A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აპა აპე აპლ აპო აპს

აპოლონი

ბერძნ.
ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. მზისა და სინათლის განმასახიერებელი ღმერთი. წინასწარმეტყველი, მკურნალი და ხელოვნების მფარველი. ზევსის ძე, არტემისის ტყუპისცალი.

ოლიმპიელ ღმერთთა შორის აპოლონს ყველაზე უფრო ბერძენ ღვთაებად მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ზევსის კულტის საბოლოო დამკვიდრებამდე სწორედ აპოლონი იყო უზენაესი ღვთაება. მისი ერთ-ერთი ეპითეტი იყო „თურაიოსი“ („მეკარე“). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად იგი სახლის ზღურბლის, ქალაქის კარიბჭისა და ქვეყნის მისადგომთა მცველი ღვთაება უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში კი აპოლონს მრავალი მითი დაუკავშირდა და ასევე მრავალი ფუნქცია დაეკისრა. მისი დაბადების მითოსი კი ასეთია:

ზევსს მოეწონა ტიტან კოიოსის ასული ლეტო და ჰერას ზედმეტად რომ არ ეეჭვიანა, მწყერად გარდაისახა და ასევე მწყერად გარდასახულ ლეტოს შეუწყვილდა. ეს ამბავი ჰერამ მაინც შეიტყო. მან გეას შობილი საშინელი გველი პითონი მიუჩინა მუცლადქმნილ ტიტანიდს და განაცხადა, რომ ლეტო ვერ იმშობიარებდა იქ, სადაც აღწევდა მზის სხივი. პითონისაგან დევნილმა ლეტომ ბოლოსდაბოლოს მიაღწია ორტიგიას, სადაც შვა ჯერ არტემისი, რომელიც დაბადებისთანავე მიეხმარა დედას, გადაელახა ვიწრო სრუტე და კუნძულ დელოსზე ეშვა აპოლონი. ოთხი დღის იყო ახალშობილი, როდესაც მოითხოვა მშვილდი და ისრები. შემდეგ ისწრაფა პარნასოსის მთისაკენ, სადაც პითონი ეგულებოდა. ერთ პირქუშ ხეობაში მიაკვლია მის სამყოფელს. როდესაც ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, აპოლონმა ოქროს ისრები სტყორცნა. დაჭრილი პითონი დელფოსკენ გასრიალდა და გეას სამისნოს შეაფარა თავი. აპოლონმა გაბედა და ღვთაებრივი უფსკრულის პირას ამოხადა საზარელ ურჩხულს სული.

პითონი დედა-ღვთაების, გეას ძე იყო და ამიტომაც ზევსმა აპოლონს მოუწოდა, განწმენდილიყო დაღვრილი სისხლისაგან, ხოლო შემდეგ პითონის პატივსაცემად დაეარსებინა პითიური ასპარეზობანი. ასეც მოიქცა აპოლონი. მან დააწესა პითიური შეჯიბრებები და დააფუძნა დელფოს ტაძარი და სამისნო, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მისი კულტისადმი მიძღვნილ სხვა ტაძართა შორის.

დელფოს დიდება ძვ.წ. VII საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება. იგი იქცევა ბერძენთა საერთო რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად. დელფოს სახელი გასცდა ელინურ სამყაროს. აქ მოდიოდნენ არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან წინასწარუწყების მოსასმენად. აქ, სამისნოში, აპოლონის წმინდა სამფეხზე იჯდა ქურუმი ქალი პითია და ღმერთის ნებას აუწყებდა მოსულთ. როგორც წესი, მისი უწყება ორაზროვნებით ხასიათდებოდა, რაც მისი ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობებს ქმნიდა. ამით ქურუმებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული ზეგავლენა მოეხდინათ მთელი საბერძნეთის პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებაზე.

დელფოში ტარდებოდა აპოლონისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: თეოფანიები, თეოქსენიები, პითიური ასპარეზობანი. ეს უკანასკნელი თავისი დიდებულებით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებს თუ ჩამოუვარდებოდა. დელფო უამრავ შესაწირს იღებდა მორწმუნეთაგან. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალე ნივთების, ხელოვნების ნიმუშთა საგანძურად იქცა.

აპოლონი ღმერთთა შორის ულამაზესი იყო. მაღალსა და ახოვანს, ოქროსთმიანს ამშვენებდა მარადიული ახალგაზრდობა და ღვთაებრივად ნათელი თვალები, რომლებიც სივრცისა და დროის მიღმა იმზირებოდნენ. შესაბამისად, აპოლონი მისნობის ღვთაებაც იყო. იგი მფარველობდა ნათელმხილველებს, მომღერლებს, პოეტებს, რომელთაც „აპოლონის შვილებს“ უწოდებდნენ. თავად კი დიდებულად ფლობდა ბერძნულ სიმებიან საკრავზე, კითარაზე, დაკვრის ხელოვნებას. აპოლონი, როგორც პოეზიისა და მუსიკის ღვთაება, მუზათა წინამძღოლად, ანუ მუსაგეტესად ითვლებოდა. მუზები, ზევსისა და მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები, ჰელიკონის ან პარნასოსის მთაზე იკრიბებოდნენ. დროდადრო ოლიმპოსზეც იწვევდა ხოლმე აპოლონი მუზათა დასს. მაშინ ღვთაებრივი სიმღერით მონუსხულ ღმერთებს ავიწყდებოდათ მტრობა და შუღლი. სიმშვიდე ისადგურებდა უკვდავთა სამყოფელში. აპოლონს მეუღლე არ ჰყავდა, თუმცა სიყვარულის გრძნობა ხშირად დაუფლებია. მას მშვენიერმა ნიმფებმა და მოკვდავმა ქალებმა მრავალი შვილი გაუჩინეს: თესალიელ ნიმფა კირენეს მისგან შეეძინა არისტეოსი, მუზებს – თალიასა და ურანიას აპოლონმა ჩაუსახა ლინოსი და ორფევსი. ცნობილი მკურნალი ასკლეპიოსი კი, ლაპით ფლეგიოსის ასულის, კორონისის ძე იყო.

სწორედ ამ ასკლეპიოსის გამო განარისხა აპოლონმა ზევსი. იმიტომ რომ მკურნალმა ასკლეპიოსმა დაიწყო მიცვალებულთა გაცოცხლება, რითაც დაარღვია სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, ზევსმა იგი ელვით განგმირა. შეურაცხყოფილმა აპოლონმა კი ამოხოცა კიკლოპები – ცალთვალა გოლიათები. განრისხებულ ზევსს სურდა სამუდამოდ ჩაეგდო ტარტაროსში სინათლის ღვთაება, მაგრამ შეიბრალა ლეტო, რომელმაც სთხოვა, დაენდო მათი ღვთაებრივი ძე. ღმერთთა და კაცთა განმგებელმა სასჯელი შეუმსუბუქა აპოლონს – თესალიაში გაგზავნა და მეფე ადმეტოსსთან სამსახური უბრძანა.

აპოლონი მთელი წელი მწყემსავდა სამეფო ნახირს, ხოლო ადმეტოსი მას დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდა, რაც დაუფასდა კიდეც: აპოლონი მიეხმარა მას, ცოლად შეერთო მშვენიერი ალკესტისი.

აპოლონის სახელთან კიდევ მრავალი მითოსია დაკავშირებული. მათ შორის აღსანიშნავია: ბრძოლა გიგანტებთან, ნოიბეს შვილთა დაღუპვა, ტროას ომში მონაწილეობა, ჰერმესის ძღვენი, მარსიასი, კასანდრას დასჯა, ნიმფა დაფნეს შეყვარება, ტროას კედლის აშენება და სხვა.

ბერძნული რელიგიის განვითარებასთან ერთად აპოლონის კულტმა შთანთქა ჰელიოსის კულტი. მზე – აპოლონის სხივები იგივე იყო, რაც მისი ოქროს ისრები, რითაც „შორსმტყორცნელი“ ღვთაება გმირავდა მტერს. ამგვარად, აპოლონი იქცა „მეისრედ“, მებრძოლ ღმერთად. მისი კულტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატიის წარმომადგენელთა შორის, რომლებიც მასში ჭვრეტდნენ კეთილკანონიერების მფარველ ღვთაებას. სახვით ხელოვნებაში აპოლონი ახალგაზრდობისა და მამაკაცური სილამაზის იდეალად ითვლება. მას წარმოსახავდნენ, ოქროსფერი კულულებით, მსუბუქად რომ ეფინებოდა ბეჭებზე, შიშველს, ხან კი ზურგს უკან გადაგდებული ქლამისით (მოსასხამით), მხრებზე კაპარჭით, ხელში მშვილდით. მუზათა დასში აპოლონი კითარით ხელშია წარმოდგენილი, გრძელი სამოსით, დაფნის გვირგვინით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველად დაფნის გვირგვინით ამკობდნენ გამარჯვებულ პოეტებს. ამ ტრადიციამ საუკუნეები გამოიარა. დაფნის გვირგვინით წარმოსახეს აღორძინების ხანის დიდი პოეტი პეტრარკაც. ამ ტრადიციას გულისხმობს აგრეთვე სიტყვა „ლაურეატი“ („ლაურუს“ ლათინურად ნიშნავს დაფნას).

აპოლონს თაყვანს სცემდნენ რომშიც. აქაურ რელიგიასა და მითოლოგიაში მან ერთ-ერთი პირველი ადგილი დაისაკუთრა. პალატიუმის ბორცვზე აშენებული აპოლონის ტაძარი უმდიდრესი და უდიადესი იყო რომში.

თანამედროვე ევროპაში აპოლონი წესრიგის, ჰარმონიის, მშვენიერებისა და გონიერების სიმბოლოდ იქცა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ნიცშეს თეორიაში ბერძნული კულტურის ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის თაობაზე. როდესაც საუბრობენ ბერძნული კულტურის „აპოლონურ საწყისზე“ მხედველობაში აქვთ მისი რაციონალური, სიბრძნისმიერი ძირები.

სკოპასის, ლეოქარესის, პრაქსიტელესის მიერ შესრულებულმა აპოლონის ქანდაკებებმა ჩვენამდე მოაღწიეს რომაული ასლების სახით. მათ შორის აღმატებულად გამოირჩევიან: აპოლონ ბელვედერელი, ინახება ვატიკანში, აპოლონი ხვლიკით (აპოლონ სავროქტონოსი), დაცულია რომში, აპოლონი კითარით და სხვა. აპოლონთან დაკავშირებული მითები აისახა გვიანი ხანის მხატვართა (რაფაელი, ტინტორეტო, რუბენსი, პუსენი, დელაკრუა და სხვა) და კომპოზიტორთა (ბახი, მოცარტი, გლუკი, სტრავინსკი და სხვა) ქმნილებებში. მას ხშირად მოიხსენიებენ პოეტები თავის ლექსებში (პუშკინი, ბაირონი, ცვეტაევა, ფეტი და სხვა).

 
ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს
ჰომეროსის გადმოგვცემით („ოდისეა“ XI), ალოევსის ძეებს ოტოსს და ეფიალტეს გოლიათური სხეული ჰქონდათ. მათ მოისურვეს ზეცაზე ასვლა, მაგრამ შორსმსროლელმა აპოლონმა ორივე განგმირა მალი ისრებით.
წყარო: ბიბლიოვიკი აპოლონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9