A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ევა ევთ ევი ევმ ევო ევრ ევს ევფ ევქ

ევრისთევსი

ბერძნ.

მიკენის მეფის, სთენელოსისა და ნიკიპეს ძე, პერსევსის შვილიშვილი, ზევსის შვილთაშვილი.

ზევსი მალავდა ჰერასგან იმას, რომ მალე ქვეყანას უნდა მოვლენოდა მისი დიადი ძე, ჰერაკლე. როდესაც დადგა გმირის დაბადების დრო, ქალღმერთმა ჰერამ გონება დაუბინდა ზევსს, ხოლო მან გათქვა თავისი საიდუმლო. ზევსმა სიამაყით განუცხადა ღმერთებს, რომ მალე ქვეყანას მოევლინებოდა მისი ძე ჰერაკლე, რომელიც შეიქნებოდა პერსევსის სახელოვანი ქვეყნის განმგებელი. არ მოეწონა ჰერას ეს ამბავი. მან შეიპირა ზევსი, რომ მას, ვინც შებინდებამდე დაიბადებოდა პერსევსის სასახლეში, მეფედ აღიარებდნენ. როგორც კი მიიღო ზევსისაგან ურღვევი ფიცი, ჰერამ მიკენისაკენ ისწრაფა და დააჩქარა მეფე სთენელოსის მეუღლის, ნიკიპეს მშობიარობა. შემდეგ თებესკენ გაემართა, ალკმენეს კარიბჭის წინ ჩამოჯდა და მანამ არ ამშობიარა, ვიდრე არ იშვა სთენელოსის შვიდთვიანი ძე ევრისთევსი.

დელფოს ორაკულის მოწოდებით, ჰერაკლეს თორმეტი წელი უნდა ემსახურა მეფე ევრისთევსის კარზე, რათა უნებლიედ დაღვრილი სისხლისაგან განწმენდილიყო (მას ჰერამ სიგიჟე მოუვლინა, გონება დაუბნელა და შვილები დაახოცვინა). ამ ხნის მანძილზე ჰერაკლემ თორმეტი საგმირო საქმე აღასრულა. ევრისთევსმა ორი მათგანი (ლერნეს ჰიდრას მოკვლა და ავგიასის ბოსლების გაწმენდა) არ ჩაუთვალა. სურდა რა გმირის დაღუპვა, კიდევ ორი დავალება მისცა, რომლებიც აღასრულა ჰერაკლემ.

მას შემდეგ, რაც ჰერაკლე ცად აღზევდა, ევრისთევსმა დევნა დაუწყო მის დედასა და შვილებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ მიკენიდან ათენში გაქცეულიყვნენ. ევრისთევსმა ბრძოლა გამოუცხადა ათენელებს. ამ ომში დაეღუპა მას ხუთივე შვილი, თავად კი განიგმირა ჰერაკლეს ძის, ჰილოსის ხელით. ჰილოსმა ევრისთევსის მოკვეთილი თავი მიუტანა ალკმენეს, რომელმაც თვალები ამოსთხარა ამ ვერაგსა და მხდალ მეფეს.

წყარო: ბიბლიოვიკი ევრისთევსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9