A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – II

კანთოსს კლიტიოსი და იფიტე მოჰყვნენ, ქალაქ ექალიის (კ. ევბეაში) მბრძანებლები, მრისხანე ევრიტეს ვაჟები, ევრიტესი, რომელსაც შორსმსროლელმა აპოლონმა მშვილდი უბოძა. ვერ გამოიყენა ევრიტემ ეს ჯილდო, რადგან ამ მშვილდითვე შეედავა საჩუქრის მომცემს. თავხედ ევრიტეს აპოლონმა სიცოცხლე მოუსპო.

ამათ შემდეგ ეაკიდებიც მოვიდნენ, ოღონდ, ერთად და ერთი ადგილიდან არ მოსულან აქ. კუნძულ ეგინიდან ლტოლვილნი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად შემოაკვდათ საკუთარი ძმა ფოკე. ტელამონი სალამინზე ცხოვრობდა, პელევსი კი ძმისაგან მოშორებით სახლობდა ქ. ფთიაში (თესალია).

კეკროპიიდან სალაშქროდ მოვიდნენ ბრწყინვალე ტელეონის მამაცი ძე ბუტე და მშვენიერშუბოსანი ფალერე. ფალერე მამამისმა ალკონემ გამოაგზავნა. მას სხვა შვილები არა ჰყავდა, სიბერის ჟამს რომ ბურჯად ამოსდგომოდნენ; თუმცა ფილერე მოხუცის ერთადერთი ნუგეში იყო, ალკონემ მაინც გამოისტუმრა, რათა გამორჩეულიყო გაბედულ გმირებში იგი.

ერეხთევსის ბრწყინვალე ნაშიერს – თეზევსს შავი ბორკილი ჰკრავდა მაშინ პირითუსთან ერთად ტენარეს მიწისქვეშეთში. აი ეს ვაჟკაცებიც რომ ყოფილიყვნენ ლაშქარში, ადვილად დაუდებდნენ საზღვარს გმირების შრომას!

აგნიას ძე ტიფისმა, რომელმაც იცოდა წინასწარ გამოცნობა იმისა, თუ როდის აღელდებოდა უსაზღვრო ზღვა, ან როდის ამოვარდებოდა ქარიშხალი და გამოცდილი იყო მზისა და ვარსკვლავების მეშვეობით სანაოსნო ამინდის გამოცნობაშიც, დატოვა თესპიეს სიფეელი (ანუ ბეოტიელი) ხალხი. თვითონ ტრიტონიდმა ათენამ (ათენას ეპითეტი) წააქეზა იგი, გმირთა ლაშქარს შეერთებოდა. ამრიგად მოვიდა ვაჟკაცების სანუკვარი ტიფისი. ქალღმერთმა ათენამვე ააგო მალი ხომალდი. მასთან ერთად ხომალდს არესტორიდი არგოსი აშენებდა. ამიტომაც სჯობდა ეს ხომალდი ყველა სხვას, რომელსაც კი გამოუცდია თავისი ხოფის ძალა ზღვაში.

შემდეგ ფლიასი მოვიდა ლაშქრად პელოპონესის ჩრდ. ნაწილში მდებარე ქალაქ არეთირეედან. მდიდრულად ცხოვრობდა იგი აქ – აზოპეს წყაროებთან, თავისი მამის ვენახისა და ღვინის კულტურის ღვთაების დიონისეს გადაწყვეტილებით.

არგოსიდან მოვიდნენ ბოასის ძენი: ტალაე, არეიოსი და მამაცი ლეოდოკე. ისინი წარმოშვა ნელევსის ასულმა პერომ, რომლის გამო მძიმე ტანჯვა გადაიტანა ეოლიდმა მელამპუსმა იფიკლეს თავლებში.

ჩვენ ვიცით, რომ არც იაზონის სანუკვარ ჰერაკლეს უთქვამს უარი მის მოწოდებაზე. გმირთა შეკრების ხმა მან მაშინ ისმინა, როცა, ის-ის იყო, არკადიიდან ლირკეის არგოსში მიემართებოდა. აქ მას ცოცხლად მიჰყავდა ველური ტახი, ლამპიის ტყეებში რომ ცხოვრობდა ერიმანთოსის (მთა არკადიაში) დიდ ჭაობთან. საბელით შებორკილი მხეცი ჰერაკლემ მიკენელთა მოედანზე ჩამოიღო განიერ ბეჭებიდან, თვითონ კი, თავისი სურვილით, სალაშქროდ წამოვიდა ისე, რომ ევრისთევსს არ გააგებინა. მას მოჰყვა ჰილასიც, სანდო მეგზური, ახლად დავაჟკაცებული, ისრების მატარებელი და ჰერაკლეს მშვილდის მცველი.

მათ შემდეგ მოვიდა ღვთაებრივი დანაეს მოდგმა ნავპლიოსი. იგი ნავბოლიდი კლიტენეოსის ძე იყო, ნავბოლე კი ლერნეს ვაჟი იყო, ხოლო ლერნე, როგორც ვიცით, ნავპლიადმა პრეტემ წარმოშვა. დანაეს ასული ქალწული ამიმონე ოდესღაც პოსეიდონს შეეუღლა და შვა ნავპლიოსი, რომელიც ნაოსნობაში მრავალსა სჯობდა.

არგოსელ ვაჟკაცთაგან ყველაზე ბოლოს იდმონი მოვიდა. ფრინველებზე მისნობის წყალობით მან იცოდა, რომ აშკარა სიკვდილი მოელოდა, მაგრამ ხალხს რომ არ გაეკიცხა მამაცობის მოდუნებისათვის, მაინც შეუერთდა ლაშქარს. სახელოვან ეოლიდებში მირიცხული იდმონი აბასის ნამდვილი შვილი არ იყო. იგი თვით აპოლონმა შვა. მანვე ასწავლა მისნობა, ფრინველებზე მკითხაობა და ცეცხლზე დადებულ მსხვერპლზე წინასწარმეტყველება.

ეტოლიელმა ლედამ მძლე პოლიდევკე და მხედრობაში გაწაფული ფეხმარდი კასტორი სპარტიდან გამოაგზავნა. სახელოვანი ტყუპები – ერთი სამშობიარო ტკივილით დაჰბადა ლედამ ტინდარეოსის სასახლეში. იგი ენდობოდა ლაშქრად წასულებს, რადგან ზევსის ღირსეულ სარეცელზე იყვნენ გაჩენილნი.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9