A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ ახ
ათა ათე ათლ

ათენა

ბერძნ.
ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.იგი განასახიერებს სიბრძნეს; მფარველობს ქალაქებს, სახელმწიფოებს, მეცნიერებას, მიწათმოქმედებას, ხელოსნობას; მას მიიჩნევენ სამართლიანი და გონიერი ომების ქალღმერთად.რომაულ მითოსში იგი მინერვას სახელით შევიდა.

ათენას სახელს მრავალი ლეგენდა და მითოსი უკავშირდება. მათ შორის ყურადღებას იპყრობს მისი დაბადების ამბავი: ზევსს შეუყვარდა სიბრძნის ღვთაება მეტისი, რომელსაც არ სურდა უზენაეს ღვთაებასთან სარეცლის გაზიარება და სხვადასხვა სახედ გარდასახული ემალებოდა მის თვალთა მზერას.მაგრამ ერთხელაც დაიჭირა იგი ზევსმა და შეეუღლა.წინასწარმეტყველება ასეთი იყო. დაიბადება ქალწული, სიმამაცითა და გონიერებით მამის სწორი, მაგრამ მეტისი თუ კვლავ დაფეხმძიმდება, იშვება ვაჟი, რომელიც დაამხობს მამას. შეშინდა ზევსი, საალერსო სიტყვებით შეიტყუა მეტისი თალამოსში და ჩაყლაპა.

გავიდა ხანი. ერთხელ, როდესაც ტრიტონის ტბის სანაპიროზე სეირნობდა ზევსი, შემაძრწუნებელი თავის ტკივილი იგრძნო. მან საზარლად დაიღრიალა.უმალ მასთან გაჩნდა ჰერმესი, მიხვდა, რაც ხდებოდა და ჰეფესტოსკენ ისწრაფა. მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ ზევსს უროთი გაუპო თავი და საოცარი რამ იხილეს მაშინ ღმერთებმა. ზევსის თავიდან ამოიმართა ბრწყინვალე აღსაკაზმავით შემოსილი დიდებული ღვთაება.ეს იყო ათენა.მისი თვალები სიბრძნეს აფრქვევდნენ.თავად კი ფარით და მახვილით ხელში ბრწყინავდა საოცარი მშვენიერებით.

ზევსის თავიდან დაბადებული ათენა ღვთაებათა მეუფის აზრების განსახიერებად გვევლინება. მისი სიმბოლო არის ბრძენი ბუ და ამიტომ მას "ბუსთვალებას" უწოდებენ. მაგრამ ყველაზე ხშირად მას ათენა - პალასად მოიხსენიებენ, ხოლო "პალასი" ბერძნულად "ქალწულს" აღნიშნავს. ათენას არასოდეს ჰყოლია ქმარი და ამიტომაც უწოდებდნენ ქალწულ - ღვთაებას. იგი კეთილი ქალღმერთი იყო. მან გამოიგონა ფლეიტა, საყვირი, კერამიკული ქოთანი, გუთანი, ფოცხი, უღელი ხარებისთვის, ლაგამი ცხენებისთვის, ორთვალა ეტლი და ხომალდი. მან პირველმა ასწავლა ადამიანებს თვლის ხელოვნება, ხოლო ქალებს ყოველგვარი ხელსაქმე - რთვა თუ ქსოვა. ათენას დიდ პატივს მიაგებდნენ ადამიანები. ქალღმერთი დიდად აფასებდა მათ სიყვარულს და ვერ იტანდა სითავხედეს. ჩვენამდე შემორჩა მშვენიერი მითი, თუ როგორ დასაჯა ათენამ არაქნე მხოლოდ იმისათვის, რომ შეეცადა ღვთაებას გატოლებოდა მისგანვე ნასწავლი ხელსაქმით. მდაბიო ოჯახის შვილმა არაქნემ თავისი ხელოვნებით, სიბეჯითითა და გულმოდგინებით ლიბიის ქალაქებში დიდი სახელი მოიხვეჭა. იგი ნატიფი ოსტატობით ნისლივით ფაფუკ ძაფებს რთავდა და ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. რა თქმა უნდა, ათენა - პალასმა ასწავლა მას ეს ხელოვნება, მაგრამ არაქნე უარყოფდა მის შეგირდობას.მან შეჯიბრში გამოიწვია დიდი ქალღმერთი. ყურად არ იღო მისი გაფრთხილება, დაეოკებინა ქედმაღლობა. მაშინ კი აღარ დაახანა ზევსის ასულმა და მოკვდავის გამოწვევა მიიღო.

პირისპირ დადგნენ მეტოქენი, ორ დაზგაზე დაჭიმეს სიფრიფანა ქსელი, კაბის კალთები აიკეცეს და აჩქარებით იწყეს ჩვეული საქმიანობა, ფაფუკ ძაფებზე გადმოღვარეს ოქროს ციალი და ქსოვილებზე გამოსახეს ღმერთების ძველი ამბები. ათენამ წარმოსახა დიდებული აკროპოლისი და ატიკაზე მეუფებისთვის ატეხილი მისი დავა პოსეიდონთან.ცხოლო არაქნემ მოქარგა ღმერთთა ცხოვრების ის სცენები, სადაც უკვდავნი, ადამიანურ ვნებათაგან შეპყრობილნი, არაღვთაებრივ სისუსტეს იჩენდნენ. განრისხდა ათენა-პალასი. ღმერთთა ბრალდებებით ამოქარგული ქსელი გაგლიჯა და მის მომქარგველს მაქო შუბლში ჩასცხო.შეურაცხყოფილმა არაქნემ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ შეიბრალა იგი ღვთაებამ, თოკიდან ჩამოხსნა და სიცოცხლე დაუბრუნა, თუმცა ობობად გარდასახა, რათა მას და მთელ მის მოდგმას მუდამ ექსოვა ქსელი.

ათენას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ატიკაში, იქ სადაც მდებარეობდა მისი სახელით სახელდებული ქალაქი ათენი. ატიკაზე მეუფებისთვის დავა, რომელიც ათენამ არაქნესთან შეჯიბრისას მოქსოვა, ასე აისახა მითოსში; როდესაც გეას ვაჟმა კეკროფსმა ააგო აკროპოლისი, ღმერთებს შორის დავა გაიმართა იმაზე, თუ ვინ იქნებოდა ქალაქის მფლობელი. ზევსმა მოიწვია კრება და გამოაცხადა, რომ ქალაქის მფარველობა მას ერგებოდა, ვინც რაიმე ძვირფასს შესძენდა მხარეს. მაშინ პოსეიდონმა სამკაპი ჩასცა კლდეს და ზღვის მლაშე წყალმა სამ ჭავლად ამოხეთქა მიწის სიღრმიდან, ხოლო ათენამ მიწაში შუბი ჩაასო და ზეთისხილი აღმოაცენა. დავა კეკროფსმა გადაწყვიტა: მან ათენას ძღვენს მიანიჭა უპირატესობა. ამგვარად, ქალაქის მფარველობა ათენას ერგო, ხოლო კეკროფსის ქალაქს მისი სახელი ეწოდა. მას შემდეგ ზეთისხილი წმინდა მცენარედ ითვლება.

ათენა ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე არეოპაგოსში მსჯავრის გამოტანისას.თუკი მსაჯულთა ხმები თანაბრად გაიყოფოდა, ყოველთვის იყო მსჯავრდებულის შემწყალებელი. იგი მებრძოლთა მფარველიც იყო.მისი წყალობით იმარჯვებდნენ მძიმე ბრძოლებში ისეთი გმირები, როგორებიც იყვნენ ჰერაკლე, დიომედესი და ოდისევსი.

ათენას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. მას მრავალი დღესასწაული ეძღვნებოდა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ის ზეიმები, რომლებიც მიწათმოქმედებას უკავშირდებოდა. საყოველთაო ხასიათისა იყო დიდი პანათენური დღესასწაული - აპოთეოსი ათენას სახელმწიფოებრივი სიბრძნისა.

ათენას რომაული სახელი იყო მინერვა. რომაელები მას წარმოსახავდნენ მრისხანე გამომეტყველების დიდებულ ქალად, რომელსაც თავს ერქვა მუზარადი და აღჭურვილი იყო ოროლითა და ეგისით. ფიდიასის მიერ (ძვ.წ.V ს.) სპილოს ძვლითა და ოქროთი შესრულებული ცნობილი უზარმაზარი ქანდაკებიდან, რომელიც ათენის აკროპოლისზე მდებარე პანთეონის ტაძრის მშვენება იყო, ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ ასლები და რეპლიკები (მაგალითად, ათენა პერგამონიდან; ათენას თავი, რომელიც დაცულია კოპენჰაგენში და სხვა). ჩვენამდე მოაღწია ფიდიასის ცნობილი ქანდაკების, ათენა-ლემნიას ფრაგმენტებმა (დაცულია დრეზდენისა და ბოლონიის მუზეუმებში), აგრეთვე ძვ.წ.V-IV საუკუნეების მრავალრიცხოვანმა გამოსახულებამ, რომელზეც ღვთაება წარმოდგენილია დიდებული და მშვიდი სახით, რაც მის კეთილგონიერებასა და მშვიდობისმოყვარე ფუნქციაზე მიგვანიშნებს.

 
ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს
წყარო: ბიბლიოვიკი ათენა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9