A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ ჰეჯ

ჰერა

ბერძნ.
ღმერთების დედოფალი. უზენაესი ღვთაების, ზევსის მეუღლე. კრონოსისა და რეას ასული. ქორწინებათა მფარველი ქალღმერთი.

რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია იუნო.

ჰერა წინაბერძნული ღვთაებაა. მის სახელს ჯერ კიდევ მიკენურ ეპოქაში მოიხსენიებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბერძნულ პანთეონში იგი საკმაოდ ადრე დამკვიდრდა. ოლიმპიური მითოსის თანახმად, ჰერა კრონოსისა და რეას უფროსი ქალიშვილია. იგი სხვა შვილებთან ერთად გადაყლაპა მამამ, რომელსაც უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარი ნაშიერი წაართმევდა სამეფო სკიპტრას. როდესაც ფარულად აღზრდილმა ზევსმა დაამხო კრონოსი, კვლავ მზის ნათელს დაუბრუნა თავისი და-ძმანი, მათ შორის ჰერაც, რომელიც რეამ ტიტანთა ბრძოლის დაწყებამდე გადამალა თავის მშობლებთან. ქვეყნიერების დასალიერში, ჭაღარა ოკეანოსთან და ტეთისთან იზრდებოდა ჰერა სიწყნარესა და სიმშვიდეში. ერთხელ ზევსი ოკეანოსის სამფლობელოში სეირნობდა. მან თვალი მოჰკრა თუ არა მშვენიერ ჰერას, მოეწონა და ალერსი მოუწადინა. ჰერა გაექცა. მაშინ ზევსმა ხერხს მიმართა: ჭრელ გუგულად გარდაისახა და ხის ჩრდილში დასასვენებლად ჩამომჯდარ ქალწულს მიუახლოვდა. ჰერას ფრინველი მოეწონა, ხელში აიყვანა და ნაზად მიიკრა მკერდზე. არ დააყოვნა ზევსმა, უმალ მიიღო თავისი ჭეშმარიტი სახე და ქალწული დაიმორჩილა. ასე გახდა ჰერა მისი მეუღლე.

ღმერთებმა ღირსეულად იზეიმეს მათი ქორწილი. ირისმა და ქარიტებმა ცისარტყელას ფერებით გასხივოსნებული მდიდრული სამოსით დაამშვენეს დედოფალი. ჰერას ზეციური გვირგვინიდან საკვირველი კულულები ეშვებოდა, მშვიდი სიდიადის სხივს აფრქვევდნენ მისი თვალები და როდესაც იგი უკვდავთა და მოკვდავთა დიდი მეუფის გვერდით დაბრძანდა ოქროს ტახტზე, ოლიმპოსის ღმერთების დასში თვალს იტაცებდა არნახული მშვენიერებით. ყოველმა ღმერთმა დიდებული საჩუქარი უბოძა ახალ მბრძანებელს. დედამიწის ქალღმერთმა გეამ ჰერას უძღვნა თავისი წიაღიდან აღმოცენებული მარადიული სიჭაბუკის მიმნიჭებელი ოქროს ვაშლებით დახუნძლული საკვირველი ხე, რომელიც ქვეყნიერების დასავლეთ სამანთან, ჰესპერიდების ბაღში ხარობდა. დიდმა ათენამ ჰერას უბოძა საკუთარი ხელით ნაქსოვი დიდებული ბიალონი, რომელსაც ჰერა მაშინ მოისხამს, როდესაც ზევსის ცდუნებას დააპირებს. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. ახლა კი ზეიმობდნენ ღმერთები. მთელი სამყარო ადიდებდა მეუფე ზევსს და მის უმშვენიერეს მეუღლეს.

მას შემდეგ მეფობს მაღალ ოლიმპოსზე დიადი ჰერა. მისი ბრძანებით ფარავენ ცას მრუმე ღრუბლები, მისი ბრძანებით მრისხანებენ და მშვიდდებიან ქარტეხილები. ჰერა ისეთივე უფლებამოსილი იყო ოლიმპოსზე, როგორც ზევსი. იგიც ზევსივით განაგებდა ქარიშხლებსა და ადამიანებს უგზავნიდა წვიმას, მათთვის მოჰყავდა მოსავალი. ჰერა ქალთა მოწყალე და შემწყნარებელი ღვთაებაც იყო. ქორწინების დღეს ქალწულები მას მიმართავდნენ ლოცვითა და ვედრებით. იგი ზრუნავდა დედებზე და იფარავდა ქვრივებს. ჰერას მთავარი ფუნქცია ქორწინებათა მფარველობა იყო. ამიტომ იგი ცნობილი იყო ეპითეტით „ჰერა გამელია“. „გამელიონი“ იყო ქორწინების თვე (ანტიკური კალენდრის მეშვიდე თვე – იანვრის მეორე და თებერვლის პირველი ნახევარი). ამ დროს იმართებოდა დიდი დღესასწაული მსხვერპლთა შეწირვით.

ზევსსა და ჰერას გაუჩნდათ შვილები – არესი, ჰეფესტო და ჰებე. ზოგიერთი გადმოცემით, მათი ასული იყო ილითიიაც. ჰერა მკაცრი და ეჭვიანი ქალღმერთიც იყო. იგი გამუდმებით სდევნიდა ზევსის საყვარელ ქალებს (იო, სემელე, კალისტო, ლეტო), სძულდა ჰერაკლე და ზევსის ყველა უკანონო შვილი. ტროას ომის დროს ჰერა მუდამ აქაველთა მოწყალე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ტროელმა პარისმა ოქროს ვაშლი მას არ არგუნა.

და მაინც, ჰერა ბერძენთა უსაყვარლესი ქალღმერთი იყო. არგოსში, ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა მისი პატივსადები უდიდესი ზეიმი, რომელსაც ჰერაიები ეწოდებოდა. ჰერას თითქმის ყოველ ქალაქში ჰქონდა ტაძარი ან საკურთხეველი. მას წარმოსახავდნენ მაღალ და ამაყ, დიდებული სილამაზის ქალბატონად. ასე გამოაქანდაკა იგი სახელოვანმა პოლიკლეტესმა. მისი ოქროსა და სპილოს ძვლისგან ნაკეთი გამოსახულება იდგა არგოსის ტაძარში: ქალღმერთი იჯდა ოქროს ტახტზე. ცალ ხელში ეკავა ბროწეული, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხოლო მეორეში – კვერთხი, რომელზეც იჯდა მისი ფრთოსანი გუგული. ჰერას ფრინველად ითვლებოდა ფარშევანგიც.

ჰერას ტაძრებს ჰერაიონებს უწოდებდნენ. შედარებით ცნობილი ჰერაიონები აღმოჩენილა ოლიმპიასა და კუნძულ სამოსზე.

 
ტროას ომში ეხმარებოდა აქაველებს
წყარო: ბიბლიოვიკი ჰერა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9