A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიმ ჰინ ჰიპ ჰის ჰიტ ჰიფ

ჰიფსიპილე

კუნძულ ლემნოსის მბრძანებელი; თოასის ასული.
თოასის მეფობის ჟამს ლემნოსელი ქალები სათანადო პატივს არ მიაგებდნენ აფროდიტეს. სიყვარულის ქალღმერთმა ისინი მკაცრად დასაჯა, ისეთი სიმყრალე შეჰყარა, რომ ქმრებმა შეიძულეს თავიანთი ცოლები და მათი შეცვლა თრაკიელი ქალებით განიზრახეს. შეურაცხყოფილმა ლემნოსელმა ქალებმა მოილაპარაკეს და ერთ ღამეში ამოხოცეს მამაკაცები. ამ შემზარავ ჟლეტას გადაურჩა მხოლოდ მეფე თოასი, რომელიც ჰიფსიპილემ გააპარა კუნძულიდან.
მალე ქალებმა თავიანთ მბრძანებლად აირჩიეს მეფის ასული. როდესაც ლემნოსს არგონავტები ეწვივნენ, ქალები თავდაპირველად საბრძოლველად გაემზადნენ. ჰიფსიპილეს მოხუცმა ძიძამ, პოლიქსომ კი მათ ასეთი სიტყვით მიმართა: „აბა, დაფიქრდით, შევძლებთ თუ არა კაცების გარეშე არსებობას ან თავის დაცვას მომხდურთაგან. ჰოდა, დავრთოთ ბერძენ ვაჟკაცებს ჩვენს ქალაქში შემოსვლის ნება!“ ლემნოსელ ქალებს მოეწონათ ეს აზრი. მათ ზიზღის აღმძვრელი სუნი უკვე გაქრობოდათ და შეეძლოთ, თავდავიწყებით მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას.
არგონავტებსაც მოეწონათ მამაკაცურ ალერსს მოკლებულ ქალებთან ყოფნა და კარგა ხანი დაჰყვეს ამ კუნძულზე. იასონს შეუყვარდა კიდეც ჰიფსიპილე, რომელმაც მას ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების წასვლის შემდეგ ლემნოსელმა ქალებმა შეიტყვეს, რომ ჰიფსიპილემ მამა დაინდო და ამის გამო მისი დასჯა განიზრახეს. დედოფალი კუნძულიდან გაიქცა. გზად მიმავალი ყაჩაღებმა შეიპყრეს და ნემეას მეფე ლიკურგოსს (სხვა ვერსიით, თებეს მეფე ლიკოსს) მიჰყიდეს. ლიკურგოსმა მას თავისი ძის აღზრდა დაავალა. ერთ დღეს, როცა ყმაწვილი ჰიფსიპილესთან სეირნობდა, გველმა დაგესლა. გარისხდა მეფე ლიკურგოსი და ჰიფსიპილეს მოკვლა განიზრახა. მაგრამ სასჯელის აღსრულების დღეს ნემეაში ჩავიდნენ ჰიფსიპილეს ვაჟიშვილები და დედა სიკვდილს გადაარჩინეს (სხვა ვერსიით, იგი ამფიარაოსმა და ადრასტოსმა იხსნეს).
ჰიფსიპილე თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა ლემნოსზე და სიბერემდე იცოცხლა.
წყარო: ბიბლიოვიკი ჰიფსიპილე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9