| | |
დილის ვარსკვლავი უკვე მთების მწვერვალთ დაადგა და ძლიერმა ზურგის ქარმა დაჰქროლა. მესაჭე ტიფისმა არგონავტებს ურჩია გამოეყენებინათ ამინდი და გზა განეგრძოთ. ისინი სასწრაფოდ ავიდნენ ხომალდზე, ღუზა ამოიღეს და ბაგირებიც ახსნეს. ზურგის ქარი ზუზუნით ეცა იალქნებს და ხომალდი წინ გააქანა. მხიარულად ჩაუცურეს არგონავტებმა პოსიდეონის კონცხს და ჩქარა აღმოსავლიდან ნათელმა ეოსმაც აღმოიბრწყინა. მან თავისი შუქი არემარეს მოჰფინა და ცვარითმოსილი მინდვრები ათასფერად ააელვარა. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ არგონავტები, რომ მათ შორის ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი აღარ იყვნენ. ვაჟკაცები აღშფოთდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ აჩქარდნენ და მოუფიქრებლად დატოვეს ნაპირზე მამაცთა შორის უმამაცესი გმირი ჰერაკლე. თავზარდაცემული იაზონი ამ დავაში არ ჩარეულა. მდუმარედ იჯდა თავისთვის იგი და მძიმე სევდას მისცემოდა. „იჯექი ახლა ეგრე მშვიდად, – შესძახა მას ბრაზმორეულმა ეაკეს ძემ – ტელამონმა; – შენი განზრახვით მოხდა ეს ყველაფერი! შენ გეშინოდა, ჰერაკლეს დიდებას არ დაეჩრდილა შენი სახელი ელადაში, თუ ღმერთები უვნებლად დაგვაბრუნებდნენ იქ! მე შენთან ლაპარაკიც აღარა მსურს; ახლავე გაგშორდებით ყველას! თქვენ ხომ ერთად მოიფიქრეთ ეს ვერაგობა!“ განრისხებულმა ტელამონმა თვალებიდან ცეცხლი დააფრქვია. იგი ტიფისს მივარდა, ხელიდან საჭე გამოსტაცა და ხომალდი უკან მოაბრუნა. არგონავტები კვლავ მიზიის ნაპირებს მიადგებოდნენ, თრაკიელი ბორეასის შვილები – ძეტე და კალაისი რომ არ აღსდგომოდნენ წინ ტელამონის განზრახვას. უბედური! მათზე სასტიკად იძია შური ჰერაკლემ იმისათვის, რომ ტელამონს დაუშალეს მისი მოძებნა. ძლევამოსილმა ჰერაკლემ ძეტე და კალაისი კუნძულ ტენოსზე (კიკლადებში) მოკლა მაშინ, როცა ისინი, მეფე პელიასის დაკრძალვის შემდეგ, უკან ბრუნდებოდნენ. დიდებულმა გმირმა მათ საფლავზე ორი სვეტი აღმართა, რომელთაგან ერთი განსაცვიფრებლად დიდია და მძლავრი ბორეასის ქროლისაგან ირხევა ხოლმე.
ხომალდზე ჰერაკლეს მიტოვების გამო ჩამოვარდნილი დავა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს არგონავტებს ღვთაებრივი ნერევსის მრავალგონიერი მისანი გლავკოსი გამოეცხადათ. გრძელი თმით შემოსილი გლავკოსი ზღვის უფსკრულიდან ამოვიდა, ხომალდის ცხვირს მძლავრად სტაცა ხელი და არგონავტებს შესძახა: „ვაჟკაცებო, რატომ გსურთ, დიადი ზევსის ნების წინააღმდეგ წაიყვანოთ მძლე ჰერაკლე აიეტის ქალაქისაკენ? ჰერაკლეს ბედით გადაწყვეტილი აქვს, არგოსში დაბრუნდეს და უწყალო ევრისთევსს ყველა თორმეტი გმირობა შეუსრულოს, შემდეგ სხვა უფრო პატარა საგმირო საქმეებიც მოახდინოს და უკვდავ ღმერთთა შორის იცხოვროს. ამიტომ მის გამო ნუღარ იდარდებთ. პოლიფემეს კი უწერია, რომ მდინარე კიოსის შესართავთან მიზიელებს ბრწყინვალე ქალაქი დაუარსოს და შემდეგ ხალიბთა უსაზღვრო მიწაზე აღასრულოს თვისი სიცოცხლე. რაც შეეხება ჰილასს, იგი ნიმფამ მოიტაცა და სიყვარულის წყალობით მეუღლედ გაიხადა. ჰილასის ძებნამ დატოვა ჰერაკლე და პოლიფემე მიზიაში!“ ასე სთქვა ზღვის მისანმა და ტალღებში ნელა-ნელა ჩაეშვა. მის ირგვლივ წყალი აქაფდა და ამოღარულ ხომალდს შეეშხეფა. გაეხარდათ ვაჟკაცებს მისნის ნათქვამი. ეაკიდი ტელამონი იაზონთან მიიჭრა, ხელი მოჰხვია და ასე უთხრა: „მე უგუნურებით შეურაცხყოფა მოგაყენე და გთხოვ, ნუ განმირისხდები. ბრაზი მომერია და იმიტომ გაკადრე თავხედური სიტყვები. დაე, ქარს გავატანოთ ძველმა მეგობრებმა ჩვენი უთანხმოება!“ ტელამონს თავის მხრივ ბრძნულად შეესიტყვა ეზონის დიდებული ძე: „ძვირფასო მეგობარო, შენ მართლაც მწვავე სიტყვებით გამომლანძღე ამ ვაჟკაცებში და ჩემთვის საყვარელი გმირის – ჰერაკლეს გამყიდველი მიწოდე, მაგრამ რაც არ უნდა შეურაცხყოფილი ვიყო, ჩემი რისხვა ადვილად ჰქრება. შენ ხომ ცხვრის ფარისა და ქონების გამო არ შემომდავებიხარ; ჩვენი საერთო მეგობრის ბედმა აგაღელვა და იმიტომ განრისხდი. ვიმედოვნებ, მეც ჰერაკლეს ბედი რომ მეწვიოს, შენ ასევე განრისხდები და დავას აუტეხ ვინმეს“. სიხარულმა აიტაცა არგონავტები, ვაჟკაცნი რომ შერიგდნენ, და უწინდებურად განლაგდნენ ხოფებთან.
ზღვის მისნის გლავკოსის წინასწარმეტყველება გამართლდა. ილატეს ძემ – პოლიფემემ მიზიელებს მდინარე კიოსის სახელის ქალაქი აუგო. ჰერაკლე კი არგოსში წავიდა და ევრისთევსს საგმირო საქმეებს უსრულებდა. არგოსში წასვლამდე ჰერაკლე მიზიელებს დაემუქრა, რომ მყისვე დაარბევდა მათ მხარეს, თუ ისინი ცოცხალს ან მკვდარ ჰილასს არ იპოვიდნენ. მიზიელებმა ჰერაკლეს მძევლად მიჰგვარეს წარჩინებულთა ბავშვები და ფიცი დაუდეს, რომ არასოდეს არ შესწყვეტდნენ ჰილასის ძებნას. ამიტომ კიანელები (მიზიელები) დღესაც ეძებენ თეოდამასის ძეს – ჰილასს და მჭიდრო კავშირი აქვთ კარგადნაგებ თესალიის ქალაქ ტრექინთან, სადაც ძლევამოსილმა ჰერაკლემ მიზიელების მიერ მძევლებად ნაბოძები ბავშვები მოათავსა. საამური ზურგქარი მძლავრად უბერავდა და ხომალდი არგო მთელი დღე და ღამე მიისწრაფოდა წინ. განთიადზე არგონავტებმა ხმელეთის მაღალი ნაპირი და მისი ვრცელი ყურე დაინახეს, ხოლო როცა მზემ თავისი პირველი სხივები დედამიწას მოჰფინა და საგზაო ქარი ჩადგა, ვაჟკაცებმა ღონივრად მოუსვეს ხოფებს და ამ ნაპირს მიადგნენ.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |