A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – I

ბერძნ.

იმ მხარეს, რომელსაც არგონავტები მიადგნენ, განაგებდა ბებრიკთა (ბითინიის ხალხი) ამაყი მეფე ამიკოსი. მას აქ სასახლე ჰქონდა და უამრავი ნახირი ჰყავდა. მოკვდავთა შორის უვერაგესი მეფე ამიკოსი გენეთლიოს პოსეიდონის და ბითინიელი ნიმფის მელიას შვილი იყო. ვერაგ ამიკოსს საზარელი წესი ჰქონდა დადგენილი იმ უცხოელებისათვის, რომლებიც მის სამფლობელოს მოადგებოდნენ. ამაყი მეფე არავის არ გაუშვებდა უკან, სანამ კრივში არ გამოიწვევდა. ბევრ უცხოელს მოუსწრაფა მან სიცოცხლე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. როგორც კი თვალი მოჰკრა ამიკოსმა ხომალდ არგოს, დაუყოვნებლივ მიიჭრა თავისი ამალით ზღვის ნაპირას, არც კი უკითხავს არგონავტებისათვის მათი ნაოსნობის მიზანი, არც ის – თუ ვინ არიან ისინი და ვაჟკაცებს მრისხანედ შეჰყვირა: „მისმინეთ, ზღვის მაწანწალებო! აი, რა უნდა იცოდეთ თქვენ: თუ ბებრიკებთან ვინმე უცხოელი მოვა, უკან ვერ გაბრუნდება ისე, თუ ჩემთან კრივში არ გამოცდის თავისი ხელების ძალას. ახლავე შეარჩიეთ თქვენს ლაშქარში ვინმე მამაცი და აქვე დამიყენეთ კრივში გამოსაცდელად. თუ ჩემს ამ წესს დაარღვევთ, დაუყოვნებლივ დაგატყდებათ თავს გლოვა და ზარი!“ ველურმა ბრაზმა აიტაცა არგონავტები, ამიკოსის თავხედური სიტყვა რომ მოისმინეს. ყველაზე მეტად პოლიდევკე განარისხა ვერაგი მეფის მუქარამ. მყისვე გამოვარდა წინ მეხთმტეხი ზევსის მამაცი ვაჟი და ბრაზმორეულად მიუგო ამიკოსს: „ხმა ჩაიკმინდე! ნუ გვაშინებ შენ შენი ძალით და ნურც ტრაბახობ. ჩვენ არ დავარღვევთ აქაურ წესს და დაუყოვნებლივ დაგიდგები კრივში მე თვითონ!“ როგორც მთაზე მონადირეებისაგან ალყაშემორტყმული და შუბით დაჭრილი ლომი დაუბრიალებს ხოლმე თვალებს თავის დამჭრელს, ისე ამიკოსმა დაუბრიალა თვალები პოლიდევკეს. ტინდარიდმა მყისვე დააგდო მიწაზე თავისი ლამაზი და ნაზი მოსასხამი, რომელიც ერთ-ერთმა ლემნოსელმა ქალმა უბოძა საჩუქრად. ამიკოსმაც თავის მხრივ სწრაფად მოიძრო ორმაგი შავი საბურავი თავის ბალთებიანად და ზეთისხილის ხისაგან გამოთლილი ხორკლებიანი კომბალი, ხელთ რომ ეპყრა, ძირს დააგდო. სწრაფად მონახეს კრივისათვის მოხერხებული ადგილი პოლიდევკემ და ამიკოსმა და თავთავიანთი მეგობრები ცალ-ცალკე იქვე ქვიშაზე დასხეს. საკრივოდ განმზადებულნი სრულებითაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც სხეულით და არც სახით. ვერაგი ამიკოსი საზარელი ტიფონისაგან გაჩენილ ურჩხულს და გეას საზიზღარ ნაშიერებს ჰგავდა, ზევსზე განრისხებულმა ქალღმერთმა რომ შვა ტიტანები)); ტინდარიდი კი ღამით მოწმენდილ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავს ედარებოდა. პოლიდევკეს – ნეტარი ზევსის ძლევამოსილ ვაჟს ახლა ეკოკრებოდა წვერულვაში თვალებში კი სიჭაბუკის ცეცხლი უელავდა, მაგრამ ღონე და მამაცობა ლომისა ჰქონდა. იგი მძლავრ ხელებს ჰაერში იქნევდა და სინჯავდა, ხომ ისეთი მარდად მოძრავნი არიან, როგორც უწინო, განუწყვეტელ ჯაფას და ნიჩბვას ხომ არ დაუმძიმებიათო ისინი. ამიკოსს ასეთი გამოცდა არ სჭირდებოდა. იგი მოშორებით იდგა. თვალები ტინდარიდისათვის მიეპყრო და მოწინააღმდეგის მკერდიდან სისხლის დაღვრის სურვილი აცახცახებდა.

ამიკოსის მსახურმა, ლიკორევსმა, მოწინააღმდეგეების ფერხთა წინ ხარის ტყავისაგან გამოჭრილი, კრივში ნაცადი და მაგარი წყვილი თასმა დააგდო. ვერაგმა ამიკოსმა ძლევამოსილ პოლიდევკეს ქედმაღლური სიტყვებით მიმართა: „აი, წილისყრის გარეშე გითმობ, აიღო ამ თასმებში, რომელიც შენ გსურს, რათა მერე ნაწყენი არ დამირჩე! აბა, სწრაფად დაიხვიე მკლავზე და როცა ჩემი მუშტის ძალას გამოცდი, სხვასაც უამბე, თუ როგორი თასმების გაკეთება ვიცი და ვითა ვარ დახელოვნებული შენისთანამამაცების სახის სისხლით შეღებვაში!“ დიდებულმა ტინდარიდმა ამიკოსს არაფერი უპასუხა; ნელა-ნელა გაიღიმა და ის თასმა, მის ფერხთა წინ რომ ეგდო, უყოყმანოდ აიღო. მასთან მოვიდნენ კასტორი და ბიანტიდი ტალაე. სასწრაფოდ შემოაკრეს მას თასმა და ბრძოლისათვის გაამხნევეს. ამიკოსს ასეთი სამსახური მისმა მსახურებმა – არეტემ და ორნიტემ გაუწიეს. უგნურებმა არ იცოდნენ, რომ ისინი უკანასკნელად აკრავდნენ ამიკოსს ამ თვალბედით თასმას. საკრივედ გამზადებულმა მებრძოლებმა მძიმე ხელები ზე აღმართეს და მყისვე მიიტანეს ერთმანეთზე იერიში. ბებრიკთა მეფე მძვინვარე ტალღასავით ეცა პოლიდევკეს. როგორც ხომალდი დაუსხლტება ხოლმე გამოცდილი მესაჭის წყალობით მრისხანე ტალღას, ისე პოლიდევკე უსხლტებოდა ხელიდან გააფთრებულ ამიკოსს, რომელიც განუწყვეტლივ ემუქრებოდა, მისდევდა და შესვენების საშუალებას არ აძლევდა. როცა ტინდარიდმა თავისი მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები აწონდაწონა, მაშინ თავდავიწყებით ეკვეთა მტერს და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება. მძლავრი მუშტების დაკვრით ისეთი ლაწუნი გაჰქონდა მათ ყბებსა და ლოყებს, როგორიც ხუროების მიერ სახომალდო ძელებზე დარტყმულ უროებს გააქვთ ხოლმე ჰაერში. პოლიდევკე და ამიკოსი კბილების კრაჭუნით ულეწავდნენ ერთმანეთს თავპირს. დაღლილობამ დროებით შეაჩერა ისინი. მოკრივენი ერთმანეთის შორიახლო დადგნენ; სულს ძლივს ითქვამდნენ და სახეზე ღვარივით ჩამოდენილ ოფლს იწმენდდნენ. შემდეგ ისევ ეკვეთნენ ერთმანეთს და ისეთი ძალით დაიწყეს ბრძოლა, როგორითაც მძლავრი ხარები იბრძვიან ხოლმე მდელოზე უშობელის გულისათვის. ვერაგი ამიკოსი ყასაბივით ცერებზე დადგა და მძლავრი მუშტი პოლიდევკეს თავზე დაუშვა, მაგრამ მან თავი დახარა, დარტყმა აიცდინა და ოდნავი დაკვრა იგრძნო მხარზე. ახლა პოლიდევკემ აღმართა მუშტი და ისეთი ძალით დაჰკრა საფეთქელზე ბებრიკთა მეფეს, რომ ძვლები დაუმსხვია. ტკივილისაგან გამწარებულმა ამიკოსმა მოხეთქილ კლდესავით მოიღო მიწაზე გრიალი და მალე სულიც განუტევა.

აღტაცებით შეხვდნენ ამ ამბავს არგონავტები და სიხარულის კიჟინი მორთეს. მეფის სიკვდილის გამო განრისხებულმა ბებრიკებმა უზარმაზარი კომბლები და შუბები მოიმარჯვეს და პოლიდევკესაკენ გაექანენ. არგონავტებმა კი ალესილი მახვილები ამოიღეს და ტინდარიდს ბურჯად ამოუდგნენ. პირველად კასტორმა დაჰკრა მახვილი ერთ-ერთ თავდამსხმელ ბებრიკს და თავი შუაზე გაუპო. შუაგაპობილი თავი მხრებზე ჩამოუგორდა ვერაგს. პოლიდევკემ კი უზარმაზარ იტიმონევსს ქუსლით დაარტყა მარდი ფეხი მკერდში და მიწაზე დაანარცხა, ხოლო მიმანტს კი, მისკენ რომ მოეშურებოდა, ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი მარცხენა წარბზე, რომ ქუთუთოც ჩამოაგლიჯა და თვალი გაუშიშვლა. ამიკოსის მსახურმა – ღონით განთქმულმა ორიდემ ბიანტის ძეს – ტალაეს ფერდში დაჰკრა მახვილი, მაგრამ ვერ მოკლა. სპილენძმა ტალაეს სარტყელი გაჰკვეთა მხოლოდ და შიგნეულს ვეღარ მიაღწია. ბებრიკმა არეტემ ევრიტეს ძლევამოსილ შვილს – იფიტეს მიაშურა და მაგარი კომბალი დაარტყა, მაგრამ იფიტე სასიკვდილოდ არ იყო განწირული, იგი გადარჩა. ძმის დასახმარებლად კლიტიოსი გამოექანა, დაეძგერა იგი არეტეს და თავისი მახვილით სიცოცხლე მოუსწრაფა. ახლა ლიკურგეს მამაცი ძე – ანკევსი დაესხა თავს ბებრიკებს. მარჯვენა ხელში მას დიდი ცული ეჭირა, მარცხენაზე კი დათვის შავი ტყავი დაეხვია და ფარად ხმარობდა. ჩქარა ეაკიდები და იაზონიც დაეხმარნენ ვაჟკაცებს და ბებრიკებს თავზარი დასცეს.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9