სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. შედგება წელში გამოყვანილი კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზემო დეკას შუაში სარეზონატორო ღრუ აქვს, ყელზე-კილოებიანი გრიფი, საკრავის თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. თავდაპირველად სიმებს ნაწლავებისაგან აკეთებდნენ, მოგვიანებით ლითონისა და ნეილონისაგან. XII ს. ესპანურ გ-ს ოთხი ორმაგი სიმი ჰქონდა. XVII ს. იტალიაში, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში გავრცელდა ე. წ. ესპანური გიტარები, რომლებსაც ხუთი ორმაგი სიმი ჰქონდა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გ-მ XVIII ს. შუა წლეში, ამ დროისთვის 5 ორმაგი სიმის ნაცვლად შემოიღეს 6 ცალფა სიმი. რუსეთში ძალზე გავრცელდა შვიდსიმიანი, ტერციული წყობის ( ე. წ. რუსული). გ-ს იყენებდნენ ძირითადად სიმღერის აკომპანემენტისათვის, აგრეთვე კამერულ ანსამბლებში და სოლო საკრავზედაც. ზოგ ქვეყანაში გ. ხალხ. საკრავად იქცა. გ-ისთვის ნაწარმოებები დაწერეს: ნ. პაგანინიმ, მ. დე ფალიამ, ე. ვილა ლობოსმა და სხვ. ცნობილი გიტარისტები არიან: მ. ჯულიანი (იტალია), ფ. სორი, ფ. ტარეგა, ა. სეგოვია (ესპანეთი), მ. ლ. ანიდო (არგენტინა), ა. სიხრა, მ. ვისოცკი, მ. სოკოლევი, ა. ივანოვ-კრამსკოი, საქ-ში თ. ყვითელაშვილი და სხვ. XX ს-ში გავრცელდა გიტარის ნაირსახეობანი-ჰავაიური და ჯაზ-გიტარა.
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")