A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – III

აფარეტიადები – ლინკევსი და ამაყი იდასი ქ. არენედან გამოემართნენ. ორივეს სწამდა თავისი უზომო ღონე. ლინკევსი ბასრი თვალებით იყო აღჭურვილი და, თუ შეიძლება ადამიანი ხმებს ენდოს, ამ ვაჟკაცს ადვილად შეეძლო განეჭვრიტა მიწისქვეშეთიც. აღგზნებული იყო სალაშქროდ ღვთაებრივი ნელევსის უფროსი ძე პერიკლიმენე პილოსელიც. პოსეიდონმა მას უსაზღვრო ძლიერება მიანიჭა. ასე რომ ბრძოლის ყოველგვარი სახის არჩევა შეეძლო.

ალეოსის ორი ვაჟი, ამფიდამასი და კეფევსი, ტეგეეში და აფიდანტის ნაწილში რომ ცხოვრობდნენ, არკადიიდან მოვიდნენ. მათ მოჰყვა ანკევსიც. იგი ამფიდამასის და კეფევსის უფროსმა ძმამ, მისმა მამამ ლიკურგემ გამოაყოლა ძმებს. თვითონ კი სიბერეში შესულ ალეოსთან დარჩა ქალაქში, რათა მამაზე ეზრუნა. მენალეს მთის დათვის ტყავით შემოსილი მოდიოდა ანკევსი. მარჯვენა ხელში ორპირი დიდი ცული ეპყრა და ღონივრად არხევდა. მას ხომ სხვა იარაღი ბეღელში დაუმალა პაპა ალვეოსმა და ცდილობდა არ გაეშვა სალაშქროდ იგი.

აქვე წამოვიდა ავგიეც, რომელზედაც ხმა დადიოდა, მზის ღმერთ ჰელიოსის შვილი არისო. ქონებით გაამაყებული ავგიე ელიდის ხალხზე მბრძანებლობდა. მას ძლიერი სურვილი ჰქონდა ეხილა კოლხეთის მხარე და კოლხების მეფე აიეტიც.

ჰიპერესიოსის ვაჟები, ასტერიოსი და ამფიონი, აქაიის (მხარე ჩრდ. პელოპონესში) პელენედან მოვიდნენ. ეს ქალაქი ოდესღაც მათმა პაპამ პელემ ააშენა ზღვისპირად მდებარე გორაკზე.

მათ შემდეგ, დატოვა რა ტენარეს კონცხი, ევფემე გამოცხადდა. ევფემე ფეხმარდობით გამოირჩეოდა ვაჟკაცებში იგი პოსეიდონს ღონიერი ტიტიოსის ასულმა ევროპამ შესძინა. ეს მამაცი ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღებზე ისე დარბოდა, რომ მარდ ფეხებს წყალში არ სძირავდა და დასველებული ტერფებით მიჰქროდა ტენიან გზაზე.

პოსეიდონის ორი სხვა ვაჟიც მოვიდა, ერთმა, სახელად ერგინემ, ბრწყინვალე ქალაქი მილეტი დატოვა, ხოლო მეორემ – მამაცმა ანკევსმა კ. პართენიე (კ. სამოსი) სადაც იმბრასიელი ჰერას განსასვენებელი იყო. ორივე ამაყობდა იმით, რომ გამოცდილი იყვნენ ნაოსნობაშიაც და ომშიც.

მათ შემდეგ ეტოლიის ქალაქ კალიდონიდან გამოემართა ენევსის მამაცი ვაჟი მელეაგრე. მას ლაოკოონიც მოჰყვა, ენევსის ძმა, მაგრამ ისინი ერთი დედისანი არა ყოფილან; ლაოკოონი მხევალმა ქალმა შვა. ის სიბერეში იყო უკვე შესული და ენევსმა შვილის მზრუნველად გამოისტუმრა მხოლოდ. ასე შეუერთდა გმირების მამაცურ ლაშქარს ჯერ კიდევ ყრმა მელეაგრე. ჩემი ფიქრით, კალიდონში დარჩენილ მელეაგრეს ერთი წელიც რომ დაეყოვნებინა ეტოლიელებში, მასზე უკეთესი ვერავინ მოვიდოდა სალაშქროდ ჰერაკლეს გარდა. ლაშქრად მომავალ მელეაგრეს მისი ბიძა შუბთა ტყორცნაში და ხელჩართულ ბრძოლაში გამობრძმედილი თესტიადი იფიკლეც მოჰყვა.

მერე ოლენელი ლერნეს შვილი პალემონოსიც გამოჩნდა. ის ლერნეს ძედ იწოდებოდა, თორემ ჭეშმარიტად თითონ ჰეფესტოს ვაჟი იყო. ამიტომაც კოჭლობდა, მაგრამ მისი სხეულის ნაკლის დაცინვას ან მამაცობაში გაკიცხვას ვერავინ გაუბედავდა. პალემონიოსი მამაც გმირთა იმ წყებას ეკუთვნოდა, რომელსაც იაზონისათვის სახელი და დიდება უნდა მოეტანა.

ფოკიდელებიდან გამოემართა ორნიტიდ ნავბოლეს ძე იფიტე. ერთხელ, როდესაც იაზონი პითონში (სამისნო დელფოსი) მიდიოდა მომავალი ნაოსნობის შესახებ წინასწარმეტყველების გასაგებად, იფიტემ იგი თავის სახლში მიიწვია სტუმრად.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9