A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ენგ ენდ ენე ენთ ენლ ენო ენქ

ენეასი

ბერძნ.
ბერძნულ-რომაული მითოსის გმირი, ტროას ომის მონაწილე, დარდანიელთა განმგებელი, ანქისესის და აფროდიტეს ძე.

ენეასი იდას მთაზე შვა აფროდიტემ და ამავე მთის ნიმფებს უბრძანა მისი აღზრდა. თავდაპირველად ენეასი არ მონაწილეობდა ტროას ომში. მხოლოდ მას შემდეგ ჩაება იგი ბრძოლაში, როდესაც აქილევსი თავს დაესხა მის არვეს. ენეასს მფარველობდნენ აფროდიტე და აპოლონი (ტროელთა მომხრე ღმერთები). კეთილმოწყალე იყო მის მიმართ პოსეიდონიც. სწორედ მან, ბერძენთა გამარჯვების მოსურნე ღმერთმა, იხსნა ენეასი აქილევსის მძვინვარებისაგან. აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰომეროსის ჰიმნის მიხედვით, ენეასი რჩება დარბეულ ტროაში და ტროელთა სამეფო ტახტზე ადის. გვიანი ხანის თქმულებებში ენეასი ტროას დამხობის შემდეგ გადარჩენილ დარდანიელებთან ერთად ზღვის მიღმა სახლდება. ზოგი ვერსიის მიხედვით, იგი ეპიროსის ან თესალიის მკვიდრი ხდება. ძვ.წ. VI საუკუნისათვის ჩნდება მითოსი, რომლის თანახმადაც, ენეასი იტალიისკენ მიემგზავრება. რომის სახელმწიფოს აღმავლობასთან ერთად თავს იჩენს ახალი ლეგენდა, სადაც ენეასი, გადაარჩენს რა ტროელთა სიწმინდეებს, ლატიუმს ეწვევა, მისი შთამომავლები კი დააარსებენ ქალაქ რომს. იულიუსთა რომაული მოდგმა და იმპერატორთა იულიუს კეისრის მიერ დაფუძნებული დინასტია თავის წინაპრად ენეასის ვაჟს, იულუსს (ასკანიუსს) მიიჩნევდა.

ენეასის მოგზაურობისა და მის მიერ ლატიუმში ქალაქთა დაარსების ამბებს რომაელი ავტორები სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ. ყველაზე ვრცლად და ხატოვნად მას ვერგილიუსი წარმოგვიდგენს „ენეიდაში“. რომაული ვერსიით, ენეასმა დატოვა დარბეული ტროა და ალმოდებული ქალაქიდან მხრებზე შესმული გამოიყვანა მოხუცი და დავრდომილი მამა ანქისესი. მას თან ახლდნენ მეუღლე კრეუსა, რომელსაც მალე დაკარგავს და ვაჟიშვილი იულუსი. თავი მოუყარა რა გადარჩენილ ტროელებს, ენეასმა ოცი ხომალდით შეცურა ზღვაში. ეწვია თრაკიას, კრეტასა და სიცილიას. სიცილიაზე გარდაიცვალა ანქისესი. აქედან ენეასი გაემგზავრა ლატიუმისკენ, მაგრამ ჰერამ იგი ქარაშოტში მოახვედრა და ხომალდებით კართაგენში გადაისროლა. აქ ენეასი შეუყვარდა დედოფალ დოდონეს, კართაგენის დამაარსებელს. ჰერა და აფროდიტე ხელს უწყობდნენ მათ შეუღლებას, მაგრამ ზევსმა კართაგენის დატოვება უბრძანა გმირს. ენეასი კვლავ სიცილიის ნაპირებისაკენ გაემგზავრა, სადაც მოაწყო სამგლოვიარო თამაშები მამის საფლავზე. შემდეგ შენავდა ქალაქ კუმეში. თავისი ბედის შესაცნობად ენეასი მიწისქვეშეთში ჩადის, სადაც შეხვდება მამა-ანქისესს. იგი შვილს უწინასწარმეტყველებს, რომ ახალ ქვეყანაში მისი ჩამომავლები სახელს გაითქვამენ და დიადი სახელმწიფოს დაფუძნებას დაუდებენ დასაბამს. ენეასი მოისმენს მამის ბრძნულ რჩევებს და ისწრაფებს ლატიუმისკენ. მას გულთბილად მიიღებს აბორიგენთა მეფე ლატინუსი, რომელიც უბოძებს მიწას ქალაქის დასაარსებლად. მეფე თავისი ასულის, ლავინიას ხელს ჰპირდება ენეასს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე ასეთივე პირობა მისცა რუტულთა მეფე ტურნუსს. შეურაცხყოფილი ტურნუსი ომს უცხადებს ტროელებსა და ლატინუსს. ბრძოლაში იღუპება ტურნუსიც, ლატინუსიც. ენეასი კი გააერთიანებს აბორიგენებსა და ტროელებს და მათ ლატინებს უწოდებს. გამარჯვებული გმირი ცოლად შეირთავს ლავინიას. ოთხი წლის შემდეგ იწყება ახალი ბრძოლა რუტულებთან. ომში ენეასი უკვალოდ ქრება. მას აფროდიტე ცად აღაზევებს. მამის გარდაცვალების შემდეგ ლატიუმის მეფე გახდება ენეასის ძე პირველი ქორწინებიდან იულუსი (რომელსაც ადრე ერქვა ასკანიუსი).

ხელოვნების მრავალრიცხოვან ქმნილებებში ენეასს წარმოსახავდნენ ახოვან კაცად, რომელსაც მხრებით მიჰყავს მოხუცი მამა. ვხვდებით აგრეთვე ენეასის და დოდონეს სიყვარულის ამსახველ გამოსახულებებსაც (რუბენსი, ტინტორეტო, პუსენი).

 
ტროას ომში იბრძოდა ტროელების მხარეს
წყარო: ბიბლიოვიკი ენეასი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9