დიდი აიასი ტელამონის ძე იყო. როდესაც იგი დაიბადა, გმირმა ჰერაკლემ ჩვილი ნემეას ლომის ტყავში გაახვია და ზევსს სთხოვა, მიენიჭებინა მისთვის ნადირთა მეფის მსგავსი ძალა და გამბედაობა. მართლაც, აიასი გოლიათური აღნაგობის ყმაწვილი დადგა და სულ მალე გაითქვა სახელი თავისი ძალმოსილებით. ტროას ნაპირებს იგი თორმეტი ხომალდით მოადგა და ისეთი ძალისხმევით იბრძოდა, რომ ბერძნები აქილევსის შემდეგ უპირველეს მებრძოლად მას აღიარებდნენ. როდესაც ჰექტორმა ორთაბრძოლაში გამოიწვია უმამაცესი აქაველთაგან, ცხრა მეომარი შეიმართა. წილი ყარეს და ბრძოლის პატივი ერგო აიასს, რომელმაც არ დაახანა და ძირს დასცა ტროელი გმირი. მაგრამ ღმერთები ჰექტორის მხარეს აღმოჩნდნენ და არ ისურვეს მისი დამარცხება. როდესაც განგმირეს პატროკლოსი, აიასმა არ დაანება ტროელებს მისი წაბილწვა, მანვე გამოიტანა ბრძოლის ველიდან აქილევსის გვამიცა და აღსაჭურველიც. თეტისმა, აქილევსის დედამ, ისურვა აქაველთაგან უმამაცესს გადასცემოდა ეს საბრძოლო აღსაკაზმავი. ცბიერმა ოდისევსმა მოისყიდა ტყვე ტროელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი ზიანი მათ ოდისევსმა მიაყენა. სწორედ ამიტომ თავშეყრილმა ბრბომ ოდისევსს მიაკუთვნა ძვირფასი ჯილდო. უსამართლობით განრისხებულ აიასს სურდა ამოეხოცა აქაველები, მაგრამ ათენამ, რომელიც მისი მფარველი იყო, სიგიჟე მოუვლინა. ბერძენთა ნაცვლად აიასი ჯოგს დაესხა თავს, ხოლო როდესაც გონს მოეგო, სასოწარკვეთილებისაგან თავი მოიკლა. მოგვიანებით, როდესაც ჰადესის სამეფოში ჩავა ოდისევსი და აიასის აჩრდილს შეხვდება, გულდაწყვეტილი ტელამონიდი მას ხმას არ გასცემს. აიასი ბერძენთა საყვარელი გმირი იყო. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდა დიდი პოეტი პინდაროსი თავის ოდებში. აიასის მითოსზეა აგებული სოფოკლეს ტრაგედია სახელწოდებით „აიასი“. ამავე თემას ეძღვნებოდა ესქილეს ჩვენამდე ვერმოღწეული ტრილოგიაც.