A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აფე აფი აფო აფრ აფს

აფროდიტე

ბერძნ.
ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მას აიგივებენ ვენუსთან. აფროდიტე ერთობ პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟია ანტიკურ მწერლობაში. მის სახელს მრავალი ამბავი უკავშირდება.

აფროდიტეს დაბადების ორი ვერსია არსებობს. ჰომეროსის გადმოცემის თანახმად, იგი ზევსისა და ოკეანიდ დიონეს ასულია. სხვა, უფრო გავრცელებული ვერსიით, მისი წარმოშობა უკავშირდება ურანოსს: როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითერას. არ მოეწონა სიმცირის გამო და დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. აქ სიხარულით შეეგებნენ მას დროთა ღვთაება ჰორები და დიდებული ოქსინოთი შემოსეს. თმები შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან.

მისი მშვენებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ. მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო ლამაზად იფურჩქნებიან. უსიერ ტყეთა სიღრმეებიდან გამორბიან ცხოველები და გარს ეხვევიან. ტკბილი გალობით თავს დასტრიალებენ ფრთოსანთა გუნდები. აფროდიტეს თან მიჰყვებიან წელიწადის დროთა ცვლის მეუფე ჰორები, მომხიბლავი ქარიტები, დარწმუნების ღვთაება პეითო, ცელქი ბიჭუნა ეროსი, ქორწინების მფარველი ჰიმენეოსი და სხვა მარადიული ძალები.

აფროდიტეს წელს უმშვენებს ჯადოსნური სარტყელი, რომელშიც ჩაქსოვილია სიყვარული, ვნება, ტრფობის ჩურჩული, გრძნობის გამხელა, მაცდური სიტყვა და ყველა ხიბლი. ის, ვინც წელზე შემოიკრავს ამ სარტყელს, უმალ ივსება მომხიბლაობის ჯადო-ძალით.

ზევსმა უმშვენიერესი აფროდიტე მიათხოვა ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთს, კოჭლ ჰეფესტოს.

მეცნიერებაში არ არის სრული თანხმობა აფროდიტეს კულტის წარმომავლობის თაობაზე. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ იგი წარმოადგენდა სიყვარულის ძველი სემიტური ღვთაების, იშტარ-ასტარტეს, ბერძნულ ვარიანტს და ელინურ პანთეონში მისი შემოსვლა პოსტმიკენური ეპოქით უნდა განსაზღვრულიყო. მაგრამ ამ მოსაზრებას აბრკოლებს ის, რომ სიყვარულის ღვთაების ცნობილ სამკვიდრებელში, პაფოსზე, აღმოჩენილია ძვ.წ. XII საუკუნის ნაგებობა, რომელიც მის კულტს უკავშირდება. ასე ადრე კი ფინიკიური და სემიტური გავლენის დაშვება არ უნდა იყოს რეალური.

რამდენადაც აფროდიტეს წარმოშობა ზღვას უკავშირდება, ეპითეტებიც შესაბამისი დაეძებნება: პონტია (ზღვისა), ლიმენია (ნავსაყუდლისა), ანადიომენე (ზღვიდან ამომავალი). ყოველივე ეს კი მიგვითითებს იმაზე, რომ შესაძლოა, თავდაპირველად იგი ზღვის ღვთაება ყოფილიყო და მხოლოდ ოლიმპიურ რელიგიაში შეეძინა სიყვარულის ქალღმერთის ფუნქცია. კლასიკური პერიოდის ფილოსოფოსები ერთმანეთისგან განასხვავებდნენ აფროდიტე პანდემოსსა (უხეში, ვნებიანი სიყვარულის ღვთაება) და აფროდიტე ურანიას (ამაღლებული სიყვარულის ღვთაება). შესაბამისად, მას მრავალი მითი დაუკავშირდა, სადაც აისახა სიყვარულის ქალღმერთის ეს ორმხრივი ხასიათი.

„ოდისეაში“ ცნობილი მომღერალი დემოდოკოსი მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოჭედა ჰეფესტომ „უხილავი მახე“, რომელშიც გააბა აფროდიტე და არესი სიყვარულის სარეცელზე. ამ სასიყვარულო კავშირის შედეგად დაიბადნენ: ჰარმონია, ეროსი, ანტეროსი, ფობოსი და დეიმოსი. აფროდიტეს ჰერმესისგანაც ჰყავდა ვაჟი სახელად ჰერმაფროდიტოსი. აფროდიტეს შეუყვარდა მოკვდავი ანქისესი, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი ენეასი, რომაელთა ლეგენდარული წინაპარი. მისი საყვარელი იყო ფინიკიელი ჭაბუკი ადონისიც.

მრავალი მითი აფროდიტეს შეყვარებულთა მფარველ ღვთაებადაც წარმოგვიდგენს. იგი მკაცრად სჯის მათ, ვინც სიყვარულის ძალას უარყოფს. ასე დასაჯა მან სიკვდილით ჰიპოლიტოსი, ნარკისოსი (ანუ ნარცისი,). ხოლო ჰიპსიფილესა და სხვა ლემნოსელ ქალებს საშინელი სიმყრალე შეჰყარა. აფროდიტე მოწყალეა მათ მიმართ, ვინც მის ძალას სცნობს და ადიდებს (პიგმალიონი).

აფროდიტეს კულტს არ ჰქონია ორგიასტული ხასიათი, თუმცა მას მთელს საბერძნეთში სცემდნენ თაყვანს. კულტის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი იყო კუნძული კვიპროსი, სადაც დაივანა ქაფიდან შობილმა ქალღმერთმა. აქ, ქალაქ პაფოსში მდებარეობდა აფროდიტეს სახელობის ტაძარი, რომელსაც საერთობერძნული მნიშვნელობა ენიჭებოდა. აფროდიტეს კულტის მეორე ცენტრად ითვლებოდა კუნძული კითერა. სწორედ ამ ადგილების მიხედვით უწოდებდნენ სიყვარულის ღვთაებას პაფიას, კიპრისს, კითერეას.

ტოტემიზმის კულტის ნიშნები აფროდიტეს კულტში გამოვლინდა იმით, რომ მას, როგორც ზღვის ღვთაებას, ეძღვნებოდა დელფინი. ხოლო როგორც ნაყოფიერების ღვთაებას – მტრედი, ბეღურა, კურდღელი. სიყვარულისა და ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთის მცენარეებად ასახელებენ: ვარდს, ყაყაჩოს, ვაშლსა და მირტას.

ანტიკური ხანის ხელოვნებაში აფროდიტეს წარმოსახავდნენ უმშვენიერეს ქალად, არქაულსა და კლასიკურ პერიოდებში – შემოსილს, ხოლო ძვ.წ. IV საუკუნიდან – ნახევრად შიშველს ან შიშველს. განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობდა პრაქსიტელესის ქანდაკება, რომლის 50 ასლია ცნობილი (მათ შორისაა ერმიტაჟის „აფროდიტე ტავროსელი“). შემონახულია აფროდიტეს ქანდაკების ორიგინალები ელინისტური პერიოდისა. მათგან საქვეყნო აღიარება მოიპოვა აფროდიტე მილოსელმა, რომელიც ლუვრშია დაცული. აფროდიტეს გამოსახულება ხშირად გვხვდება ლარნაკებზე და ფრესკებზე. მას ხშირად წარმოსახავენ მომდევნო ხანის მხატვრებიც (პუსენი, ტიეპოლო, ბოტიჩელი, ტორვალდსენი, მაიოლი და სხვა).

 
ტროას ომში ეხმარებოდა ტროელებს
სინონიმი: ციური (ეპითეტი)
წყარო: ბიბლიოვიკი აფროდიტე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9