A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაუ ბაც ბაჯ

ბაზიერთუხუცესი

რუს.
მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელე XVII-XVIII სს-ის საქართველოში. მას ებარა ნადირობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობა. ერთიანი ფეოდალური მონარქიის პერიოდში ამ საქმეებს მონადირეთუხუცესი განაგებდა, ხოლო საქართველოს დაშლის შემდეგ - ბაზიერთუხუცესი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ბაზი“ შევარდენია, ხოლო „ბაზიერი“ - მეშევარდნე, შევარდენთა მწვრთნელი. ბაზიერთუხუცესი თავის საქმიანობას უძღვებოდა ბაზიერებისა და მეძაღლეთუხუცესის დახმარებით, რომლებიც იყოფოდნენ სხვადასხვა სახეობის მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მწვრთნელებად. ბაზიერები სანადირო ფრინველთა გამოზრდა-გაწვრთნასთან ერთად პასუხისმგებელნი იყვნენ „საშევარდნო გადასახადის“ აკრეფაზეც. ბაზიერთუხუცესის უფლება-მოვალეობებს ეხება იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“: „ბაზიერთუხუცესი ყოველთა მონადირეთა უფროსია და ყოველი სანადირო ადგილნი, მინდვრისა თუ ტყისა, თუ ჭალისა, და ფრინველი მის ხელქვეშ უნდა იყოს, რომ უიმისოდ ვერავინ ინადირებდეს, მეტადრე ყარაიაზედ და იორშია“. ბაზიერთუხუცესს ჰქონდა ჩაბარებული „სანადირო ფრინველნი, სანადირო ძაღლნი ... მეძაღლეები და ბაზიერები“. ამრიგად, გარდა მონადირე ფრინველთა და ძაღლთა მოშენება-მოვლისა, ბაზიერთუხუცესის მოვალეობა ყოფილა მეფის სანადირო ადგილ-ნაკრძალების დაცვა, რასაც მის უწყებაში შემავალი ტყისმცველები და „ჯელგის კაცნი“ ემსახურებოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინა ბაზიერთუხუცესს სამეფო სანადირო ზონების - ივრის ხეობისა და ყარაიის - დაცვის საქმეში. აქ მას მუდამ მზად უნდა ჰქონოდა სამეფოდ „შემოღობილნი ადგილნი და ნადირნი დამწყვდეულნი...“ (ოანე ბატონიშვილი). გარეშე პირებს, ბაზიერთუხუცესისაგან ნებართვის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ მთიან ზოლში შეეძლოთ ნადირობა. ბაზიერთუხუცესს წილი ჰქონდა მეფის სანადირო და სათევზაო ადგილებიდან მიღებულ შემოსავლებში, სანადირო წესების დამრღვევთა ჯარიმებში, ქალაქის საბაჟო გადასახდებში და, აგრეთვე, რიგითი ბაზიერებისა და ტყისმცველების შემოსავლებში.
იხ. აგრეთვე: მოხელე
წყარო: ბიბლიოვიკიბაზიერთუხუცესი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9