A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი პირველი – XV

ბერძნ.

დინდიმონის მთა ცაში აზიდული ხეებით იყო დაფარული. არგონავტებმა მათ შორის ნახეს უკვე გამხმარი ტყიური ბებერი ვაზი. გმირებმა იგი მოჭრეს, რათა მისგან მთის ქალღმერთის წმინდა ხატი გაეკეთებინათ. ხის ქანდაკება ოსტატურად გამოაკოპიტა არესტორიდმა არგოსმა. ვაჟკაცებმა წმინდა ქანდაკება მთის მწვერვალზე მოათავსეს ცაში ატყორცნილი შეფოთლილი წიფლის ხეების ქვეშ, რომელთაც ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული. შემდეგ პატარა ქვები ოაგროვეს, საკურთხეველი აღმართეს და მუხის ფოთლებით შეამკეს. მერე მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს, თან კი ყოვლისშემძლე დედოფალს – ფრიგიის ქალღმერთს – დინდიმონელ დედას მოუწოდებდნენ. ამ ქალღმერთთან ერთად ემუდარებოდნენ ტიტიასა და კილენოსს, რომლებიც იდის მთის ნეტარი დედის თანმხლებლებად იწოდებიან კრეტის იდელ დაქტილთა57 შორის. ეს დაქტილები ოდესღაც ნიმფა ანქიალემ შვა დიქტეს მღვიმეში, ეაქსის მიწას (კ. კრეტა) რომ ჩაეჭიდა სამშობიარო ტკივილებით გამწარებული. იაზონი მუხლმოყრილი ევედრებოდა დინდიმონის ქალღმერთს, რომ დაეწყნარებინა ქარიშხალი და ცეცხლში ჩაგდებულ მსხვერპლს ზედაშეს ასხამდა. მისი მეგობრები კი იარაღასხმულნი საკურთხევლის ირგვლივ ცეკვავდნენ. ორფევსის რჩევით, ისინი მახვილებს მძლავრად ურტყამდნენ ფარებს, რათა ჩაეხშოთ ის შემაძრწუნებელი გოდება, რომელსაც ჯერ კიდევ გამოსცემდნენ მეფის საფლავზე მოტირალი დოლიონები. ამიტომაა, რომ დღესაც ფრიგიელები ქალღმერთ რეას რომბითა და ტიმპანით (ანუ დოლითა და დაფდაფით) მოუწოდებენ ხოლმე.

წმინდა მსხვერპლით მომადლიერებულმა ქალღმერთმა უსმინა ვაჟკაცებს და საოცარი სასწაულიც მოუვლინა მათ: უამრავი ნაყოფი მოისხა ხეებმა უცბად, ვაჟკაცთა ფერხთქვეშ მყისეე აღმოცენდა ნაზი ბალახი, ყვავილებით შეიმოსა დინდიმონის მწვერვალი, ტყის ნადირებმა მიატოვეს თვისი ბუნაგი და კუდის ქნევით არგონავტებთან მოვიდნენ. ამ მთაზე წყალი არ იყო; ყოვლისშემძლე ქალღმერთმა ისიც უბოძა გმირებს. საამოდ დაიჩხრიალა მწვერვალიდან ანკარა წყარომ, რომელსაც შემდეგში იქაურებმა იაზონის წყარო უწოდეს. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ არგონავტებმა ქალღმერთს ლხინი მოუწყვეს დათვების მთაზე. ტკბილი ხმით უგალობდნენ ვაჟკაცები ყოვლისშემძლე დედოფალ რეას და უზომოდ უხაროდათ ამინდის შეცვლა.

გარიჟრაჟზე არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ხოფებს დააწვნენ და დოლიონების ქვეყანა უკან მოიტოვეს. მოწმენდილი ცა, დამშვიდებული ზღვა და ზურგის ქარი ხელს უწყობდა ვაჟკაცებს, ხოფის მოსმაში რომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საამური ქარი საოცარი სისწრაფით მიაცურებდა ხომალდს. იგი ისე მიჰქროდა ზღვის ზედაპირზე, რომ თვით პოსეიდონის ფეხმარდი ცხენებიც ვერ დაეწეოდნენ (პოსეიდონი ეტლით დაჰქროდა ზღვებზე). საღამო ჟამს ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვაზე ღელვა დაიწყო. დაქანცულმა არგონავტებმა ხოფები ხელიდან გააგდეს. მხოლოდ ძლევამოსილი ჰერაკლე უსვამდა ღონივრად ხოფს და დაღლილი მეგობრები წინ მიჰყავდა. მან უკვე ჩაუცურა რინდაკის შესართავს, ეგეონის58 დიდ ტაგრუცს და სანუკვარი მიზიის გასწვრივ დაიწყო ჩავლა, რომ ჰერაკლეს უცბად ხოფი ღონიერი დაწოლის გამო შუაზე გადაუტყდა. ერთი ნატეხი გმირს შერჩა ხელში და მან იგი იქვე დააგდო, მეორე კი წყალმა წაიღო და ხმაურა ტალღებში ჩაიხვია. ძლევამოსილი ვაჟკაცი სანიჩბედან წამოდგა და თავის მეგობრებს მწუხარებით მოავლო თვალი. მისი ხელები უმოქმედობას ვერ ეგუებოდნენ.

მზე ჩავიდა. დადგა ის დრო, როცა მტვერში გასვრილი და ვახშამს დანატრებული გლეხი ყანიდან ბრუნდება ხოლმე თავის ქოხში; იგი შესასვლელთან მუხლებს მოიყრის, დაკოჟრებულ ხელებს დახედავს და ათასგზის წყევლას უგზავნის თავის მუცელს. არგონავტები ამ დროს უკვე არგანთონიონის მთის (ბითინიაში) და მდინარე კიოსის შესართავის მახლობლად მდებარე კიანეს მხარეს (მიზიის ზღვისპირა ქალაქი კიოსი) მიადგნენ. ამ მხარეში მიზიელები ცხოვრობდნენ. მშვიდობიანი განზრახვით მოსული არგონავტები მიზიელებმა სტუმართმოყვარულად მიიღეს. მისცეს მათ სურსათი, ცხვრები და ბევრი ღვინო. არგონავტებმა ლხინის მოწყობა დაიწყეს. ზოგმა ხმელი შეშა მოიტანა, ზოგმა ხის შტოები დატეხა და მდელოზე დააფინა, ზოგი კი ლხინისათვის კრატერში ღვინოს ურევდა. მალე ცეცხლიც გააჩაღეს. ღამე მოახლოვდა. არგონავტებმა ეკბასიოს აპოლონს მსხვერპლი შეწირეს. ძლევამოსილმა ჰერაკლემ ვაჟკაცებს უბრძანა ლხინი კარგად მოემზადებინათ, თვითონ კი ტყეში წავიდა სახოფე ხის საძებრად. გმირმა ალვის ხესავით აზიდული ნაძვი იპოვა. იგი ძალიან არ იყო შტოებით დალანძული. ჰერაკლემ მშვილდი და კაპარჭი მიწაზე დააწყო, ლომის ტყავის მოსასხამი მოიძრო და სპილენძით მოჭედილი კომბალი ნაძვის ხეს ღონივრად დაარტყა ძირში. ძლევამოსილმა გმირმა კომბალი ძირს დააგდო და ახლა ორივე ხელი შემოახვია ხის ტანს და ფართო მხრებითაც მიაწვა. თუმცა ხეს ძირი მეტად ღრმად ჰქონდა გადგმული, ჰერაკლემ იგი უცბად ამოგლიჯა მიწიდან თავისივე ფესვებით და მხარზე ისე აიტაცა, ვით შუა ზამთარში მრისხანე ორიონის (თანავარსკვლავედი) დაისის ჟამს მძაფრი ქარი აიტაცებს ხომალდის ანძას და მის ბაგირებს. მძლე ვაჟკაცმა შემდეგ აიღო თავისი მშვილდი, კაპარჭი, კომბალი, ტყავის მოსასხამი და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9