A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტიო ტიპ ტირ ტიტ ტიფ

ტიფონი

ბერძნ.

გეასა და ტარტაროსის უმრწემესი ძე. ურჩხული, რომელსაც დრაკონის ასი ცეცხლისმფრქვეველი თავი ება.

ტიფონი მაშინ დაიბადა, როდესაც ზევსის მომხრე ღმერთებმა დაამარცხეს ტიტანებიცა და გიგანტებიც. ისინი გეას შვილები იყვნენ და მათმა განადგურებამ განარისხა დედაღვთაება. მან განიზრახა ზევსის დასჯა. საამისოდ ტარტაროსისგან მცირე აზიის კილიკიაში შვა ურჩხული, რომლის მსგავსი ჯერ სამყაროს არ მოვლენოდა. ეს იყო ტიფონი, რომელსაც უზარმაზარ სხეულზე დრაკონის ასი თავი ება. შემზარავად ბრწყინავდნენ მისი ცეცხლისმფრქვეველი თვალები, ხოლო როდესაც პირს დააღებდა, იქიდანაც ცეცხლის ალი ამოსდიოდა. ტიფონს სხვადასხვა ხმის გამოცემის უნარი შესწევდა. შეეძლო ღმერთებივით ესაუბრა, ძაღლებივით ეყეფა, ლომებივით ეღრიალა, გველებივით ესისინა. იგი საოცარი სისწრაფით მოძრაობდა მიწაზეც და დაფრინავდა ცაშიც. როდესაც ტიფონმა ოლიმპიელებს შეუტია, მთელი სამყარო შეზანზარდა, ტარტაროსიც კი შეძრა ბრძოლის ქარცეცხლმა. მიწა შეირყა, ნაპირს მოასკდნენ აქაფებული ტალღები. ხოლო როდესაც ოლიმპოსმაც იწყო ზრიალი, დიდმა ღმერთებმა ეგვიპტეში გაქცევით უშველეს თავს. ტიფონის მზერას რომ დამალვოდნენ, თითოეული მათგანი ცხოველად გარდაისახა: ზევსი – ცხვრად, დიონისე – თხად, ჰერა – ძროხად, არტემისი – კატად, არესი – ტახად და ა.შ. მხოლოდ ათენას არ უცვლია სახე. შერცხვა ზევსს, დაიბრუნა თავისი იერი და ტიფონს მეხი სტყორცნა. არ შემდრკალა ურჩხული, შეიპყრო ზევსი და კილიკიის ერთ-ერთ მღვიმეში დაამწყვდია. ჰერმესმა და ეგიპანმა დიდი ძალისხმევით გაათავისუფლეს ტყვეობიდან მეუფე-მამა, რომელიც ეტლით აიჭრა ზეცად, ძალა მოიკრიბა და ურჩხულთან გადამწყვეტი შეტევისათვის მოემზადა. მას მხარში ამოუდგნენ მოირებიც, რომლებმაც ტიფონს ერთდღიანი ნაყოფი მიართვეს, ვითომც ძალების აღსადგენად. სინამდვილეში ამ ნაყოფმა ურჩხული დაასუსტა და როდესაც იგი ზევსს შეება, ელვის ისრებით დამეხილი, მიწად განერთხო. მითოსის თანახმად, ზევსმა იგი ტარტაროსში ჩაამწყვდია.

სხვა ვერსიით, ზევსმა ზღვის სიღრმიდან ამოგლიჯა კუნძული სიცილია, სტყორცნა ტიფონს და საზარელი ურჩხული მის ქვეშ ჩაჭეჭყა. ასე დაასრულა ტიფონმა სიცოცხლე. მაგრამ ზოგჯერ თავს წამოჰყოფს ხოლმე იგი, რათა მიწიდან დაგროვილი ცეცხლი და ლავა ამოაფრქვიოს. ადგილს, სადაც ტიფონი განისვენებს, ეტნად უხმობდნენ.

ტიფონმა შვა დამანგრეველი ძალის გრიგალები, ლერნეს ჰიდრა, ნემეას ლომი, სფინქსი, ქოფაკები – ორთროსი და კერბეროსი, არწივი, რომელიც პრომეთეს ღვიძლს უკორტნიდა და სხვა ურჩხულები.

იგი სიმბოლურად მიწისმიერ ძალთა და ვულკანურ მოვლენათა განსახიერებად მიაჩნდათ ბერძნებს. წარმოსახავდნენ უზარმაზარ ურჩხულად, რომელსაც წვერებიანი კაცის თავი ღრმად ედგა განიერ მხრებში. ზოგჯერ კაცის თავის ნაცვლად მას დრაკონის მრავალი თავი ესხა მოგრძო სხეულზე, რომელიც გველის კუდით უბოლოვდებოდა.

 
ამ სისხლისაგან იშვა ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი
წყარო: ბიბლიოვიკი ტიფონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9