გეას ძეების განადგურების შემდეგ ზურგის ქარმაც დაჰქროლა. არგონავტებმა ბაგირები ახსნეს და ხომალდი ზღვის ტალღებში შეაცურეს. მთელი დღის განმავლობაში წინ მიისწრაფოდა ხომალდი არგო; მაგრამ ღამით ამინდი შეიცვალა; საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ხომალდი უკან დააბრუნა. არგონავტები კვლავ სტუმართმოყვარე დოლიონების მიწაზე გადავიდნენ. ის ლოდი, რომელსაც ვაჟკაცებმა ხომალდის ბაგირი მიაბეს, წმინდა ლოდად იწოდება. ვერც ერთი მოლაშქრე ვერ მიხვდა, რომ კვლავ დოლიონების ქვეყანაში იყვნენ; ვერც დოლიონებმა იცნეს ღამით უკანდაბრუნებული არგონავტები. მათ იფიქრეს, რომ მაკრიელ ვაჟკაცთა პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო. ამიტომ დოლიონებმა იარაღი აისხეს და მათ წინააღმდეგ ხელი გამოიღეს. ვით ცეცხლი მოედება ხოლმე ხმელ ბუჩქნარს, ისე მოედვნენ არგონავტები და დოლიონები ერთმანეთს. შუბებისა და ფარების ჟღარუნით ჰაერი ივსებოდა. ზარდამცემი უბედურება დაატყდა თავს დოლიონელ ხალხს! მეფე კიზიკოსს აღარ ეწერა, რომ ბედის უკუღმართობას გაქცეოდა, რომ დაბრუნებოდა თავის სასახლეს, საქორწინო ოთახსა და სარეცელს. ეზონის სახელოვანმა ძემ მომარჯვებული შუბი პირდაპირ გულში ახალა და მკერდი შეუნგრია. კიზიკოსი ზღვის ქვიშოვან ნაპირს დაენარცხა და ბედისწერა აღასრულა. მას ხომ ვერც ერთი მოკვდავი ვერ გაექცევა! გადაულახავ ზღუდესავითაა ბედისწერა ჩვენს წინ აღმართული! კიზიკოსს ეგონა, რაკი არგონავტები მშვიდობიანად განშორდნენ, ყოველგვარი საფრთხისაგან თავისუფალი იყო, მაგრამ აი, იმავე ღამეს შეებრძოლა სწორედ მათ და ბადეშიც გაება. ბევრი მისი ქვეშევრდომი იქნა მასთან ერთად მოკლული. ჰერაკლემ ტელეკლე და მეგაბრონტე მოკლა; სფოდრისი აკასტემ განგმირა; პელევსმა ძელისსა და მამაც გეფირეს მოუსწრაფა სიცოცხლე; შუბთა ტყორცნაში გამოცდილმა ტელამონმა ბასილევსი მოკლა, იდასმა – პრომევსი, კლიტიოსმა კი ჰიაკინთეს მოუღო ბოლო; ტინდარეოსის ორმა ძემ სიცოცხლეს გამოასალმა მეგალოსაკე და ფლოგიოსი, მწემსის შვილმა მელეაგრემ კი მოკლა მამაცი იტიმონევსი და ვაჟკაცებში რჩეული არტაკე. ამ ბრძოლაში დაღუპულ ყველა გმირს დღესაც მამაცთა პატივით იხსენიებენ იქაურები. გადარჩენილმა დოლიონებმა არგონავტების მოწოლას ვეღარ გაუძლეს და ისინი ისე დაუფრთხნენ მათ, როგორც ფრთამალი მტრედები დაუფრთხებიან ხოლმე ქორებს. დოლიონები ღრიანცელით მიაწყდნენ ქალაქის ჭიშკრებს და როცა კიზიკოსის ქვეშევრდომებმა ვაჟკაცების დამარცხება გაიგეს, მყისვე გაივსო ქალაქი გლოვით და ზარით. დილით კი ორივე მხარე მიხვდა, თუ რა საზარელი და მძიმე შეცდომა მოუვიდათ. მწვავე სევდამ შეიპყრო არგონავტები, ენეასის ახალგაზრდა ძე კიზიკოსი რომ მტვერში და სისხლში ამოსვრილი დაინახეს. მთელ სამ დღეს დასტიროდნენ ისინი და დოლიონები მას; თმებს იგლეჯდნენ მწუხარებისაგან ვაჟკაცები. მეოთხე დღეს კი სპილენძის იარაღი აისხეს, სამგზის შემოურბინეს ცხედარს, შემდეგ დაკრძალეს და, როგორც წესია, გაშლილ მდელოზე სამგლოვიარო დღისთვის საჭირო სხვადასხვა შეჯიბრი მოაწყვეს. კიზიკოსის საფლავზე დღესაც კი აღმართულია ტაგრუცი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ. მეფე კიზიკოსის დაღუპვის შემდეგ, მის მეუღლეს –მშვენიერკულულებიან კლიტეს დიდხანს აღარ უცოცხლია. მან თავი ჩამოიხრჩო. იგი თვით ტყის ნიმფებმაც კი დაიტირეს და ის ცრემლები, მათ თვალთაგან რომ დაიღვარა, წყაროდ აქციეს. ამ წყაროს უბედური დედოფლის სახელის უკვდავსაყოფად კლიტე უწოდეს. სწორედ რომ საზარელი დღე დაუდგათ დოლიონებს ზევსის წყალობით. ისინი საჭმელსაც კი არ ეკარებოდნენ და მწუხარებისაგან კარგახანს პურის დაფქვაც არ მოგონებიათ. ერთადერთი მათი საკვები დაუფქვავი მარცვალი იყო. და აი, ახლაც როცა აქაური იონიელები კიზიკოსის მოსაგონებლად წმინდა ზეთს ზედაშედ დააქცევენ, სახალხო წისქვილში ხორბალსა ფქვავენ და სამსხვერპლო კვერებს აცხობენ.
ამ ამბავის შემდეგ მრისხანე ქარიშხალი ამოვარდა და თორმეტი დღისა და ღამის განმავლობაში ბობოქრობდა. არგონავტები იძულებული იყვნენ ნაოსნობა დროებით შეეწყვიტათ უკანასკნელ ღამეს, როცა ვაჟკაცებმა ძილს მისცეს თავი და ამპიკიდი მოპსე და აკასტე დარაჯად დადგნენ, მძინარე იაზონის ქერათმიან თავზე ალკუნმა გადაიფრინა და წკრიალა ხმით ქარიშხლის ჩადგომის ჟამი განაცხადა. ზღვის ალკუნის ბედნიერების მომასწავებელი ჟღურტული ფრინველთმისანმა მოპსემ გაიგო. ის ფრთოსანი კი კვლავ მოაბრუნა რომელიღაც ქალღმერთმა. ალკუნი ზევიდან დაეშვა და ხომალდის ანძაზე დაჯდა. მოპსემ მყისვე შეანჯღრია ცხვრის რბილ ტყავში გახვეული იაზონი, გააღვიძა და ასე უთხრა: „სახელოვანო ეზონიდო, ზღვის ალკუნმა, მძინარეს რომ დაგტრიალებდა თავს, ფრთოსანის ენით განაცხადა, რომ ქარიშხალი ჩადგება მაშინ, თუ შენ დინდიმონის წმინდა მწვერვალზე ახვალ და შემწეობას სთხოვ ყველა ნეტართა დედას – მშვენიერტახტოვან ქალღმერთს. ამ ქალღმერთს ემორჩილება ხომ ყველა ქარი, ზღვა, მიწისქვეშეთი, დედამიწა და ოლიმპოს თოვლიანი მწვერვალიც. როცა იგი მთებიდან უსაზღვრო ზეცაზე ადის, თვით კრონოსის დიდებული ძე ზევსი სცემს თაყვანს და სხვა უკვდავი ღმერთებიც მოწიწებით ეპყრობიან საშიშარ ქალღმერთს“. გახარებული წამოხტა იაზონი და იმედით აღივსო. მან თავისი მეგობრები გააღვიძა, ერთად შეჰკრიბა და ამპიკიდ მოპსეს წინასწარმეტყველება განუცხადა. ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა დოლიონების ნახირიდან სამსხვერპლო ხარები მორეკეს და მთის ციცაბო მწვერვალზე აიყვანეს. დანარჩენებმა წმინდა ლოდს ბაგირი გამოხსნეს და ხომალდი თრაკიის ნავსადგურში შეაცურეს. ზოგიერთი მათგანი ხომალდთან დარჩა. სხვები კი დინდიმონზე ავიდნენ. არგონავტებს თვალწინ გადაეშალათ მაკრიელთა მთები და მთელი თრაკია. აქედანვე მოჩანდა ბოსფორის დანისლული სრუტე, მიზიის მთები, მდინარე ეზეპე, გველივით რომ მიიკლაკნებოდა და ნეპეიეს ველზე გაშენებული ქალაქი ადრესტია.