საქართველოს ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე, მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირეჯიბს ჰქონდა გამორჩეული უფლება მეფისათვის მოეხსენებინა „სააჯო კარში“ შემოსულ უმნიშვნელოვანეს საჩივართა და სათხოვართა („საურავთა“) შესახებ. ამ მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ნებადართული იყო მეფესთან შესვლა ყველგან - სალაროში, საჭურჭლეში, საწოლში, მაშინაც კი, როცა მეფე „უკაზმავი იყო“, საიდანაც მსახურთუხუცესსაც კი არ შეეძლო მისი დათხოვნა. საკარო ეტიკეტის მიხედვით, მეფესთან პირადი აუდიენციების დროსაც კი, ამირეჯიბი იყო მეფის ძირითადი მომხსენებელი (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე). ასეთივე ფუნქცია შეეძლო შეესრულებინა ეჯიბსაც. ამირეჯიბისათვის ასეთი დიდი უფლებების მინიჭება თავისთავად მოწმობს, რომ ამირეჯიბის ხელში იყრიდა თავს სახელმწიფო მმართველობისათვის დიდმნიშვნელოვანი ინფორმაცია (ივ. ჯავახიშვილი). ამასთანავე, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ცნობილია, რომ ზედამდგომელი ეჯიბი ჰყავდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსაც, რომელიც ორშაბათობით სააჯო კარში სამართალს აღასრულებდა. ამრიგად, ადგილი, საიდანაც ამირეჯიბი მეფისათვის მოსახსენებელ ინფორმაციას კრებდა, „სააჯო კარი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ამირეჯიბი და მისი ხელქვეითი ეჯიბები აქ ახდენდნენ შემოსული სათხოვარ-საჩივრებისა და სხვადასხვა ხასიათის მოხსენებების დახარისხებას იმის მიხედვით, თუ რომლის განხილვა მართებდა უშუალოდ მეფეს ან რომელიმე სხვა მოხელეს (ი. ანთელავა). ამირეჯიბი იყო ერთ-ერთი იმ სამ მოხელეთაგან (საწოლის მწიგნობარი, ამირახორი, ამირეჯიბი), რომელსაც შეეძლო სავაზირო სხდომაზე დასწრება (ცხადია, როგორც მომხსენებელს, სათათბირო ხმის უფლების გარეშე). ამირეჯიბი, როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ცერემონმეისტერი, მონაწილეობას იღებდა სასახლეში დარბაზობისა და პურობისათვის დადგენილი განაწესის შესრულებაში, რასაც ზუსტად უნდა აესახა არსებული სამოხელეო იერარქია. ამირეჯიბს მუდამ თან ახლდა პირადი მხლებელი - „ზედამდგომელი მანდატური“, რომელიც პურობის დროსაც თავს ადგა. აღვსების (აღდგომის) დღეს ამირეჯიბის უნდა მოეკითხა (მიელოცა) თავისი უშუალო უფროსის, მანდატურთუხუცესისათვის, თავად ამირეჯიბს კი, მესტუმრე და მერიგე მოიკითხავდა.