უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება. სამოხელეო ტერმინი მდივანი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი და მდივანი, რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მდივანს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მდივანთა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მდივანობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მდივანს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.