგ., კ. შმიდტი), როგორც საკუთრივ კანონიერს, ანუ იმას, რაც გამოხატულია იურიდიული ნორმებით. ამ კატეგორიებს უკავშირდება აგრეთვე ლეგიტიმაციის ცნება, რომელიც სოციალური წესრიგის, ღირსებისა და ღირებულების აღიარების პროცესია. ლ. სოციოლოგიაში დაამკვიდრა მაქს ვებერმა. ვებერის თანახმად, სოციალური ურთიერთობის შინაარსს შეიძლება ეწოდოს „ლეგიტიმური წესრიგი“ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა ქცევა ორიენტირებულია მკაფიოდ განსაზღვრულ „მაქსიმებზე“, რომლებიც მნიშვნელადია ინდივიდებისათვის და მათ მიერ ჩაითვლება სავალდებულოდ და მისაბაძ ნიმუშად. სოციალური წესრიგის უზრუნველმყოფი ლეგიტიმური ნორმების მნიშვნელადობა შენარჩუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნორმებს არღვევენ, ამიტომ დამრღვევი იძულებულია დაფაროს თავისი დანაშაული. სოციალური წესრიგის ლ.შეიძლება გარანტირებულ იქნეს როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. შინაგანად იგი გარანტირებულია აფექტური, ღირებულებით-რაციონალური და რელიგიური მოტივებით. პირველი შემთხვევა არსებული წესრიგის მიმართ ემოციური ერთგულებაა, მეორე შემთხვევა - მისი უცვლელობის რწმენა, რამდენადაც წესრიგი მიიჩნევა უპირობო (აბსოლუტური) ღირებულებების გამოხატულებად, მესამე შემთხვევა - იმის რწმენაა, რომ მოცემული წესრიგის შენარჩუნებაზე დამოკიდებულია ადამიანთა უმაღლესი სიკეთე და ხსნა. ლ-ის გარეგანი მაგარანტირებელი ფაქტორებია შეთანხმებულობა და სამართალი. პირველი მათგანი ლ-ის გარანტიას ქმნის იმის რწმენით, რომ წესრიგისაგან ნებისმიერი გადახრას მოჰყვება გაკიცხვა ადამიანთა განსაზღვრული წრის შიგნით, რომელიც ამ წესრიგს მნიშვნელადად და კანონიერად თვლის. მეორე ფაქტორი გულისხმობს ადამიანთა სპეციალური ჯგუფის არსებობას, რომლის ფუნქციაა წესრიგის დაცვა ძალის გამოყენების საშუალებით. (იხ. მნიშვნელადობა).

    ლ. მთავრობის მიერ ქვეყნის მართვის უფლების საერთაშორისო აღიარებაა. ლ. ხშირად უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამართლებრივი. ლ-ის დოქტრინა უკავშირდება ეკვადორისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ტობარისა და უილსონის სახელებს. თავდაპირველად ლ-ის აღიარების საჭიროება დადგა იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში მთავრობა იცვლებოდა ქვეყნის კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი მეთოდებით, როგორიცაა სახელმწიფო გადატრიალება ან რევოლუცია. მოგვიანებით ვუდრო უილსონმა შემოიღო „დემოკრატიული ლეგიტიმურობის“ ცნება, რომელიც ხალხის მიერ აღიარებული რეჟიმისათვის, თუნდაც იგი არაკონსტიტუციური გზით ყოფილიყო ხელისუფლებაში მოსული, ლეგიტიმური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. საერთაშორისო ურთიერთობებში ლ. დაკავშირებულია არამარტო ცალკეულ მთავრობასთან, არამედ მთელ საერთაშორისო სისტემასთანაც, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტატუს-კვოს აღიარებს და არც ერთი მათგანი სისტემის რევოლუციური გარდაქმნის მოთხოვნით არ გამოდის.

    იხ. აგრეთვე: პარლამენტი
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. განსაზღვრავს ხელისუფლების (ან რეჟიმის) ძალაუფლებას და გავლენას, მისადმი დამოკიდებულებას და პატივისცემას. ლეგიტიმურობა დამოკიდებულია არა მარტო ხელისუფლების მოპოვების გზის კანონიერებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად მისაღებია ეს ხელისუფლება საზოგადოებისთვის (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001).
    წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის. - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004. - 48გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20983]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9