A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – XII

ბერძნ.

როგორც კი გაიგეს ლემნოსელმა ასულებმა არგონავტების განზრახვა, სწრაფად მოირბინეს ზღვისპირზე; ვით მაღალი კლდის ბუნებრივი ხვრელისაგან გამოფრენილი ფუტკრები შემოზუზუნებენ ხოლმე ცვარიან მდელოზე ლამაზ შროშანებს და მათ ტკბილ ნაყოფს სწუწნიან, ისე ლემნოსელები ეხვეოდნენ გარს ვაჟკაცებს, გულამოსკვნით ქვითინებდნენ და ნაზად ეთხოვებოდნენ თითოეულ მათგანს; თან კი ნეტარ ღმერთებს ემუდარებოდნენ, რომ ბედნიერად დაებრუნებინათ უკან არგონავტები. ჰიფსიპილეს იაზონის ხელი ეკავა ხელთ. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და სანუკვარ მიმავალ ვაჟკაცს ასე ეუბნებოდა: „რაკი გსურს აქედან წასვლა, დაე, წადი, ღმერთებიც დაგაბრუნებენ უვნებლად უკან შენი მეგობრებითურთ სანატრელი ოქროს საწმისით, მეფე პელიასს რომ უნდა მიართვა. ეს კუნძული და მამაჩემის სამეფო კვერთხი, თუკი ოდესმე მოისურვებ აქ დაბრუნებას, შენ გელოდება. ადვილად შესძლებ შენ სხვა მხარეებიდან აქ მრავალრიცხოვანი ხალხი შემოიკრიბო გარს. მაგრამ, არა, მე ვგრძნობ, რომ ეს ასე არ მოხდება; შენ არ გექნება ამის სურვილი. მე ამასა გთხოვ, ნუ დაივიწყებ ჰიფსიპილეს ნურც ლაშქრობის ჟამს და ნურც მაშინ, უკან რომ დაბრუნდები; მუდამ თანაბრად გახსოვდეს იგი. ახლა კი მითხარ, როგორ მოვიქცე, თუ ღმერთები შემეწევიან ჩვენი სიყვარულის ნაყოფის დაბადებაში?" აღტაცებულმა ეზონის ძემ მას ასე მიუგო: „ჰიფსიპილე, ნეტავი მართლაც შემეწეოდნენ ნეტარი ღმერთები ჩემი ლაშქრობის კეთილად დასრულებაში! შენ კი იცოდე, თუ ზეციური ძალები განსაცდელისაგან დამიხსნიან, მე ჩემს სამშობლოს არაფერზე არ გავცვლი, მრისხანე პელიასი თუ იქ ცხოვრების საშუალებას მომცემს. მაგრამ თუ მე აღარ მიწერია ელადას მიწაზე დაბრუნება, ეს თხოვნა შემისრულე: თუ ვაჟი შეგეძინოს, როცა წამოიზრდება, ჩემი უბედურების ნუგეშად გაუგზავნე იგი ჩემს მშობლებს პელაზგურ იოლკოსში, ცოცხლებს თუ მიუსწრო. ისინი მას თავის სახლში აღზრდიან უწყალო პელიასისაგან მოშორებით“. გამოეთხოვა თუ არა ჰიფსიპილეს, იაზონი ყველაზე უწინ ავიდა ხომალდზე. მას დანარჩენი ვაჟკაცებიც აჰყვნენ. გმირმა არგოსმა ზღვაში ჩაძირულ ლოდზე დამაგრებული ბაგირები ახსნა. არგონავტები სანიჩბეზე განლაგდნენ, გრძელი ხოფები ხელთ იპყრეს და მძლავრად სჭრიდნენ წყალს.

საღამოს, ორფევსის რჩევით, არგონავტები ატლანტის ასულის ელექტრას კუნძულს მიადგნენ, ნაპირზე გადავიდნენ და წმინდა საიდუმლოება აღასრულეს, რათა შემდეგში უშიშრად ეცურათ მრისხანე ზღვაზე. ამის შესახებ მე აღარაფერს არ ვიტყვი: დაე, იხაროს ამ კუნძულმა! იხაროს ამ საიდუმლოების აღსრულებაში წილნახვედრმა აქაურმა ღმერთებმა! ამ საიდუმლოების განცხადება წესი არ არის!43

მეორე დღეს მელასის უბეზე44 მიცურავდნენ არგონავტები; ერთის მხრივ თრაკია დაჰყურებდა მათ, მეორე მხრივ კი – კუნძული იმბროსი.45 მზის ჩასვლის ჟამს წაწვეტებულ ქერონესს46 მიადგნენ. ჩქარა სწრაფმა სამხრეთის ქარმა ნოსტოსმა დაჰქროლა; ვაჟკაცებმა იალქნები გაშალეს და ათამანტის ასულის მღელვარე სრუტეში ჰელესპონტის (დარდანელი) შეცურდნენ. ხომალდს მარჯვენა მხრიდან იდის მთაგრეხილი დასცქეროდა. საღამოს მოლაშქრეებმა რეტიონის ნაპირებს ჩაუცურეს; მერე დარდანია მოიტოვეს უკან და აბიდოსს მიადგნენ; ამათ შემდეგ აბარნიდის ქვიშოვან ნაპირს და ღვთაებრივ პიტიეას ჩაუცურეს. იმ ღამეს არგონავტებმა ბობოქარი ჰელესპონტი სრულად გაიარეს.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9