A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – XIII

ბერძნ.
პროპონტიდაში (მარმარილოს ზღვა) არის ერთი მთაგორიანი ნახევარკუნძული47 მდინარე ეზეპეს მარჯვენა მხარეს. მცირე ფრიგიის ნოყიერი ხმელეთისაგან იგი იყოფა კლდოვანი ყელით, სადაც ხომალდი კარგ საყუდარს პოულობს ხოლმე. ამ ნახევარკუნძულს ახლომახლო მცხოვრებლები დათვების მთას ეძახიან. მასზე დედამიწის ქალღმერთ გეას შმაგი და ველური შვილები ცხოვრობენ. მათი დანახვაც კი ზარის მომგვრელია იქაურ მცხოვრებთათვის. თითოეულს ამ ურჩხულთაგანს ექვს-ექვსი ხელი აქვთ. ორი მძლავრ მხრებზე ჰკიდიათ, ხოლო ოთხი კი განიერ თეძოებზე აქვთ მიმაგრებული. ამ ნახევარკუნძულის კლდოვან ყელზე და მის პირდაპირ გადაშლილ ველზე დოლიონები ცხოვრობდნენ. მათზე მეფობდა ენეასის სახელოვანი ძე კიზიკოსი. იგი ღვთაებრივი ევსორეს ასულმა ენეტემ შვა. გეას თავზარდამცემი ძეები დოლიონებს ვერაფერს აკლებდნენ პოსეიდონის წყალობით, ვინაიდან დოლიონები პოსეიდონის ნაშიერნი იყვნენ. ამ ნახევარკუნძულის მარჯვედ მისადგომ ნავსაყუდარში შემოცურდა თრაკიის ქარების შემწეობით აჩქარებული ხომალდი არგო. არგონავტებმა მესაჭე ტიფისის წინადადებით ხომალდის საღუზე ბაგირს ღუზის სანაცვლო პატარა ქვა გამოხსნეს და არტაკიეს წყაროსთან დატოვეს; სამაგიეროდ უფრო დიდი და მძიმე ლოდი აიღეს, მათ მიერ აქ დატოვებული ეს პატარა წმინდა ქვა შემდეგში ნელეიდმა მცირე აზიელმა იონიელებმა იაზონის მფარველი ქალღმერთის ათენას ტაძარში მოათავსეს. მეფე კიზიკოსი და მთელი მისი ქვეშევრდომი დოლიონები მეგობრულად მიეგებნენ არგონავტებს; ხოლო როცა გაიგეს, თუ რას წარმოადგენდა ეს ლაშქარი და ვინ იყვნენ წარმოშობით უცხოელი ვაჟკაცები, დოლიონებმა სთხოვეს მათ ხომალდი ამ საყუდარიდან გამოეყვანათ და ქალაქის ნავსადგურში ჩაეგდოთ ღუზა. არგონავტებმა აქ, ზღვისპირად, საკურთხეველი აუგეს ეკბასიოს აპოლონს და მსხვერპლის შეწირვისათვის მზადება დაიწყეს. მეფე კიზიკოსმა, ვინაიდან არგონავტებს მარაგი გამოლეული ჰქონდათ, მათ ტკბილი ღვინო და სამსხვერპლო ცხვრები მოჰგვარა. მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა რომ, თუ ოდესმე გმირ ვაჟკაცთა ღვთაებრივი ლაშქარი ეწვეოდა, ალერსიანად მიეღო და მასთან ბრძოლა არ გაემართა. ახალგაზრდა მეფეს, იაზონის მსგავსად, ეხლახან ეკოკრებოდა წვერ-ულვაში; მამობა ჯერ კიდევ არ ხვედროდა წილად, ვინაიდან მის მეუღლეს, პერკოსიელი მეროპსის მშვენიერკულულებიან ასულ კლიტეს, ამ ცოტა ხნის წინათ რომ წამოიყვანა ბრწყინვალე გამოსასყიდის წყალობით თავისი სამეფოს მახლობელი ქვეყნიდან, ჯერ კიდევ არ განეცადა სამშობიარო ტკივილები. დედოფალმა კლიტემ საპატარძლო სარეცელი მიატოვა და მეუღლესთან ერთად ზღვისპირად გამართულ ნადიმს ესწრებოდა. არგონავტები და დოლიონები ტკბილად საუბრობდნენ ერთმანეთში. მეფე კიზიკოსმა არგონავტებისაგან შეიტყო მათი ნაოსნობის მიზანი და მეფე პელიასის დავალება. არგონავტებმა კი მისგან მოისმინეს, თუ რა უბეები გააჩნია თვალუწვდენ პროპონტიდას და რა ქალაქები აკრავს მის სამეფოს. მოლაშქრეებს კიდევ სურდათ სხვა რამეც შეეტყოთ კიზიკოსისაგან, მაგრამ მან ამაზე მეტი არაფერი იცოდა. დილით მოლაშქრეთა ნაწილმა დინდიმონის მთაზე დაიწყო ასვლა, რათა აქედან თვითონვე დაეზვერათ პროპონტიდის სრუტეები. ის გზა, რომლითაც ვაჟკაცები დინდიმონზე ადიოდნენ, იაზონის გზად იწოდება. დანარჩენმა არგონავტებმა ხომალდი ბუნებრივი საყუდარიდან გამოიყვანეს და ქალაქ კიზიკოის ნავსადგურში შეაცურეს. ამ დროს ქალღმერთ გეას გოლიათი ნაშიერები დინდიმონის მთის მეორე მხრიდან ჩამოცვივდნენ და ფართო ნავსადგურის შესავალს ვეებერთელა კლდის ნახეთქები დაუშინეს. ისინი ცდილობდნენ ისე შეეპყროთ ხომალდი, ვით ბუნაგში მყოფ მხეცებს იპყრობენ ხოლმე. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ვაჟკაცებთან ერთად აქ იყო ჰერაკლე. მან მყისვე დასჭიმა რკალივით მოღუნული მშვილდი და ერთიმეორეზე მიყოლებით დასცა მიწაზე გეას შვილები. გადარჩენილებმა ხელი სტაცეს კლდის ნახეთქები და ჰერაკლეს დააყარეს. გეას ეს საზარელი ურჩხული შვილები ხომ ზევსის მეუღლემ ჰერამ გამოზარდა ჰერაკლეს წინააღმდეგ საბრძოლველად! დინდიმონზე ამსვლელი მძლე ვაჟკაცები მთის მწვერვალს ჯერ კიდევ არ მოქცეოდნენ, როცა მათ გეას ნაშიერების ძალადობა შეამჩნიეს. ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან და ურჩხულებს ისრები და შუბები დაუშინეს. ვაჟკაცებმა სულერთიანად ამოჟლიტეს გეას ძეები. ვით ცულით ახლად მოჭრილი გრძელი ხეები ყრია ხოლმე ზღვისპირზე, რათა ზღვის ტალღებმა კარგად გაჟღინთონ ისინი, ისე ეს ურჩხულები ეყარა ნავსადგურის მახლობლად. ზოგს ზღვაში ჰქონდა თავი და მკერდი ჩარგული, ფეხები კი ხმელეთზე გაეჭიმა; ზოგს კი, პირიქით, თავი ქვიშაში ჩაერგო, ფეხები კი წყალში ჩაეძირა. დახოცილი გოლიათების გვამები თევზებისა და ფრინველების ნადავლად იქცა.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9