A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მენელაოსი

ბერძნ.
მიკენის მეფის, ატრევსის ძე. აგამემნონის უმცროსი ძმა. ელენეს მეუღლე, სპარტას მეფე.

როდესაც ატრევსი მოკლეს, მიკენში გამეფდა თიესტესი, მკვლელის მამა. მან ქალაქიდან გააძევა მეფისწულები, რომლებმაც თავი შეაფარეს სპარტას, სადაც მეფობდა ტინდარეოსი. იქ მენელაოსმა იქორწინა მეფის ასულთაგან უმშვენიერეს ელენეზე. ტინდარეოსის სიკვდილისა და ელენეს ძმების, დიოსკურების, გაღმერთების შემდეგ იგი სპარტას სამეფო ტახტზე ავიდა. ელენესაგან მას შეეძინა ერთი ქალიშვილი, ჰერმიონე და სამი ვაჟი – ეტიოლოსი, მარათიოსი და პლისთენესი. ათი წელი ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ.

როდესაც ილიონის მეფისწულმა, პარისმა, დაქორწინება განიზრახა, აფროდიტეს რჩევით სპარტას ეწვია. მენელაოსმა სტუმრის პატივსაცემად ნადიმი გამართა, რომელიც ცხრა დღე გაგრძელდა. მეფემ ელენეს სტუმრების გართობა და სამეფოს მართვა დაავალა, რადგანაც თავად კრეტაზე უნდა გამგზავრებულიყო თავისი პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად. მენელაოსის წასვლისთანავე პარისმა მოიტაცა ელენე. ეს ამბავი, ჰერას ბრძანებით, ირისმა ამცნო მეფეს. იგი სასწრაფოდ დაბრუნდა თავის სასახლეში და აგამემნონს სთხოვა დახმარება. ძმებმა შეკრიბეს დიდძალი ლაშქარი და ილიონის ნაპირებისაკენ დაიძრნენ. ასე დაიწყო ტროას ცნობილი და ხანგრძლივი ომი, რომელმაც მრავალი სახელოვანი მებრძოლი შეიწირა.

თავდაპირველად მენელაოსმა შესთავაზა ტროას მეფე პრიამოსს, უომრად დაებრუნებინა ელენე, მაგრამ უარი მიიღო. როდესაც ომი გაჩაღდა, იგი თავგამოდებით იბრძოდა. ორთაბრძოლისას დაამარცხა კიდეც პარისი, მაგრამ აფროდიტემ იხსნა მეფისწული დაღუპვისაგან. მენელაოსი ტროელმა პანდაროსმა დაჭრა აპოლონისგან ნაბოძები ისრით, თუმცა იარა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. მედგრად იბრძოდა იგი ბრძოლის ველზე დაცემული პატროკლოსის გვამის გამოსატანად. სხვა მეომრებთან ერთად იჯდა საბედისწერო „ხის ცხენში“ და სწორედ მან განგმირა უკანასკნელი შებრძოლების ჟამს პრიამოსის ძე დეიფობოსი, რომელსაც პარისის გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეერთო ელენე.

ტროას დაცემისთანავე მენელაოსი ელენესთან ერთად გაემართა მშობლიური ნაპირებისაკენ. მიუახლოვდა თუ არა პელოპონესოსს, ქარიშხალმა კრეტასკენ გადაისროლა მისი ხომალდი. რვა წელი იხეტიალა მენელაოსმა, მოინახულა კვიპროსი, ფინიკია, ეგვიპტე და დიდძალი განძიც დააგროვა. ეგვიპტეს უკავშირდება მითოსის სხვა ვერსია, რომლის თანახმადაც, ტროაში ელენეს აჩრდილი იყო მხოლოდ, თავად კი, ზევსის ნებით (ელენე ხომ ზევსის ასული იყო), ეგვიპტეში ელოდებოდა მეუღლეს. სპარტაში დაბრუნების შემდეგ მენელაოსი ბედნიერად ცხოვრობდა საყვარელ ელენესთან ერთად.

გარდაიცვალა ღრმად მოხუცი და, როგორც ზევსის სიძეს, ბედად ხვდა დავანება ელისიონში, სადაც ნეტარად განისვენებდნენ ღმერთთა რჩეული გმირები.

ძველ საბერძნეთში დადასტურებულია მენელაოსის კულტის არსებობა. მისი სახე ხატოვნად აისახა ანტიკურ ლიტერატურასა (ჰომეროსი, ევრიპიდე და სხვა) და ხელოვნებაში. ქარაგმულად „მენელაოსი“ მოტყუებულ ქმარზე მიანიშნებს.

 
ტროას ომში იბრძოდა აქაველების მხარეს
იხ. აგრეთვე: ილიადა, ოდისეა
წყარო: ბიბლიოვიკი აქილევსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9