ჰიფსიპილემ სასწრაფოდ მოიწვია ლემნოსელი ქალები ქალაქის მოედანზე და როცა ყველანი შეიკრიბნენ, მათ ასე მიმართა: „ჩემო მეგობრებო, მოდით და საპატიო საჩუქრები გავუგზავნოთ ვაჟკაცებს; ისეთი საჩუქრები, რაც ხომალდის მპყრობელთ შეეფერება; მივუძღვნათ მათ სურსათი და ტკბილი ღვინო, რაიც ალბათ სჭირდებათ; ქალაქში კი ნუ შემოუშვებთ მათ; დაე, ქალაქის ზღუდეებს გარეთ შეისვენონ. ისინი რომ აქ მოვიდნენ სურსათის საძებრად, ხომ ყველაფერს გაიგებენ? ჩვენ ხომ დიდი ცოდვა გვაქვს ჩადენილი; მყისვე დაირხევა ხმა ჩვენი ბოროტმოქმედების შესახებ და თუ მათ ეს გაიგეს, სრულიადაც არ ესიამოვნებათ. ასეთია ჩემი განზრახვა, ხოლო თუ ვინმე თქვენგანს უკეთესი რამ შეუძლია თქვას, დაე, წამოდგეს და განაცხადოს! ამისათვის მოგიწვიეთ ხომ აქ“. ასე სთქვა ჰისფსიპილემ და თავისი მამის ქვის სავარძელში ჩაჯდა. შემდეგ ჰიფსიპილეს საყვარელი ძიძა, მოხუცი პოლუქსო წამოდგა სალაპარაკოდ; უღონო ფეხებზე ძლივს დგებოდა და ჯოხს ეყრდნობოდა. მის გარშემო ოთხი ქერათმიანი ხელუხლებელი ქალწული ჩამოჯდა; პოლუქსო მოედნის შუაგულში ჩადგა, კუზიანმა მოხუცმა კისერი ძლივს ასწია და ასე სთქვა: „გავუგზავნოთ უცხოელებს საჩუქრები, როგორც ჰიფსიპილეს სურს. ეს კარგია, მაგრამ, ერთი მითხარით, როგორ დაიცავთ თქვენს სიცოცხლეს, თუ თავს დაგესხათ თრაკიელთა ან სხვა რომელიმე მტრის ჯარი? ხომ შეიძლება ამ ლაშქარივით მოულოდნელად მტერი გვეწვიოს? განა ეს ხშირად არ ხდება? ვთქვათ და, ნეტარ ღმერთთაგან ვინმემ ეს საფრთხე თავიდან აგაცილათ, განა მომავალში მტრის თავდასხმაზე უფრო საზარელი და ურიცხვი ტანჯვა არ მოგელით? როცა ლემნოსელ მოხუც ქალებს სიკვდილი გაიტაცებს და თქვენ, ახალგაზრდები, უქმარშვილოდ ზარდამცემ სიბერეს მიაღწევთ, მაშინ როგორღა იცხოვრებთ, უბედურნო! განა თავისთავად შეებმიან გუთანში ხარები, თავისთავად გააპობენ მიწას და წლის დასასრულს ყანას მოგიმკიან? რაც შემეხება მე, როგორც ხედავთ, ყოვლისშემძლე კერებმა95 დღემდე მომიყვანეს და ვგონებ, აწ კი, ჩქარა მივიღებ წესისამებრ სამარხ პატივს და მიწას ვესტუმრები, სანამ ეს საზარელი დღე დადგებოდეს. ახალგაზრდებო, გირჩევთ, კარგად მოიფიქროთ ეს ყველაფერი! ბედი, ხომ ხედავთ, თქვენ ხელთ არის, თუ ამ უცხოელებს მიანდობთ თქვენს სახლ-კარს, თქვენს ყოველივე სიკეთეს და ბრწყინვალე ქალაქზე მზრუნველობას!“ სიხარულის კიჟინი მორთეს ქალებმა, ისე მოეწონათ პოლუქსოს სიტყვა. მყისვე წამოდგა სავარძლიდან ჰიფსიპილე. „რაკიღა ყველას მოგეწონათ პოლუქსოს აზრი, – მიმართა მან ქალებს, – ახლავე გავაგზავნი ჩემს მაცნეს ხომალდისაკენ“, და იქვე მყოფ შიკრიკს – იფინოეს შეესიტყვა: „გასწი, იფინოე, ლაშქრის წინამძღოლთან და გადაეცი, მოვიდეს ჩემს სასახლეში, რათა შევატყობინოთ ჩვენი ქალების საამური გადაწყვეტილება. დანარჩენებსაც სთხოვე, თუ კი მოისურვებენ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოვიდნენ ქალაქში!“ ჰიფსიპილემ კრება დაშალა, სავარძელი დატოვა და სასახლისაკენ გაემართა. იფინოე კი მინიადებთან მივიდა. არგონავტები გარს შემოერტყნენ მას და ჰკითხეს მოსვლის მიზეზი. იფინოემ მათ სხაპასხუპით მიუგო: „თოანტის ასულმა ჰიფსიპილემ გამომაგზავნა, რათა მასთან მივიპატიჟო, ხომალდის წინამძღოლი ვინც არის. მას ჰიფსიპილემ უნდა გადასცეს თავისი ხალხის საამური გადაწყვეტილება და დანარჩენებსაც გთხოვათ, თუ კი მოისურვებთ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოხვიდეთ ქალაქში!“ აღტაცებით მიეგებნენ ვაჟკაცები იფინოეს ტკბილ მიპატიჟებას და იფიქრეს, ლემნოსის მეფე თოანტი გარდაცვლილა და მის მაგიერობას თოანტის ერთადერთი ასული ჰიფსიპილე, ეწევაო. მყისვე დაიყოლიეს იაზონი დედოფალთან წასვლაზე და თვითონაც მოემზადნენ.
იაზონმა მხრებზე ტრიტონიდი ქალღმერთის ათენას ნახელავი მეწამული ორმაგი საბურავი წამოისხა და ბალთებით შეიკრა. ეს მოსასხამი მას ათენა-პალადამ (ეპითეტი) უბოძა, როცა ქალღმერთი ხომალდ არგოს უგებდა იაზონს. აღმომავალ მზეს უფრო ადვილად გაუშტერებდი კაცი თვალს, ვიდრე ამ მოსასხამის ბრწყინვალებას. ფონი მას წითელი ჰქონდა, ძოწეულისფრად შემოელებულ კიდეებზე კი დიდი ხელოვნებით იყო გამოსახული სხვადასხვა სურათი. ერთ ადგილას ამოქარგული იყო ის, თუ როგორ აკეთებდნენ კიკლოპები ღვთაებრივ საქმეს, ყოვლისშემძლე ზევსს რომ მეხს უმზადებდნენ. თვალისმომჭრელი მეხი უკვე მზად იყო. ერთი სხივი აკლდა მხოლოდ და ციკლოპები იმასაც სჭედდნენ რკინის უროებით მოგიზგიზე ცეცხლის ელვარე ალში. შემდეგ გამოსახული იყო აზოპეს ასულის ანტიოპეს ორი ვაჟი, ამფიონი და ძეთე. მათ წინ ჯერ კიდევ კედელგაუმაგრებელი ქალაქი თებე აღმართულიყო. ძმები საძირკველს უყრიდნენ კედელს. ძეთეს მხრებით მოჰქონდა ცაში აზიდული მთის მწვერვალის მსგავსი ლოდი და მისი სიმძიმის ქვეშ იზნიქებოდა, მას ამფიონი მოჰყვებოდა უკან, ოქროს ფორმინგს აწკრიალებდა და მის ჟღერას ძეთეს ლოდზე ორგზის დიდი კლდე მოსდევდა. ამის მიყოლებით ამოქარგული იყო სქელკულულება კითერია (ანუ აფროდიტე). მას ხელთ არესის (ომის ღმერთი) მსუბუქი ფარი ეპყრა. ქალღმერთს ქიტონის (წამოსასხამი) ბალთა გახსნილი ჰქონდა, მარცხენა იდაყვი და ძუძუ გამოსჩენოდა და ძუძუს გამოსახულება ფარზეც იყო აღბეჭდილი. შემდეგ გამოსახული იყო მწვანითმოსილი საძოვარი. ელექტრიონის შვილები ამ მდელოზე გააფთრებით იგერიებდნენ ნახირის გასატაცებლად მოსულ ტაფიელ ტელებოებს. ცვარიანი მდელო მათი სისხლით ირწყვებოდა, მაგრამ დასძლიეს ავაზაკებმა მცირერიცხოვანი მწყემსები. მერე ორი საბრძოლო ეტლი იყო მოსასხამზე ამოქარგული. ეტლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სისწრაფეში. ერთზე პელოფსი იჯდა და ხელთ აღვირი ეპყრა. გვერდით მას ჰიპოდამია მოესვა. პელოფსის ეტლის უკან მირტილე მოაჭენებდა ცხენებს და ლამობდა პელოფსს დასწეოდა. მირტილეს ეტლზე ენომაოსი იდგა, ხელში შუბი შეემართა და პელოფსის ზურგის განგმირვას ცდილობდა. მაგრამ აი, ეტლს ღერძი გაუტყდა და ენომაოსი მიწას დაენარცხა. ამის შემდეგ გამოსახული იყო. აპოლონფებე, ჯერ კიდევ ყრმა. იგი ისარს გაბედულად ესროდა გოლიათ ტიტიოსს, რომელიც აპოლონის დედას მოსასხამში ჩასჭიდებოდა და მიათრევდა. ეს ტიტიოსი ღვთაებრივმა ელარემ შვა, ხოლო შემდეგში გეამ გამოჰკვება და ხელახლა წარმოშვა. დასასრულ, იაზონის მოსასხამზე მინიადი ფრიქსე იყო გამოსახული. იგი სმენად გადაქცეულიყო და ვერძს შესცქეროდა, რომელიც თითქოს სალაპარაკოდ ემზადებოდა. ამას რომ შეხედავდი კაცი, განცვიფრდებოდი და იმ იმედით, რომ ვერძისაგან მართლაც მოისმენდი რამეს, დიდხანს დაუწყებდი ამ სურათს ცქერას, მაგრამ მოტყუვდებოდი.